ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუქარა და საშიში სიგნალები სახელმწიფოებრიობისთვის


თბილისი პრაიდის განცხადება: სახელმწიფო, სად ხარ?
თბილისი პრაიდის განცხადება: სახელმწიფო, სად ხარ?

„თბილისი პრაიდს“ მომავალი კვირის განმავლობაში ლგბტ თემის უფლებების დაცვისა და რეალიზების მიზნით, ღირსების მარში აქვს დაგეგმილი, თუმცა გაიმართება თუ არა ეს ღონისძიება, ან რა პირობებში შეესხმება მას ხორცი, რთული სათქმელია. განსაკუთრებით გუშინდელი საღამოს შემდეგ, რაც ქართულმა საზოგადოებამ აგრესიის მორიგი გამოვილინება იხილა.

გუშინ საღამოს, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა, საპროტესტო მიტინგი სახელმწიფო კანცელარიის წინ ექსპრომტად დაგეგმეს საპატრიარქოს განცხადების საპასუხოდ. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ღია წერილით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოუწოდა, არ დაეშვა პრაიდის ჩატარება. „როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად, არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს,“- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ინდულგენცია ლგბტ თემის ჩაქოლვაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:21 0:00

ლგბტქ თემის წარმომადგენლების შეკრების პარალელურად, კანცელარიასთან მობილიზება გადაწყვიტეს რადიკალური, ულტრა-მემარჯვენე და პრორუსული ძალების წარმომადგენლებმა. ისინი აცხადებდნენ, რომ ეკლესიის მიერ ნაკურთხ საქმიანობას ახორციელებენ, ხელს უშლიან რა უმცირესობების წარმომადგენლების შეკრებას. კონტრაქციაში მონაწილეობას იღებდნენ სამღვდელო პირებიც.

მამა ანდრია ჯარმაიძე საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი გუშინდელ აქციაზე აცხადებდა: „როდესაც წინასწარ იციან საზოგადოების განწყობა და მაინც აორგანიზებენ ასეთ აქციებს, მთელი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მათ, ვინც ეს ორგანიზება მოახდინა.“

ვითარება მკვეთრად დაიძაბა. პოლიციის ძალები გაჭირვებით უმკლავდნებოდნენ პროცესს. დააკავეს 22 მოძალადე, რომელთაგან 7 მოქალაქის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. სამი მათგანი 1000 ლარიანი ჯარიმით გამოვიდა სასამართლოდან, დანარჩენები კი ხელწერის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კონტრაქციის აგრესიულმა წარმომადგენლებმა იერიში ჟურნალისტებზეც მიიტანეს, ისევე როგორც სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძეზე. ამის თაობაზე სპეციალური განცხადება დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც გაავრცელა.

გვიან ღამით ლგბტქ თემის წარმომადგენლები პოლიციამ კანცელარიის მიმდიბარე ტერიტორიიდან გაიყვანა.

ლგბტქ თემის წარმომადგენლები გუშინ ამაოდ ელოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს მათი უფლებების დაცვის სასარგებლოდ. გიორგი თაბაგარი, თბილისი პრაიდის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ არ აპირებენ საჯარო სივცრეებში შეკრების უფლების დათმობას. ხელისუფლებასთან საუბრისთვის მომავალი რაუნდი მათ ორშაბათს აქვთ დაგეგმილი.

მხოლოდ დღეს, ინციდენტიდან ერთი დღის შემდგომ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ყველა მოქალაქის პრეზიდენტია. ასევე დღეს, ხელისუფლებიდან ერთადერთი ადამიანი, ვინც უმცირესობების უფლების ხელშეუვალობაზე ისაუბრა თამარ ჩუგოშვილი გახლდათ. არც მთავრობისა და არც პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდებს უმცირესობის უფლებების დაცვის აუცილებლობის შესახებ განცხადებები არ გაუვრცელებიათ, შესაბამისად, არ გამოუხატავთ მოსაზრება არც საპატრიარქოს განცხადების თაობაზე.

ღია მხარდაჭერა პრაიდის წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს რესპუბლიკურმა პარტიამ გამოუცხადა.

ყველაზე საგანგაშო ამ ვითარებაში ორი ფაქტორია: როგორ იქცევა ხელისუფლება და როგორ იქცევა ეკლესია.

ხელისუფლებამ, გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო აღიარებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს დასავლური გაგებით, ამასთან საქართველოს კონსტიტუცია იცავს ადამიანს მიუხედავად სქესისა, რელიგიური, პოლიტიკური მრწამსისა და ეთნიკური კუთვნილებისა, იცის, რომ ყველა მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება უნდა დაიცვას, თუ ის არ ატარებს ანტისახელმწიფოებრივ ხასიათს ან არ გულისხმობს მოწოდებებს ტერორიზმისკენ.

შესაბამისად, პოლიციის ძალების გამოყენებით, ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ იცავს სექსუალური უმცირესობების გამოხატვის უფლებას. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ამას ერთგვარი იძულებით აკეთებს. ეს შთაბეჭდილება კი იმიტომ ექმნებათ ადამიანებს, რომ განცხადებებით, მესიჯების გავრცელებით, მოწოდებებით ხელისუფლების წარმომადგენლები თავს არ იწუხებენ. არ ფიქრობენ, რომ აუცილებელია ლგბტ თემის სიტყვიერი მხარდაჭერა, რადგან ეს მეინსტრიმს ეწინააღმდეგება და შესაძლოა, მათ პოლიტიკური ქულები დააკარგინოს. ერთის მხრივ, ხელისუფლება სექსუალურ უმცირესობას იცავს, რადგან პოლიციის კორდონს უზრუნველყოფს, მეორეს მხრივ კი მათი დაცვის სიტყვიერ მხარდაჭერაზე უარს ამბობს.

ლგბტ თემის ამგვარ „პასიურ დაცვას“ ხელისუფლების მხრიდან „პასიური დაუცველობის“ კომპონენტიც აქვს. გარდა იმისა, რომ მაღალი რანგის საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები არ თვლიან საჭიროდ უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით საჯაროდ ისაუბრონ, ისინი ასევე არ ეხმაურებიან ღია და ცხადად სახიფათო მესიჯებს, რასაც ეკლესიის მხრიდან აქვს ადგილი. ეს „ყურის წაყრუება“ კამპანიურ ხასიათს ატარებს. ამასობაში კი ისმის პრორუსული განცხადებებიც, რაც „ანტიპრაიდული“ მოსაზრებებითაა შენიღბული.

გუშინ, კანცელარიასთან კონტრაქციის წარმომაგენლები ანტიდასავლურ მესიჯებსაც ავრცელებდნენ.

დღეს გავრცელდა ბიზნესმენისა და ულტრა-მემარჯვენე ძალების ერთ-ერთი წარმომადგნლის ლევან ვასაძის ვიდეომიმართვა, სადაც ის ხელისუფლებას პირდაპირ ემუქრება და ამბობს, რომ მათ წალეკავს. ის აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩომ დაიბარა სამღვდელოების წარმომადგენლები, რომელთაც „ეჩალიჩებოდა“ ხელი არ შეეშალათ პრაიდის გამართვისთვის. ვასაძე ქუდზე კაცს იბარებს იმისთვის, რომ დასახოს გეგმა სახელმწიფოში წესრიგის აღდგენის შესახებ: „ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის საოცარი მაგალითი ვიხილეთ. აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები ეჩალიჩებოდნენ დათანხმებაზე სამღვდელობას, რომ გამართულიყო აღლუმი. ეს ის ხალხია, ვინც თვალს ხუჭავდა ჩვენი ხალხის დარბევაზე, დაჩაგვრაზე და ყოველგვარ უსამართლობაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა“.

ვასაძე ხელისუფლებას ნახევარქათმებს უწოდებს და ბიძინა ივანიშვილს მიმართავს: „გუშინ, პოლიცია მომეჩვენა თავიდან, რომ იქცეოდა ძალიან კარგად, შემდეგ მოიქცა ძალიან ცუდად. ეფოფინებოდნენ, როგორც იდოლებს, ამ ხალხს (ლგბტქ თემის წარმომადგენლებს - ნ.დ.), ეშინოდათ, რადგან ბრძანება აქვთ ასეთი. მაგ ბრძანების გამცემ ივანიშვილს და ყველას, ვინც სათავეშია, მინდა გითხრათ, არაფერი შეგეშალოთ. ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების და მაგათ მიერ რაიმე საჯარო სახის აქციის ჩატარების უფლებას, კინოთეატრში იქნება ეს, სკვერში, ქუჩაში, მთაში, ტბაზე თუ ტყეში. ყველგან მოგაგიკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას, რანაირად ვიზამთ ამას, შევთანხმდებით ხვალ. ვეძახი ყველას, ვისაც კაცი ჰქვია“, - აცხადებს ვასაძე. ქალებს და ბავშვებს ის სახლში დარჩენას სთხოვს.

ალექსანდრ დუგინი და ლევან ვასაძე
ალექსანდრ დუგინი და ლევან ვასაძე

ანალოგიური მესიჯები გააჟღერა დღეს მმს-ს წარმომადგენელმა გურამ ფალავანდიშვილმა, რომელიც გუშინ ასევე იღებდა აგრესიულ მონაწილეობას კონტრაქციაში: „უწესობის პროპაგანდირება უნდა აილაგმოს. სახელმწიფო ვალდებულია ძალით აღკვეთოს ნებისმიერი უწესრიგობა, ცუდი საქმეები, როდესაც სახელმწიფო ამას არ აკეთებს, ხალხმა უნდა აიღოს ძალაუფლება თავის ხელში, ხალხმა უნდა აღკვეთოს ეს ძალადობა.“

ისტორიული დისკურსის თანახმად, საქართველოში ტოლერანტი ხალხი ცხოვრობს. ამას ასწავლიან მოსწავლეებს ისტორიის სახელმძღვანელოებიდან, სადაც ხაზგასმულია იმის თაობაზე, როგორ ჩამოასახლა საქართველოში დავით აღმაშენებელმა 40 ათასი ყივჩაღი და როგორ დადიოდა იგი მეჩეთში, ასევე ხაზგასმულია იმის თაობაზეც, რომ თბილისში, მიწის მცირე მონაკვეთზე ჰარმონიულად თანაარსებობდნენ/თანაარსებობენ როგორც ქრისტიანული ეკლესიების, ისე სინაგოგისა და მეჩეთის მომლოცველები. ახალი ისტორიიდან კი ვიცით, რომ ძველ თბილისში სექსუალურ უმცირესობათა ჯგუფები (მაგალითისთვის, კინტოები) კოლორიტად იყო აღქმული და მათ მიმართ საზოგადოება აგრესიას არ გამოხატავდა. ისინი თავისუფლად სარგებლობდნენ საერთო სიკეთეებით, მათ შორის საერთო აბანოებით და სხვა.

ამის შემდგომ ტოლერანტობისა და მიმღებლობის ჯაჭვი (თუკი ოდესმე ასეთი არსებობდა და ის ლიტერატურის მიერ შექმნილი ილუზია არაა) სადღაც უჩინარდება და ერთგვარ ფარისევლურ სახეცვლილებაში გადადის. მაგალითისთვის, დღევანდელ მმკ წევრ მშობელს პრობლემა არ აქვს მისმა შვილმა შეასრულოს ცეკვა „კინტოური“, მაგრამ ამავდროულად, მზადაა ქვა ესროლოს ლგბტ თემის წარმომადგენელს. სიტყვა ტოლერანტობა მისთვის პოზიტიურ პრიზმაში არ გადატყდება და მისი ქრისტიანობა და ჰუმანიზმი მთავრდება იქ, სადაც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანების სუნთქვის ხმა ისმის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG