ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონგრესმენების კიდევ ერთი კრიტიკული წერილი "ქართულ ოცნებას"


კონგრესში, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა და წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერმა კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართეს. წერილში კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოს დემოკრატიული პროცესების, პოლიტიკური დევნის და საინვესტიციო კლიმატის გამო.

წერილს ხელს ოთხი კონგრესმენი აწერს. მათ შორის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი, წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თამჯდომარე ელიოტ ენგელი და საგარეო კომიტეტის რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერი, მაიკლ მაკქოლი.

„გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისკენ და დასავლეთში ინტეგრაციისკენ. თუმცა, როგორც ზოგიერთმა ჩვენგანმა თქვენს წინაშე 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში უკვე გამოვხატეთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქმულიყო დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამასთან დაკავშირებული ძალადობით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენში განგაშს იწვევს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზება”, - ნათქვამია 21 იანვრით დათარიღებულ წერილში.

წერილში საუბარია კომპანია „ფეისბუქის“ მიერ საქართველოს მთავრობის კოორდინირებული გვერდების, მომხმარებლების და ბოტების სოციალური ქსელიდან წაშლის თაობაზე. კონგრესმენები ხაზს უსვამენ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და მოუწოდებენ "ქართულ ოცნებას" ის თავისუფალ გარემოში ჩაატაროს.

„მაშინ, როცა საქართველო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ კვლავ მოგიწოდებთ, დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველყოთ მისი დაცულობა როგორც შიდა, ისე გარე ჩარევისგან. 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში თქვენ დაგვპირდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება. თუმცა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეისბუკს მოუწია „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელის დახურვა. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები, როგორც სჩანს, ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს, უბრალოდ მიუღებელია”, - ამბობენ კონგრესმენები.

კონგრესმენების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს
კონგრესმენების წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს

წერილი საუბრობს ასევე ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე თავდასხმის და სასამართლო სისტემის მიკერძოებულობის შესახებ. კონგრესმენები საქართველოს მთავრობას კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ დამოუკიდებელი სასამართლო დემოკრატიისთვის კრიტიკულია.

„ამავე დროს, ჩვენ გვაშფოთებს ცნობები, „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორების მიერ ძველი საქმეების კვლავ აღძვრის შესახებ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. ამ საქმეების ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს ღირებულება, სხვები კი აღქმულია, როგორც, წამყვანი ოპოზიციური ლიდერების, ახალი ამბების მწარმოებლების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობის დაცვა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის - რისი გარანტიაც თქვენმა პარტიამ გასცა“, - ნათქვამია წერილში.

წერილში ნათქვამია, რომ უკანასკნელი პერიოდის მოვლენები ნეგატიურად აისახება საქართველოს იმიჯზე შეერთებულ შტატებში.

"1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართველი ხალხის მძლავრ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოცემული იმედის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. სამწუხაროდ, ეკონომიკის ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ კლებას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოში, იმ ფონზე, როცა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს. ამის გამო ბევრმა გადასინჯა საკუთარი ბიზნესწამოწყებები", - ამბობენ ისინი.

კონგრესმენები საუბრობენ ასევე ანაკლიის პროექტზე და საქართველოს მთავრობის გადაწვეტილებაზე შეეჩერებინა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის კონტრაქტი.

"ამასთან, აღქმამ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სამიზნედ აქცევს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ახლა უკვე შეაჩერა არსებული ან გააჩერა შესაძლო ინვესტიციები ამერიკული კომპანიების მხრიდან ამ მნიშვნელოვან პროექტში. ეს ტენდენციები, როგორც სჩანს, ირეკლავს მზარდად არაკეთილმოსურნე ბიზნეს გარემოს და მათ გამო, შესაძლოა აშშ-სგან სამომავლო ინვესტიციებიც გაჩერდეს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესტიციები ზიანს აყენებს არა მხოლოდ ქართველ ხალხს და მათ იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თაობაზე, არამედ ასევე აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს უმნიშვნელოვანესი ჰაბი აშშ-დან ევროპასა და შუა აზიაში, და პირიქით, მოძრავი საქონლისთვის, რაც წაადგებოდა საქართველოს ეკონომიკას", - ამბობენ ისინი.

კონგრესმენები ქართველ კოლეგებს მოუწოდებენ, არ დაუშვან, რომ საქართველომ დაკარგოს ის ორპარტიული მხარდაჭერა, რაც მას შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში აქვს.

„ამ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების და კონგრესის დერეფნებში საქართველოს მიმართ არსებულ ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერაზე უარყოფითი გავლენის არდაშვების იმედებით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა ითანამშრომლებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გაფართოების მიზნით, რათა საქართველომ კვლავაც, ბევრი წლის განმავლობაში შესძლოს იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი”, - ამბობენ ისინი.

ეს შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოდან, საქართველოს მთავრობის მიმართ გაგზავნილი მესამე წერილია. 16 დეკემბერს, საქართველოს მთავრობას წერილით საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა ერთხელ უკვე მიმართა. 19 იანვარს კი რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მალინმა წერილში პრემიერ მინისტრ გახარიას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე მიიღო კაცრი შეფასებები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ჯეიმს რიშისგან, სადაც ის თბილისს დემოკრატიული პრინციპების დაცვის და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG