ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა ლონდონის ადგილის დასაკავებლად


ბრიტანეთმა ბრიუსელს უკვე ოფიციალურად მიმართა ევროკავშირის დატოვების მოთხოვნით. რომელი ევროპული ქალაქი დაიკავებს ლონდონის ადგილს მსოფლიოს ფინანსურ რუკაზე - ამჟამად დისკუსიებისა და ვნებათაღელვის მთავარი თემა სწორედ სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობების ბედია.ფინანსისტები ერთიანი სავაჭრო სივრცის დატოვებისა და შესაძლო შედეგების გამო შეშფოთებულნი არიან. შიშობენ, რომ ლონდონი ევროპის ფინანსური ცენტრის ფუნქციას დაკარგავს. მით უმეტეს, რომ სხვა დასავლური და აზიური ქალაქები ამ პროცესისგან სარგებელს ელიან.

ლონდონის მერმა სადიქ ხანმა გასულ კვირას ბრექსიტს კიდევ ერთხელ უწოდა სამწუხარო მოვლენა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირთან ურთიერთობის დასრულებას სულაც არ ნიშნავს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ავირჩიეთ ევროკავშირის დატოვება, ჩვენ არ ვწყვეტთ მოკავშირეობასა და მეგობრობას“ - განაცხადა ხანმა.

თუმცა მეგობრობას მეტოქეობაც დაემატება. მაგალითად პარიზი, ერთ-ერტია იმ ევროპულ ქალაქებს შორის, რომლებიც ლონდონის, როგორც ევროპული ფინანსური ცენტრის გვირგვინს ეპოტინებიან. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების შემდეგ ბრიტანული კომპანიების მიერ ევროპაში საქმიანობის დანახარჯები გაიზრდება.

მსოფლიოს მასშტაბით ფინანსური სერვისების პროფესიონალების 6-თვიანი კვლევის - გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის წამყვანი ავტორი მარკ იანდლი ამბობს, რომ ბოლო მონაცემებით, ლონდონი თავის ადგილს ინარჩუნებს, თუმცა მისი მაჩვენებლები მაინც შემცირებულია, ბრექსიტის პარალელურად არსებული გაურკვევლობის გამო.

„ზოგიერთი პროფესიონალი ცენტრალური ევროპისკენ გადაინაცვლებს. თუმცა მასობრივ გადინებას და ლონდონის ფინანსური ფუნქციებისგან დაცლას მაინც არ ვვარაუდობთ. ეს ასე არ ხდება, რომ ლონდონი უცებ გაქრეს დედამიწიდან, უმაღლესი დონის ბანკების სათავო ოფისები სწორედ აქაა განთავსებული“, - ამბობს იანდლი.

მისივე განმარტებით, სხვა ევროპულ ქალაქებს გაუჭირდებათ მაშინვე ჩაანაცვლონ ლონდონი, რადგან მათ ამჟამად არ აქვთ ამდენად გამართული ფინანსური ინფრასტრუქტურა, კულტურა და ადამიანური რესურსები. ლონდონის უახლოესი ევროპული მეტოქე ლუქსემბურგია, რომელიც გლობალური ფინანსური ცენტრების ინდექსის მე-18 ადგილზეა. შემდეგია 23-ე ადგილზე მყოფი ფრანკფურტი - გერმანიის ეკონომიკური ჰაბი და ევროპის ცენტრალური ბანკის სათავო ოფისის ადგილი.

ერიკ მენესი, ფრანკფურტის რეინმანის საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენელი კი ამბობს, რომ ფრანკფურტი ლონდონის ჩასანაცვლებლად სავსებით მზადაა:
„ჩვენ ადგილზე გვაქვს ყველა საერთაშორისო სკოლა, საკმარისი საოფისე სივრცეები, ასე რომ, ვფიქრობ მზად ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ ბანკირების შედარებით დიდი კონტინგენტი ფრანკფურტში გადმოინაცვლებს.“

თუმცა ამავე დროს პარიზიც ცდილობს დაამტკიცოს, რომ პროფესიონალების მისაზიდად საკმარისი რესურსი აქვს. მაგალითად, HSBC ბრიტანეთის უდიდესი ბანკი, აპირებს, რომ 2019 წლისთვის 1000-მდე სამუშაო ადგილი ლონდონიდან პარიზში გადიტანოს.

PARIS EUROPLACE-ის აღმასრულებელი დირექტორი არნოლდ დე ბრესონი

ამბობს, რომ განსხვავება პარიზსა და ფრანკფურტს შორის ისაა, რომ მათი კლიენტებისთვის, პარიზი დიდი კომპანიების ქალაქია, როგორც ფრანგული ისე გლობალური კომპანიების ადგილი, რომლებიც ბაზარზე ძალიან აქტიურები არიან.

თუმცა ევროპული მეტოქეობის კვალდაკვალ ბრექსიტის შედეგები შეიძლება აზიის სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის აღმოჩნდეს სასარგებლო.

„სინგაპური ფინანსური ცენტრების ინდექსის მაჩვენებლებით, რიგით მესამეა. მეოთხე ადგილს კი ჰონგ კონგი იკავებს, ისინი ისტორიულად ასამდე ქულით ჩამორჩებოდნენ ლონდონსა და ნიუ იორკს, ახლა კი სინგაპური მხოლოდ 20 ქულით თუ ჩამორჩება მათ“, - ამბობს მარკ იანდლი.

ნიუ იორკი კი ამ ინდექსით მეორე ადგილს ინარცუნებს, თუმცა ლონდონის მსგავსად, მისი რეიტინგიც შემცირდებულია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებისა და ახალი ადმინისტრაციის ირგვლივ არსებული გაურკვევლობების გამო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG