ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მადრიდში არჩევნებია - გამოკითხვებში კოვიდ-შეზღუდვების მოწინააღმდეგე ლიდერობს


ესპანეთში რეგიონული არჩევნები იმართება. გამოკითხვების თანახმად, ქვეყნისთვის უჩვეულოდ, სამშაბათ დღეს მიმდინარე კენჭისყრის შემდეგ, შესაძლოა ესპანეთის უმდიდრეს რეგიონში ძალაუფლება კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, იზაბელ დიას აიუსომ დაუბრუნოს.

აიუსო 42 წლის პოლიტიკოსია, რომელმაც მადრიდის მცხოვრებთა მხარდაჭერა ესპანეთის მემარცხენე ხელისუფლების მკაცრი კრიტიკისა და კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო გამოსვლების შემდეგ მიიღო.

ვარაუდობენ, რომ პარტია 40%-ზე მეტს მოიპოვებს, რაც ნიშნავს, რომ ის 2019 წელს მიღებული მანდატების გაორმაგებას შეძლებს. აიუსოს კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება მხოლოდ ულტრა-მემარჯვენე პარტია "ვოქსთან" ერთად შეუძლია. თუმცა თავად მისი პარტიის გამარჯვება მნიშვნელოვნად შეცვლის ეროვნულ პარლამენტში ძალთა ბალანსს.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე დაიხურება. საარჩევნო სიაში 5 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. დღის ბოლო საათის განმავლობაში ხმის მიცემა იმ ადამიანებს შეეძლებათ, ვისაც კოვიდინფექცია სულ ცოტა ხნის წინ დაუფიქსირდა, ან ვისაც ეჭვია აქვს, რომ ინფიცირებულია. საბოლოო შედეგები სავარაუდოდ შუაღამემდე იქნება ცნობილი.

მადრიდის რეგიონში ესპანეთის 47 მილიონი მოქალაქიდან 7 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. გასული 14 დღის განმავლობაში ყოველ 100 000 მოსახლეზე აქ ინფიცირების 369 შემთხვევა ფიქსირდებოდა. ქვეყნის მასშტაბით ეს ციფრი ბევრად ნაკლები - 223-ია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG