ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისტიური სიკვდილი ლონდონში და ურთიერთობების მომავალი


გარდაცვლილის მეუღლე მარინა და შვილი-ანატოლი ლიტვინენკო.

საქმის უფროსი გამომძიებელი აცხადებს, რომ ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის გეგმა, სავარაუდოდ, პირადად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა.

რუსეთის ჯაშუშმა ლიტვინენკომ ბრიტანეთს თავი მას შემდეგ შეაფარა, რაც მან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გააკრიტიკა და ბევრ სხვა რამესთან ერთად პედოფილი უწოდა.

ალექსანდრე ლიტვინენკოს სიკვდილთან დაკავშირებულ კითხვებს პასუხი 9 წლის შემდეგ გაეცა. ბრიტანეთის მთავრობის მიერ ჩატარებული გამოძიების დასკვნის მიხედვით, რუსეთის უშიშროების სამსახური, და რუსეთის სახელმწიფო პირდაპირაა პასუხისმგებელი ლიტვინენკოს მოწამვლაზე.

„ვასკვნი, რომ ლიტვინენკოს მკვლელობის ოპერაცია, სავარაუდოდ, ეფ-ეს-ბეს მაშინდელი მეთაურის პატრუშევის და პრეზიდენტის მიერ იყო დამტკიცებული,“ განაცხადა რობერტ ოუენმა, საგამოძიებო ჯგუფის მეთაურმა.

ლიტვინენკოს გარდაცვალებიდან დღემდე კითხვებზე პასუხების გაცემას ითხოვდა მისი ქვრივი მარინა ლიტვინენკო.

„რა თქმა უნდა მიხარია, რომ დამოუკიდებლობის და სამართლიანობის მაღალი სტანდარტის მქონე ინგლისის სასამართლომ ჩემი ქმრის უკანასკნელი სიტყვები დაადასტურა, სადაც ის მკვლელობაში ბატონ პუტინს ადანაშაულებდა,“ ამბობს მარინა ლიტვინენკო.

ეფ-სე-ბეს ჯაშუშ ლიტვინენკოს ქვეყნის დატოვება მას შემდეგ მოუხდა, რაც 1998 წელს მან პუტინის საჯაროდ გაკრიტიკება დაიწყო, პოლიტიკური თავშესაფარი მას დიდმა ბრიტანეთმა შესთავაზა.

1998 წლის აპრილში ლიტვინენკო ამბობდა:

„მივხვდი, რომ დრო დადგა. სიკვდილის არ მეშინია, არც არასდროს მეშინოდა. ასე რომ იყოს ვერ გავაკეთებდი, რასაც ვაკეთებ.“

2006 წლის ნოემბერში ლიტვინენკო სასტუმროს ბარში ორ რუს აგენტს შეხვდა, ამ შეხვედრაზე ჩაის სმის დროს ის რადიოაქტიური პოლონიუმით მოიწამლა.

რადიოაქტიური დაბინძურების და მისი გავრცელების შესაძლებლობის გამო ბრიტანელმა გამომძიებლებმა ამ საქმეს ლონდონის ცენტრში ბირთვული თავდასხმა უწოდეს.

23 დღიანი აგონიის შემდეგ ლიტვინენკო გარდაიცვალა. ლიტვინენკომ ფოტოს გადაღება მოითხოვა, როგორც მისი ცოლი ყვება, იმის საჩვენებლად თუ რა დამართა მას პუტინმა.

რუსეთის მთავრობა ლიტვინენკოს სიკვდილთან კავშირებს უარყოფს, მაგრამ ლიტვინენკოსადმი ღალატის გამო სიძულვილი არაერთხელ გამოუთქვამს. მოსკოვის მახლობლად საწვრთნელ ბაზაზე, აგენტები სამიზნედ მის ფოტოს იყენებენ.

ბრიტანეთს რუსი ოპერატიული მუშაკების ქვეყნიდან გაძევების და ლიტვინენკოს მკვლელობასთან დაკავშირებული ადამიანების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ. თუმცა ბრიტანეთს რუსეთთან მყარი ეკონომიკური კავშირები აქვს და რუსეთის ხელისუფლების დახმარების მიღებასაც ფიქრობს სირიის კონფლიქტის დასასრულებლად. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ლონდონი ამ ურთიერთობას ერთი ჯაშუშის მკვლელობისთვის არ დააზარალებს.

XS
SM
MD
LG