ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადგილობრივი თვითმმართველობები, როგორც ჩანს, მმართველი გუნდის თავის ტკივილის ერთ–ერთ მიზეზად იქცა. დეკლარირებულ სწრაფვას დეცენტრალიზაციისკენ ბზარები გაუჩნდა. ერთის მხრივ, ხელისუფლებისთვის რთულია თვითმმართველობებზე უარის თქმა, რადგან ეს ნიშნავს უარის თქმას საკუთარ არაერთხელ და მკვეთრად დაფიქსირებულ პოზიციაზე, მაგრამ მეორე მხარეს დგას პოლიტიკური ინტერესი. თუ მმართველი გუნდი ქვეყანაში თვითმმართველობებს დატოვებს, ეს შეიძლება იქცეს იმ ნაღმად, რომელზეც თავადვე აფეთქდება. ამიტომაც, ბოლო პერიოდში უფრო და უფრო ღრმავდება საუბრები თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმების შესახებ, საკრებულოებისა და მერიების თანამშრომლები ელიან გამგეობებთან შერწყმას ისე, როგორც ეს 2014 წლამდე იყო.

მმართველი გუნდი ამ საკითხზე განცხადებების გაკეთებას არ ჩქარობს. მათი მხრიდან გაჟღერებულია მხოლოდ ის, რომ ამ საკითხზე მსჯელობა დაწყებულია, თუმცა არაფერი არ გადაწყვეტილა. მრავალმნიშვნელოვანი დუმილი საკმარისი სიგნალი აღმოჩნდა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის, რომ მათ პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ მინისტრისთვის წერილობით მიემიმართათ. ისინი წერილში 7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო გაუქმებას კრიტიკულად ეხმაურებიან. განცხადებას ხელს რამდენიმე ათეული ორგანიზაცია აწერს. დღეს კი გორში, რომელიც თვითმმართველ ქალაქად 2014 წელს იქცა არასამთავრობო ორგანიზაცია „გორის საინფორმაციო ცენტრის“ ინიციატივით სპეციალური შეხვედრა გაიმართა, რომელზეც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სტატუსის გაუქმებას თვითმმართველი ქალაქებისთვის არავინ შეეგუება.

თავად გორის მერი აღნიშნულ შეკრებას არ დასწრებია. მისი მრჩეველი, შალვა ტლაშაძე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ საკუთარი ინიციატივით შეაგროვა რამდენიმე ათასი ხელმოწერა გორისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, "ამერიკის ხმასთან" ამბობს:

„პირველ რიგში, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი სამუშაო აღწერილობა, ჩემი სამუშაო სხვაა და ჩემი სამოქალაქო პოზიციები კიდევ სხვა.არანაირი რეფორმა არ მთავრდება, ტყუილია, რომ რეფორმა დამთავრდა. რეფორმა შეიძლება ყოველთვის, ნებისმიერ დროს შეიძლება განახლდეს. არავინ ამბობს იმას, რომ თვითმმართველობის რეფორმა ჩვენ დავამთავრეთ, თვითმმართველობის რეფორმას სჭირდება მუდმივი განახლება. ჩვენ ვსაუბროთ კულუარებიდან გამოსულ ინფორმაციაზე. ჯერ–ჯერობით ოფიციალური დოკუმენტი არ გვინახავს, გარდა გარკვეული თანამდებობის პირების ზოგადი განცხადებებისა, რომელზეც იგება ხოლმე სხვადასხვა თეორიები. სიღრმისეული მსჯელობა შეგვიძლია დავიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც გვექნება კონკრეტული დოკუმენტი. ამ ეტაპზე ვიცით, რომ იგეგმება ცვლილებები, მაგრამ რას გულისხმობს ეს ცვლილებები ამის შესახებ არაფერი არ ვიცით.“

მიშა ჩიტაძე, გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი "ამერიკის ხმასთან" ამბობს, რომ „ალბათ, მთავრობა ეცდება, რომ შეაერთოს მუნიციპალიტეტები, საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები ეცდებიან, რომ ეს არ დაუშვან. როგორც ვატყობთ, საკმაოდ მტკიცედ აქვს მთავრობას გადაწყვეტილი თვითმმართველობების გაუქმება. ყოველ შემთხვევაში, მათი განცხადებებიდან ასე იკვეთება. ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა იქნება წინ. მიზეზი პოლიტიკურია. ჩემი აზრით, შიში აქვს ხელისუფლებას იმის, რომ ქალაქებში თუ ცალკე ჩატარდება არჩევნები, წააგებენ. ამიტომ, შეეცდებიან, სოფლის მოსახლეობის ხარჯზე დააბალანსონ სიტუაცია ქალაქებში.“

თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის გაუქმებას ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესით ხსნის ჩვენი რესპონდენტების უმეტესობა. ეროვნული ფორუმის პოლიტიკური მდივანი და წინა მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გორიდან "ამერიკის ხმასთან" ამბობს:

„ის, რაც გაკეთდა თვითმმართველობებთან დაკავშირებით, მეტ–ნაკლებად წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რაც აღიარებულ იქნა ევროპის მთელი რიგი ორგანიზაციების მიერ. საქართველოში 2012–2016 წლის ინსტიტუციონალურ რეფორმებს შორის ყველაზე გამორჩეული გახლდათ თვითმმართველობის რეფორმა. ახლა ხდება ამ რეფორმიდან უკან დახევა. რატომ და რა მოსაზრებებით, მე მაინტერესებს უფრო მყარი არგუმენტები, ვიდრე ინფრასტურქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის, ალავიძის განცხადებაა იმის შესახებ, რომ თვითმმართველობაზე დახარჯული 40 მილიონის ოპტიმიზაცია უნდა მოხდეს. ეს არაა არგუმენტი. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ თუკი რამე ნაკლი აქვს თვითმმართველობას, ის ამოიძირკვოს და არა თავად თვითმმართველობის გაუქმებაზე.“

მინდია გოდერძიშვილის, გორის საკრებულოს დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ჩემი ღრმა რწმენით, ქართული ოცნება დარწმუნდა იმაში, რომ რეიტინგის ნასახი აღარ აქვს შერჩენილი, აქედან გამომდინარე, 14 პირი, რომელიც არჩეული უნდა იყოს რაიონში და ქალაქში, ამ რაოდენობიდან შეიძლება ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი აირჩეს, რომელიც არ იქნება დამორჩილებული და დაქვემდებარებული ქართულ ოცნებას. შესაბამისად, ატარებენ პრევენციულ ზომებს და აერთიანებენ ამ 7 ქალაქში ქალაქს და რაიონს. სავარაუდოდ კანონიც შეკოწიწდება ისე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს და დაინიშნება მარიონეტი 7 ქალაქში. ანუ, დეპუტატებისა და მერების ნაცვლად, ქართული ოცნება მიიღებს 7 გარანტირებულ მხარდამჭერ მარიონეტს ხელმძღვანელად. არავითარი ზრუნვა ხალხზე, თვითმმართველობის ღირებულებებზე და ასე შემდეგ, არ არსებობს, ეს გახლავთ ბრძოლა ხელისუფლებისთვის.“

თამარ ედიშერაშვილი მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ჩვენთან საუბრისას ამბობს: „ვერც ერთმა ხელისუფლებამ და ჩემდა გასაოცრად, ამ ახლად არჩეულმა საკონსიტუტციო უმრავლესობამაც ვერ გააცნობიერა, რომ ცენტრალიზებული მართვით ზარალდება ცენტრიც და რეგიონებიც. იმ არგუმენტაციას, რომ არ გაამართლა მოდელმა, რაც 2013 წელს გადმოგვიგდეს ვერ მივიღებთ.სინამდვილეში ეს იყო კომუნისტური ქალაქკომისა და რაიოკომის მოდელი, რაც სოფლისა და ქალაქის თვითმმართველობის განვითარებას არანაირად არ ემსახურებოდა, ეს მოდელი, რა თქმა უნდა არ გაამართლებდა. საზოგადოება, ვინც მაშინ დავთანხმდით ამ იდეას, მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდით, რომ მას უნდა მოჰყოლოდა განვითარება და არა უკან გადადგმული ნაბიჯები.“

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვევნები საქართველოში 2017 წლის შემოდგომაზე, სავარაუდოდ, ოქტომბერში ჩატარდება, თუმცა რა სახის თვითმმართველობა იქნება მოწოდებული ასარჩევად, ამის თაობაზე ჯერ–ჯერობით საზოგადოებამ არაფერი იცის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG