ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა ელის ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს?


რა ელის ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს?
რა ელის ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს?

ბელარუსში ახლახან გამართული არჩევნების ფონზე პოლიციის მიერ საპრეზიდენტო კანდიდატების ცემა-ტყეპის აღმბეჭდავმა კადრებმა მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების შეშფოთება გამოიწვია. რა მომავალი ელის ევროპის კონტინენტზე ხელისუფლებაში ყველაზე დიდი ხნით მყოფ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს?

როგორც ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან იუწყება, დასავლელი დამკვირებლების აზრით გასულ კვირას ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები „გაყალბებული“ იყო. როგორც ცნობილია, ხსენებული არჩევნების შედეგად ბელარუსის ამჟამინდელი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მეოთხე ვადით აირჩიეს. ევროკავშირმა ბელარუსისთვის წინათ დაპირებული 4 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხის გამოყოფაზე უარი თქვა. ხოლო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ლუკანშენკოს ბელარუსის „იზოლაცია“ სურს.

ამასობაში მოსკოვი ბატონ ლუკაშენკოსგან გარკვეულ მანძილს იკავებს. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცა სიუჟეტები, რომლებშიც ნაჩვენები იყო ის თუ როგორ უსწორდებოდნენ დემონსტრანტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხელკეტებით შეიარაღებული პოლიციელები მინსკში.

საერთაშორისო თანამეგობრობაში ბატონ ლუკაშენკოს მიმართ გარკვეული ერთსულოვნება შეინიშნება, აღნიშნავენ ანალიტიკოსები. ამდენად სავსებით მოსალოდნელია, რომ ლუკაშენკო იმ ძველ ილეთს გამოიყენებს, რომლის მეოხებითაც მან პრეზიდენტის სავარძელში უკვე 16 წელი გაატარა. ანუ ლუკაშენკო ქვეყნის შიგნით პოზიციებს გაიმაგრებს და საერთაშორისო კრიტიკას გაუძლებს.

მოსკოვში მდებარე კარნეგის სახელობის ცენტრის ფილიალის ექსპერტი ალექსეი მალაშენკო აღნიშნავს, რომ როგორც კი საერთაშორისო კრიტიკა იკლებს, ლუკაშენკო ზომიერ ოპოზიციურ ძალებს თანამშრომლობას შესთავაზებს, რითაც მსოფლიოს თავის ლიბერალურ სახეს დაანახებს.

თუმცა ექსპერტების აზრით, დღევანდელ მსოფლიოში ინტერნეტის მეშვეობით მინსკში დემონსტრაციების დარბევის აღმბეჭდავი ვიდეო მასალების გავრცელების გამო ბელარუსის ლიდერის მიმართ უარყოფითი განწყობა კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ რეპრესიების შედეგად ოპოზიციის ცხრა საპრეზიდენტო კანდიდატიდან შვიდი ციხეში აღმოჩნდა. მათ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ედებათ ბრალი, რასაც გასამართლების შემთხვევაში 15-წლიანი პატიმრობის განაჩენი მოჰყვება.

ოპოზიციის შვიდი ლიდერიდან ხუთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათ შორის ანდრეი სანიკოვი აღმოჩნდა, რომელმაც ფეხის მოტეხილობა და თავისქალის არეში დაზიანება მიიღო. პოლიციამ სასტიკად ცემა ვლადიმირ ნეკლიაევიც, რომელიც საავადმყოფოში გონებადაკარგული მიიყვანეს.

პრეზიდენტმა ლუკაშენკომ მის დაპატიმრებულ მეტოქეებს საჯაროდ დასცინა.

ბელარუსის თავისუფალი თეატრის დირექტორმა ნატალია კოლიადამ აღნიშნა, რომ დემოკრატიის დამცველები აპირებენ მიმართონ ევროპელ პოლიტიკოსებს რათა მათ ბელარუსის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები აღადგინონ. სანქციების გარეშე ბელარუსის პრეზიდენტი კვლავინდებურად მიიღებს ევროპის დახმარებას დემოკრატიული რეფორმების ჩატარების ფასადის შენარჩუნების სანაცვლოდ, აღნიშნავს ბელარუსი აქტივისტი.

„სწორედ ამგვარად მოქმედებს ლუკაშენკო. იგი ხალხს აპატიმრებს, ხოლო შემდეგ კი ევროკავშირს შემდეგ პირობას სთავაზობს, ‘მომეცით სესხები და მე მათ გავათავისუფლებ,’“ აღნიშნა ნატალია კოლიადამ.

ბელარუსიდან სამშაბათს გაქცეული კოლიადა აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სახალხო მღელვარება გაგრძელდება. მინსკში სხვა დემონსტრანტებთან პატიმრობაში ყოფნისას იგი დემოკრატიის დამცველი აქტივისტების ახალ თაობას შეხვდა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ რუსეთიდან სუბსიდიების შემცირებისა და საპრეზიდენტო არჩევნებზე გაღებული დანახარჯების ფონზე ბელარუსში ეკონომიკური მდგომარეობა ახლო მომავალში მკვეთრად გაუარესდება.

ვასილი უხიალიორი კამპანია „სამართლიანი არჩევნებისთვის 2010“-ის კოორდინატორია. უხიალიორი აღნიშნავს, რომ ხალხის განწყობა ბელარუსში აშკარად შეიცვალა. მოსახლეობას არ სჯერა, რომ ლუკაშენკომ პრეზიდენტის სავარძელში დასარჩენად საჭირო ხმების 50 პროცენტი მოიპოვა. მას მიაჩნია, რომ გაზაფხულზე სახალხო გამოსვლები გახშირდება.

ირლანდიელი პოლიტიკური მეცნიერი დონაკა ო’ბეაჩაინი სახალხო გამოსვლების შედეგად ყოფილი საბჭოთა კავშირის ზოგიერთ რესპუბლიკაში ავტორიტარული რეჟიმების დამხობაში კარგად ერკვევა.

„მოვლენების შემდგომმა ესკალაციამ რასაკვირველია შეიძლება რეჟიმის დამხობაც გამოიწვიოს. ეს ხომ სხვა პოსტ-საბჭოურ ქვეყნებშიც მოხდა. მაგრამ ვფიქრობ ბელარუსში ამჟამად არ არსებობს ის პირობები, რომელიც თავის დროზე ჩვენ საქართველოსა თუ ყირგიზეთში შევნიშნეთ,“ დასძინა ირლანდიელმა მეცნიერმა.

ო’ბეაჩაინის თქმით, ბელარუსის ეკონომიკის ლომის წილი კვლავინდებურად სახელმწიფოს ეკუთვნის, რაც პრეზიდენტს ქვეყნის 9.5-მილიონიან მოსახლეობაზე მნიშვნელოვანი კონტროლის დაწესების უფლებას აძლევს.

თუ ბელარუსის 56 წლის პრეზიდენტს ჯანრმთელობამ არ უმტყუნა, პოტენციურად ლუკაშენკოს მართვა შეიძლება 21 წელიწადს გაგრძელდეს, აღნიშნავენ ანალიტიკოსები.

XS
SM
MD
LG