ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარგველაშვილმა პარლამენტს მოხსენებით მიმართა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს მესამე ყოველწლიური სიტყვით მიმართა. ქუთაისში, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტარებთან ერთად პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები, უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და დიპლომატური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტმა ქვეყნის შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისების და სწრაფი ეკონომიკური ზრდის საჭიროებაზე ისაუბრა. ის ასევე მიესალმა პრემიერ-მინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. პრეზიდენტმა მთავრობას სასამართლო სისტემის სწრაფი გარდაქმნისკენ მოუწოდა და საქართველოსა და რეგიონის წინაშე მიმდინარე წელს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის გამოსვლა დადებითად შეაფასა:„საინტერესო გამოსვლა იყო, ბევრი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო დასმული. ძალიან სასიხარულოა, რომ იგი მიესალმება რეფორმების ოთხპუნქტიან პროგრამას, რომელსაც მთავრობა ახორციელებს. აზრთა თანხვედრა ამ საკითხში მისასალმებელია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ინსტიტუციური დემოკრატიის მშენებლობისთვის საქართველოში კონსტიტუციურ პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ჩვენი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს სოლიდურად წარმოჩენა. კიდევ ერთხელ შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი რაც უფრო ნორმალიზებული იქნება, მით უფრო კარგი იქნება საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო იმიჯისთვის,” თქვა კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

XS
SM
MD
LG