ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენღაზის ტრაგედიის გამოძიება


კანონმდებლებს ლიბიის შესახებ სადაზვერვო მასალები გადაეცათ

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:00:00 0:00
ბმული
ამერიკელმა კონგრესმენებმა არჩევნების შემდეგ კვლავ განაგრძეს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში ამერიკულ საკონსულოზე თავდასხმის გამოძიება, რასაც ოთხი ამერიკელი, მათ შორის ელჩი კრისტოფერ სტივენსი შეეწირა. დეტალებს კონგრესიდან „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი, მაიკლ ბოუმანი არკვევდა.

საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ, კონგრესში სახელმწიფო დეპარტამენტის და დაზვერვის ოფიციალური პირები გამოცხადნენ და შესაბამისი კომიტეტების წევრებთან დახურული შეხვედრები გამართეს. რესპუბლიკელმა სენატორმა, აიდაჰოდან ჯეიმს რიშიმ განაცხადა, რომ მას სურს უფრო მეტი ინფორმაცია ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის შესახებ, ასევე, თუ რა ნაბიჯებს დგამს ობამა ადმინისტრაცია ამ ინციდენტის შემდეგ.

„კითხვები კვლავ არსებობს. ჩვენ ვისმენთ განმარტებებს. მაგრამ კვლავ ბევრ ჩვენგანს სურს უფრო ნათელი განმარტება იმის შესახებ თუ რას ვაკეთებთ ჩვენ,“ - განაცხადა სენატორმა.

კანონმდებლებს დახურული ბრიფინგებიდან ინფორმაციის გამოტანას კანონი უკრძალავს. დემოკრატი სენატორი ილინოისიდან, დიკ დარბინი ამ ტრადიციას არ ღალატობს. თუმცა, მან ზოგადად ისაუბრა ბენღაზიში მომხდარი თავდასხმის შესახებ, რასაც ამერიკელი ელჩის სიცოცხლე შეეწირა.

„ჩვენ უბრალოდ განვიხილეთ დეტალური ქორნოლოგია, თუ რა მოხდა 11 სექტემბერს. იქ იყო ნამდვილი გმირობა ამერიკელების მხრიდან, როცა ისინი სიცოცხლის ფასად სხვების გადარჩენას ცდილობდნენ,“ - ამბობს დარბინი.

კანონმდებლებს გადაეცათ სადაზვერვო მასალები ლიბიის შესახებ. ეროვნული დაზვერვის დირექტორი, ჯეიმს კლაპერი და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, მაიკლ მორელი სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე ამ კვირის ბოლოს წარსდგებიან.

რესპუბლიკელი სენატორი ფლორიდიდან, მარკო რუბიო სენატის წინაშე სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის გამოცხადებასაც ითხოვს. მისი თქმით, მას სურს მოისმინოს შეფასებები ლიბიაში არსებული ამერიკული მისიის უსაფრთხოების შესახებ ვიდრე თავდასხმა მოხდებოდა. სენატორი დარბინი ფიქრობს, რომ გონივრული იქნება თუ ობამას ადმინისტრაციას რამდენიმე კვირა მიეცემა ლიბიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად, რადგან იმ დროს ლიბიაში ქაოსი სუფევდა.

ვითარება უფრო გაართულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, დევიდ პეტრეუსის გადადგომამ. თუმცა, სენატორები აცხადებენ, რომ თუკი პეტრეუსს აქვს რაიმე ღირებული ინფორმაცია, გადადგომის მიუხედავად ის კაპილოტიუმში მაინც უნდა დაიბარონ.
XS
SM
MD
LG