ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მამუკა ბახტაძე გაეროში სიტყვით გამოვიდა


მამუკა ბახტაძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროში სიტყვით გამოვიდა, პრემიერის ადმინისტრაციის ფოტო, 27 სექტემბერი, 2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მონაწილეებს ქართულ ენაზე სიტყვით მიმართა.

მან საუბარი 27 სექტემბრის მნიშვნელობით დაიწყო და თქვა, რომ ეს ქვეყნის ისტორიაში მძიმე და ტკივილით სავსე თარიღია, რადგან სწორედ ამ დღეს დაეცა სოხუმი და ამ დღეს დაიწყო საქართველოს ისტორიული ნაწილის ოკუპაცია, რაც "უმძიმეს გამოწვევად იქცა საქართველოს ახლად აღდგენილი სახელმწიფოებრიობისათვის".

თითქმის 20-წუთიანი გამოსვლისას პრემიერმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და 2008 წლის ომის შესახებ:

"ამ სამხედრო აგრესიიდან 10 წლის შემდეგ ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია. ეთნიკური წმენდის შედეგად, საქართველოს მოსახლეობის 10 პროცენტი დღემდე დევნილობაშია, ფეხქვეშ ითელება ასობით ათასი ჩვენი მოქალაქის უფლებები. უმძიმესი და საგანგაშოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა", განაცხადა პრემიერმა.

ბახტაძემ ასევე აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია არის "უმწვავესი ხარისხის ჰუმანიტარული კატასტროფა". მისი თქმით, ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური და ადამიანის უფლებების კუთხით შექმნილი უმძიმესი პირობების გამო ოკუპაციამდელ პერიოდთან შედარებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვნად არის შემცირებული მოსახლეობის რაოდენობა.

"მავთულხლართები და სხვა ხელოვნური ბარიერები ერთმანეთს აშორებს ოჯახებს და არღვევს ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებს. საოკუპაციო ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობას სალოცავებისა და წინაპართა საფლავების მონახულების საშუალებაც კი არ ეძლევა. ჩვენს მოქალაქეებს უკრძალავენ მშობლიურ ენაზე მისცენ განათლება საკუთარ შვილებს. გრძელდება გატაცების, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის, წამების და მკვლელობის ფაქტები. ამის მსხვერპლი ბოლო ხანს გახდნენ ჩვენი მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია, 18 წლის დავით ბაშარული".

პრემიერმა ისაუბრა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზეც", რომელშიც ამ დანაშაულებათა ჩამდენი პირების გვარებია მითითებული და თქვა, რომ მათ საერთაშორისო სამართლით უნდა მოეთხოვოთ პასუხი.

მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო საზოგადოების ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.

"რუსეთი დღემდე არ ასრულებს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და 2008 წელს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ხოლო ჩვენ ეს შეთანხმება სრულად შევასრულეთ და უფრო მეტიც, ავიღეთ ძალის არგამოყენების იურიდიულად სავალდებულო პასუხისმგებლობა. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს შეუქცევად პოლიტიკას, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მივაღწიოთ კონფლიქტის დარეგულირებას", - აღნიშნა საქართველოს პრემიერმა და კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსულ მხარეს ოკუპაციის შეწყვეტისკენ.

მან ასევე განმარტა, რომ ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ურთიერთობები ჩიხიდან გამოიყვანოს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა.

"ამ ინიციატივების მიზანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფის დაძლევა და ახალი შესაძლებლობების შექმნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ ინიციატივებით ჩვენ ვიბრძვით, რომ შევაჩეროთ ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისგან დაცლის პროცესი და უზრუნველვყოთ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა. ამ ინიციატივას ჩვენ დავარქვით "ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომლის მიზანია სწორედ ის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას მივცეთ წვდომა ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე, შევუქმნათ მათ პირობები კომერციული საქმიანობისთვის, საკუთარი ოჯახების გამოკვებისა და ფიზიკური გადარჩენისთვის."

გარდა ამისა, პრემიერმა საქართველოში გატარებული ეკონომიკური, ადმინისტრაციული, სასამართლო და სხვა რეფორმების შესახებაც ისაუბრა. მამუკა ბახტაძემ გაეროს რეფორმირების საჭიროებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის უნდა გახდეს ბევრად უფრო ქმედითი ორგანიზაცია, რათა მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის კუთხით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG