ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მამანტი ზაქრაძე: უხუცესი ქართველი ნიუ-იორკიდან


ნიუ-იორკში უხუცესი ქართველი ემიგრანტი მამანტი ზაქრაძე ცხოვრობს, რომელმაც ძალიან რთული გზა გაიარა, ვიდრე გერმანიიდან შეერთებულ შტატებში ოჯახთან ერთად ჩამოვიდოდა. ის ახლა 96 წლის არის და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ აქვს. ბედისწერა და იღბალი-მამანტი ზაქრაძემ თავის ისტორია თეა თუაშვილს მოუყვა.

მამანტი ზაქრაძე, დაბადების ადგილი - სამტრედია, სოფელი გომი. ასე იწყება ნიუ-იორკში მცხოვრები უხუცესი ქართველი ემიგრანტის, 96 წლის მამანტი, იგივე მამია ზაქრაძის ბიოგრაფია. სკოლის დამთავრების შემდეგ, 19 წლის წვევამდელი სამშობლოს დასაცავად ომში საბრძოლველად გაიწვიეს. 1942 წლის ბოლოს, რამდენიმე ჯარისკაცთან ერთად გერმანიაში ტყვედ ჩავარდა. ახსოვს როგორ აწამებდნენ, აშიმშილებდნენ, მთელი ერთი კვირა საკვებთან ერთად არც წყალი მისცეს. ერთი კვირის შემდეგ კი ყოველდღიური ულუფა საბჭოთა ტყვეებისთვის ერთი მუჭა მზესუმზირა გახდა. სამწლიანი ტანჯვა ომის დამთავრებისთანავე დასრულდა. მამანტი ზაქრაძე ყვება, რომ იმ დროს გერმანიაში დარჩენა და ცხოვრება შეუძლებელი იყო. თუმცა იცოდა, რომ ტყვედ ყოფილს არც სამშობლო მიიღებდა.

მამანტი ზაქრაძე: შეუძლებელი იყო ჩემი ჩასვლა იქ. სახლში არავინ ჩამიშვებდა. ციმბირში გადამიყვანდნენ. გადამასახლებდნენ. მათთვის ჩვენ ტყვეები, სამშობლოს გამყიდველები და მოღალატეები ვიყავით.

მალე გერმანელ ქალბატონზე ირენაზე დაქორწინდა, შეეძინათ ვაჟი, ალფრედი. უკეთესი ცხოვრების მიზნით მამანტი ზაქრაძემ ოჯახთან ერთად არგენტინაში გამგზავრება გადაწყვიტა. 1950 წელს ევროპიდან ამერიკის კონტინენტზე მოხვედრის მსურველი ემიგრანტების მატარებლები სწრაფად ივსებოდა.

მამანტი ზაქრაძე: გამომიძახეს. არგენტინის ვიზა უკვე მქონდა. მივედი სადგურში და უამრავი ხალხი დამხვდა. სიის მიხედვით იძახებდნენ. ჩემი რიგი რომ მოვიდა მატარებელი უკვე სავსე იყო. მერე ვინც იყო უფროსი, ქალბატონი შემეკითხა, რატომ მიდიხარ არგენტინაშიო. სამუშაოდ-თქო. ამერიკაში რატომ არ გინდაო, ვიზა არ მაქვს-თქო. მე მოგცემო.

ნიუ-იორკში რომ ჩამოვიდა, ჯიბეში ათასი მარკა ჰქონდა, რომელიც ამერიკულ ფულზე გაცვალა და ათი დოლარის ამარა, ინგლისური ენის ცოდნის გარეშე ამერიკული ცხოვრება ისევ ქართველების დახმარებით დაიწყო. მაშინ ნიუ-იორკში მხოლოდ 50 ქართული ოჯახი ცხოვრობდა. ბინის შოვნაში როგორც მამანტი ზაქრაძე ამბობს, ქართული კოლონიის მდივანი კირილე გურგენიძე დაეხმარა, სამსახური უკვე თავად იპოვა. საბჭოთა კავშირის დაშლამდე მას ოჯახთან ურთიერთობა არ ჰქონდა. თუმცა ამერიკაში სტუმრად ჩამოსული ქალბატონის დახმარებით დედას შეატყობინეს, რომ მამანტი ცოცხალი იყო და ამერიკაში ცხოვრობდა. პირველად საქართველოში 1995 წელს ჩავიდა.

მამანტი ზაქრაძე: 75 წლის ვიყავი მაშინ. სიმართლე გითხრათ, არ მომეწონა. ცუდი ამბები ხდებოდა. ბავშვობის ადგილები ვნახე, მაგრამ ჩემხელა აღარავინ იყო.

96 წლის ემიგრანტი მამანტი ზაქრაძე ნიუ-იორკში ქვინსის რაიონში ცხოვრობს. "წნევა კარგი მაქვს, არ ვუჩივი, მხოლოდ გულის წამლებს ვსამ", ამბობს უხუცესი ემიგრანტი, რომელიც მის სახლში მისულ სტუმრებს ქართული კერძებით ისევ უმასპინძლდება.

ევა ზაქრაძე მამანტის შვილი საუბრობს: მე ნახევრად გერმანელი ვარ, თუმცა გერმანელი ნათესავები დიდად არ მიყვარს. ქართველი ვარ, აბა რა, ქართული გვარით. მიყვარს მამაჩემის მომზადებული ხმელი და მწვანე ლობიო, საცივი და ხაჭაპური.

მამანტი ზაქრაძე: ამერიკამ მომცა ცხოვრების საშუალება. ასე მე სხვაგან ვერ ვიცხოვრებდი. ვმუშაობდი, ყველა ვმუშაობდით. ახლა პენსიაზე ვარ. საშუალო ამერიკელის დონეზე ყველაფერი მქონდა.

გასული საუკუნის 50-იან წლებში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ყოველ წელს ერთად შეკრების სამი მიზეზი არსებობდა - ნინოობა, დამოუკიდებლობის მოთხოვნით 1924 წელს მომხდარი აგვისტოს აჯანყება და 26 მაისი, რომელსაც ნიუ-იორკში მცხოვრები უხუცესი ქართველი ემიგრანტი ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ემიგრანტებთან ერთად აღნიშნავს.

კომენტარების ნახვა (3)

XS
SM
MD
LG