ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ყოფილი მრჩევლის რუსული კავშირები


პოლ მანაფორტი ჟურნალისტებს ესაუბრება

ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტი აცხადებს, რომ 10 წლის წინ ალუმინის მწარმოებელ რუს მაგნატთან მრავალმილიონიანი კონტრაქტი ჰქონდა. თუმცა, მანაფორტი უარყოფს ბრალდებას, რომ ტრამპის საარჩევნო კამპანიის დროს მისი საქმიანობა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ინტერესესბის დაწინაურებას ემსახურებოდა.

გვჯერა, რომ ეს მოდელი პუტინის მთავრობას დადებით სამსახურს გაუწევს იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება სათანადო დონეზე და წარმატებისადმი შესაბამისი თავდადებით მოხდა.
ამონარიდი პოლ მანაფორტის მემორანდუმიდან

ამერიკულ მედიასთან მანაფორტმა, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიას გასული წლის მარტიდან აგვისტომდე ხელმძღვანელობდა, განაცხადა, რომ ის ოლეგ დერიპასკასთან „თითქმის 10 წლის წინ მუშაობდა და მას ბიზნეს და პერსონალურ საქმეებში წარმოადგენდა იმ ქვეყნებში, სადაც მას ინვესტიციები ჰქონდა.“ თუმცა, მან დასძინა, რომ დერიპასკასთან მუშაობის დროს, პუტინის მხარდასაჭერად „რუსეთის პოლიტიკური ინტერესების დაცვა მის საქმიანობაში არ შედიოდა.“

მანაფორტსა და დერიპასკას შორის ბიზნეს ურთიერთობის შესახებ პირველად ცნობა სააგენტო „ასოშეიტედ პრესმა“ გამოაქვეყნა. მათ 2006 წელს 10 მილიონი დოლარის ოდენობის კონტრაქტი გააფორმეს, რომელიც სავარაუდოდ, 2009 წლამდე გაგრძელდა.

„ასოშეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა პოლიტიკა შეიმუშავა, რომლის მიზანიც საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებში ანტი-რუსული ოპოზიციისთვის ხელის შეშლა იყო.

2005 წელს დერიპასკასთვის გაგზავნილ მემორანდუმში მანაფორტი ამბობს: „გვჯერა, რომ ეს მოდელი პუტინის მთავრობას დადებით სამსახურს გაუწევს იმ შემთხვევაში, თუ მისი გამოყენება სათანადო დონეზე და წარმატებისადმი შესაბამისი თავდადებით მოხდა.“ მანაფორტი აგრძელებს, რომ ის შესთავაზებს "დიდ სამსახურს, რომელიც პუტინის მთავრობის პოლიტიკის ხელახალ ფოკუსირებას მოახდენს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ.“

მას შემდეგ, რაც დერიპასკასთან მისი ურთიერთობის მანამდე უცნობი დეტალები გასაჯაროვდა, მანაფორტმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ უსამართლო კამპანია მიმდინარეობდა მისი რეპუტაციის შესალახად.

მანაფორტისა და დერიპასკას ურთიერთობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ კონგრესს ჩვენება მისცა. კომის თქმით, ბიურო აწარმოებს გამოძიებას იმის დასადგენად, იყო თუ არა ტრამპის კამპანიის წარმომადგენლებსა და რუსულ ინტერესებს შორის შეთქმულების მცდელობა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დროს. მოსმენაზე მანაფორტის სახელი 28-ჯერ ახსენეს, თუმცა კომიმ არ დააკონკრეტა იყო თუ არა მანაფორტი გამოძიების სამიზნე. დერიპასკას სახელი მოსმენაზე არავის უხსენებია.

კონგრესმენმა ადამ შიფმა, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატმა წევრმა, მოსმენაზე ტრამპის მრჩევლებსა და რუსეთს შორის დადასტურებული რამდენიმე კავშირი დაასახელა, რომლებიც როგორც საარჩევნო კამპანიის დროს, ასევე არჩევნების შემდეგ შედგა. მან დასვა შეკითხვა, იყო თუ არა ეს უბრალო დამთხვევა.

ვლადიმირ პუტინი და ოლეგ დერიპასკა
ვლადიმირ პუტინი და ოლეგ დერიპასკა

ოთხშაბათს კონგრესმენმა შიფმა ტვიტერზე შეტყობინება გამოაქვეყნა: „ნამაფორტი ოლიგარქთან მუშაობდა პუტინის ინტერესების დასაწინაურებლად და ტრამპის კამპანიის ხელმძღვანელი იყო მაშინ, როცა რუსეთმა მოპარული დოკუმეტები გამოაქვეყნა. კიდევ ერთი დამთხვევა?“

თეთრმა სახლმა რამდენჯერმე უარყო ბრალდება, რომ ტრამპის კამპანიის მაღალჩინოსნებმა მოსკოვთან პირი შეკრეს მისი დემოკრატი მეტოქის, ჰილარი კლინტონის დასამარცხებლად.

მაგრამ გამოძიების ფედერალური ბიურო და სენატის დაზვერვის კომიტეტი ერთმანეთისგან დამოუკიდებელ გამოძიებებს აწარმოებენ იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ამერიკის დაზვერვის სააგენტოების დასკვნა, რომ რუსეთი, პრეზიდენტ პუტინის ბრძანებით, ამერიკის არჩევნებში ჩაერია ტრამპისთვის გამარჯვებაში დასახმარებლად.

რუსი ჰაკერები ჰილარი კლინტონის კამპანიის მენეჯერის ჯონ პოდესტას კომპიუტერს დაესხნენ თავს და ინფორმაცია მოიპარეს. ამის შემდეგ, ნოემბრის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ვებგვერდმა „ვიკილიკსმა“ პოდესტას ათასობით იმეილი გამოაქვეყნა. ზოგიერთი იმეილებიდან გამოჩნდა, თუ როგორ ცდილობდა ზოგიერთი გავლენიანი დემოკრატი იმას, რომ პარტიის ნომინაცია ჰილარი კლინტონს და არა ბერნი სანდერსს მოეპოვებინა.

მანაფორტი ტრამპის კამპანისას მნიშვნელოვანი პერიოდის განმავლობაში მართავდა, როცა მილიარდერმა ბიზნესმენმა რთული პროცესის გავლის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის ნომინაცია მოიპოვა.

მაგრამ დირექტორი კომის ჩვენების შემდეგ, თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა შონ სპაისერმა ტრამპის კამპანიაში მანაფორტის როლი მნიშვნელოვნად დააკნინა.


სპაისერის თქმით, 67 წლის მანაფორტმა კამპანიის განმავლობაში “შეზღუდულ პერიოდში შეზღუდული როლი ითამაშა.“

მანაფორტმა ტრამპის კამპანია გასული წლის აგვისტოში მას შემდეგ დატოვა, რაც გაირკვა რომ ის უკრაინის ყოფილ, პრო-რუსულ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან მუშაობდა, რომელიც 2014 წლის კიევის მაიდნის მოვლენების შემდეგ რუსეთში გაიქცა.

XS
SM
MD
LG