ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ მაკედონია - ნატოს მომავალი წევრი


ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა პირველად დაიკავებს ადგილს ნატოს მაგიდასთან. ნატოს მოკავშირეებმა, ცოტა ხნის წინ, ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ოფიციალურად იწყებს ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პროცესს. ნატოს დროშა სკოპიეში მთავრობის შენობაზე პირველად აღმართეს.

სკოპიემ, სახელი ოფიციალურად 12 თებერვალს შეიცვალა. ამ ნაბიჯმა ქვეყანას გეოპოლიტიკური ცვლილებების შესაძლებლობაც მისცა. საბერძნეთი სკოპიეს ნატოში გაწევრიანებას ეწინააღმდეგებოდა, ათენი მიიჩნევდა, რომ სახელი მის რეგიონს-მაკედონიას ეკუთვნოდა და ისტორიის მისაკუთრების მცდელობა იყო. ის მაკედონიას ტერიტორიული ამბიციების ქონაში სდებდა ბრალს. ორი ქვეყანა სახელის გარშემო თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში დაობდა.

ნატოს წევრობა, უსაფრთხოების გარანტიასთან ერთად, სკოპიესთვის, ახალ შესაძლებლობებსაც აჩენს. მათ შორის, ეკონომიკური განვითარების კუთხით. ის რეფორმები, რაც ალიანსის წევრობისთვისაა საჭირო ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელია, ხოლო დასავლეთის მხრიდან მისი თავდაცვის მზაობა მის პოლიტიკურ სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„პირველ რიგში, ეს ალიანსის სხვა წევრების მხრიდან [ქვეყნისთვის] თავდაცვის გარანტიას წარმოადგენს. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი სარგებელი წევრობის. მაკედონიის წევრობას ასევე მოჰყვება ვაჭრობის და ინვესტიციების გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ ნატო არაა ეკონომიკური ორგანიზაცია, მას აქვს ეკონომიკური ეფექტი. ნატო ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის გარანტია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომელმაც შიდა დაპირისპირებები გამოიარა... ნატოს წევრობა სტაბილიზაციას ქმნის, კოსოვოს სიტუაციის და რეგიონის კონტექსტში“, - ამბობს დანიელ სერვერი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი.

მაკედონიის ნატოში გაწევრიანებას, მოსკოვი ეწინააღმდეგებოდა. კრემლის პოზიციით, ახლა უკვე ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის ალიანსში მიღება, რეგიონში არასტაბილურობას შექმნის. თუმცა სკოპიე, ალიანსში გაწევრიანებას, საკუთარი და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებად მიიჩნევს. დასავლეთში კი ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების ინტეგრაციას ხედავენ, როგორც რეგიონში არსებული ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების გადაწყვეტის საშუალებას.

“ნებისმიერი რამ, რაც დასავლეთისთვის თავისტკივილია, მოსკოვის ინტერესებშია. ვფიქრობ, ეს დასავლეთ ბალკანეთში კრემლის სტრატეგიაა. [ნატოს გაფართოება მაკედონიისთვის] მიღწევა ხოლო კრემლისთვის წარუმატებლობაა. ვფიქრობ, ის ეცდება ამ პროგრესისთვის ძირის გამოთხრას იქამდე, სანამ ქვეყანა გაწევრიანდება ნატოში და მას შემდეგა,“ - ამბობს დამირ მარუსიჩი, ატლანტიკური საბჭოს უფროსი მკვლევარი.

ის მიიჩნევს, რომ ნატოს მიერ ახალი წევრების მიღება, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, იმედის მიმცემია.

„ნატოსთვის ეს იყო დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის დასრულება, და ნაკლებად იმის ჩვენება, რომ დამატებითი გაფართოების სურვილი არსებობს, თუმცა ახალი ქვეყნის მიღების ფაქტი ნატოს ასპირანტი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, ნამდვილად იმედის მომცემია“, - ამბობს მარუსიჩი.

2017 წელს ალიანსს ყოფილი იუგოსლავიის კიდევ ერთი ქვეყანა-მონტენეგრო შეუერთდა. ამ დროისთვის, გაერთიანების წევრი ყოფილი იუგოსლავიის სამი ქვეყანაა: სლოვენია, ხორვატია და მონტენეგრო. ხოლო ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ალიანსის წევრებს შორის არიან ასევე ალბანეთი, ბულგარეთი და რუმინეთი.

ალიანსი მოელის, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ორგანიზაციაში 2020 წლისთვის გაწევრიანდება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG