ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მოკლეს


რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი უკრაინის ქ. მარიუპოლის თავზე. 1 აპრილი, 2022 წ.
რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი უკრაინის ქ. მარიუპოლის თავზე. 1 აპრილი, 2022 წ.

უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლში, მანტას კვედარავისიუსი, ლიეტუველი კინოდოკუმენტალისტი მოკლეს. ის აზოვის ზღვისპირას მდებარე საპორტო ქალაქის ისტორიაზე რამდენიმე წელს მუშაობდა - აცხადებს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სააგენტო.

"მარიუპოლის დატოვების მცდელობისას, რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავისიუსი" - ნათქვამია კვირას გავრცელებულ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სააგენტო "როიტერი" აცხადებს, რომ ინფორმაციის გადამოწმების საშუალება ჯერჯერობით არ გააჩნია. თუმცა, ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა.

"დავკარგეთ შემოქმედი, რომელიც ლიეტუვაში და მთელ მსოფლიოში კარგად იყო ცნობილი, რომელიც ბოლო წამამდე, საფრთხის მიუხედავად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინაში მუშაობდა" - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

ლიეტუველი რეჟისორი წელს 46 წლის გახდებოდა. მანტას კვედარავისიუსი ცნობილი გახდა კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ უკრაინელებზე გადაღებული დოკუმენტური ფილმით "მარიუპოლელები", რომლის პრემიერაც 2016 წლის ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა.

"დღეს მარიუპოლში კამერით ხელში მყოფი მანტას კვედარავისიუსი მოკლეს, ამ ბოროტების საზიზღარ ომში, რომელიც მთელი მსოფლიოს წინააღმდეგაა მიმართული" - დაწერა დღეს "ფეისბუქზე" რუსმა კინორეჟისორმა ვიტალი მანსკიმ. ის ორგანიზატორია დოკუმენტური კინოფესტივალისა "არტდოკფესტი", რომელშიც კვედარავისიუსიც მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG