ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მაკკეინი ამერიკის ჯარების ავღანეთში დარჩენას ემხრობა


 რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი
რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი

ამერიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ავღანეთში ამერიკულ დანაყოფებთან ერთად აღნიშნა. ქაბულში სენატორმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციამ ავღანეთის ვითარება ხელახლა უნდა შეაფასოს და სამხედრო წარმომადგენლობის ნაწილი ავღანეთში 2016 წლის შემდეგაც უნდა შეინარჩუნოს.

4 ივლისის უქმეების ავღანეთში, ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად გატარება ჯონ მაკკეინისთვის უკვე ტრადიციაა. რესპუბლიკელი სენატორი არიზონიდან და სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე წელს ჯარისკაცებს და ავღანეთის მმართველებს შეხვდა.

მაკკეინი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა იმას, რასაც თვითონ ავღანეთიდან ჯარების „კალენდრით განსაზღვრულ გამოყვანას“ უწოდებს. ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც ავღანეთის პრეზიდენტის მოწოდებას ჯარების გამოყვანის შეჩერებასთან დაკავშირებით იზიარებს.

პრეზიდენტმა ობამამ წელს ავღანეთში 10 ათასამდე სამხედრო პერსონალის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა განაცხადა, რომ ქაბულში დისლოცირებული წარმომადგენლობის შემცირებას მომავალი წლის ბოლოსთვის ისევ ემხრობა.

ქაბულში ვიზიტისას მაკკეინმა განაცხადა, რომ უსაფრთხოება ავღანეთში იცვლება და გამოწვევებთან გასამკლავებლად მხოლოდ საელჩოს შენარჩუნება საკმარისი არ არის. მისი აზრით შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში 6 ათასამდე ჯარისკაცი და ბაგრამის და კანდაარის რეგიონებში ბაზები უნდა შეინარჩუნოს.

„მათი აქ ყოფნა აუცილებელია ავღანეთის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად, ისევე როგორც აუცილებელია ჯარისკაცების შენარჩუნება თალიბანთან საბრძოლველად.“

მაკკეინის თქმით ჯარების სრულად გაყვანა რისკის ქვეშ აყენებს ამერიკის და ნატოს ძალების მიერ უკანასკნელ 15 წელიწადში მოპოვებულ მიღწევებს.

XS
SM
MD
LG