ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი "ასტრაზენეკას" ვაქცინის შეჩერების წინააღმდეგია


"მიღებული გადაწყვეტილება ვაქცინაციის სიფრთხილის მოსაზრებით შეჩერების შესახებ, ჩვენს ევროპულ პოლიტიკასთან შესაბამისობაშია" - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დღეს, როცა "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოყენების დროებით შეჩერებაზე ისაუბრა. მან იქვე აღნიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესი შესაძლოა სწრაფადვე აღდგეს, თუკი ისინი ევროკავშირის სამედიცინო რეგულატორისგან შესაბამის გზამკვლევს მიიღებენ.

ორშაბათს "ასტრაზენეკას" პროდუქტით ვაქცინაციის შეჩერების გადაწყვეტილება 70 ქვეყნიდან, სადაც მას იყენებენ, მიიღო იტალიამ, ესპანეთმა, პორტუგალიამ, სლოვენიამ და კვიპროსმა. მანამდე კი ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის და "ასტრაზენეკას" ერთობლივი ვაქცინის გამოყენების შეჩერება გადაწყდა ავსტრიაში, ლუქსემბურგში, დანიაში, ირლანდიაში, ნორვეგიაში, ბულგარეთში და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანაში.

პრობლემა ევროკავშირში ამ ვაქცინით აცრილ 17 მილიონზე მეტ ადამიანში განვითარებულ სისხლის კოლტების წარმოქმნის 37 შემთხვევაშია, რაც შესაძლოა საერთოდ არ უკავშირდებოდეს ვაქცინაციას. თუმცა, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში თვლიან, რომ ეს ინფორმაცია კიდევ ერთხელ უნდა გადამოწმდეს და დაზუსტდეს. "ასტრაზენეკას" საშუალებით კოვიდ-19-ზე მასობრივ ვაქცინაციას აგრძელებს ავსტრალია, კანადა, ბრიტანეთი და რამდენიმე ათეული სხვა ქვეყანა.

ევროკავშირის მარეგულირებელმა (EMA) ორშაბათს განაცხადა, რომ ისინი ხუთშაბათს შეიკრიბებიან, განიხილავენ ვაქცინაციის შედეგებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ოქსფორდის და "ასტრაზენეკას" ერთობლივ ვაქცინასთან დაკავშირებით. თუმცა, ევროკავშირი იქვე აცხადებს, რომ მანამდე ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ ვაქცინაციის პროცესი.

ბრიტანეთი, სადაც "ასტრაზენეკას" ვაქცინით უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანი აცრეს, ვაქცინაციის შეჩერებას არც განიხილავს. ორშაბათს ბრიტანეთის მედიკამენტების და ჯანდაცვის პროდუქტების რეგულაციის სააგენტომ (MHRA) სპეციალური განცხადება გააკეთა. "ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ ანგარიშებს, მაგრამ ვაქცინის დიდი რაოდენობით ადმინისტრირების გათვალისწინებით და თრომბის შემთხვევების განვითარების სიხშირის მიხედვით, რაც ბუნებრივად შეიძლება მოხდეს, მიღებული მტკიცებულება არ ადასტურებს, რომ ამის მიზეზი ვაქცინაა" - ამბობს ექიმი ფილ რაიანი, ბრიტანეთის მარეგულირებელი სააგენტოს ხელმძღვანელი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს დოკუმენტირებული ინფორმაცია, რომელიც "ასტრაზენეკას" ბრიტანული ვაქცინის გამოყენებას ადამიანის სიკვდილთან აკავშირებს. ორშაბათს ჯანმოს წამყვანმა მეცნიერმა სომია სვამინატანმა თქვა, რომ სისხლის შედედების და კოლტების წარმოქმნის შემთხვევები ვაქცინაციას არ უკავშირდება.

ჯანმო ამ პრობლემასთან დაკავშირებით დღეს საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს. ისინი "ასტრაზენეკას" კოვიდ-19-ის ვაქცინის უსაფრთხოების მონაცემებს განიხილავენ და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებენ, თქვა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა კრისტიან ლინდმიერმა. საკითხს ვაქცინის უსაფრთხოების მრჩეველთა გლობალური კომიტეტი სწავლობს.

"ასტრაზენეკაში" სხვადასხვა ქვეყანაში აცრილი ადამიანის 10 მილიონზე მეტი ინფორმაცია გადაამოწმეს და კვლევა "არ აჩვენებს ემბოლიის ან თრომბოზის გაზრდილ რისკს არცერთ ქვეყანაში" - უთხრა "ასტრაზენეკას" პრესსპიკერმა ტელეკომპანია "სი-ბი-ესს". "სინამდვილეში, დაკვირვება აჩვენებს, რომ მსგავსი მოვლენების რიცხვი აცრილებში მნიშვნელოვნად ნაკლებია, ვიდრე აუცრელ ადამიანებში" - აცხადებს "ასტრაზენეკა".

შეერთებულ შტატებში "ასტრაზენეკას" ვაქცინის ეფექტურობის და უსაფრთხოების განხილვა უახლოეს დროში იგეგმება. ექიმი ფრანცის კოლინსი, აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების დირექტორი ამბობს, რომ საგანგებო ავტორიზაცია, საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაციამ "ასტრაზენეკას" შესაძლოა მომდევნო ერთი თვის მანძილზე მიანიჭოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG