ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა


ლიბანში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა

ლიბანში ხუთთვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ როგორც იქნა ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, რომელსაც ჰეზბოლა უხელმძღვანელებს.

როგორც პოლიტოლოგები აცხადებენ ჰეზბოლაზე მეზობელ სირიას დიდი გავლენა აქვს, თუმცა რაიმე ძირეული პოლიტიკური ცვლილებები არ არის მოსალოდნელი.

ახალი მთავრობის მთავარი თავსატეხი ლიბანთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო ტრიბუნალის პრობლემა იქნება.

შიიტური ორგანიზაცია ჰეზბოლა, ანუ ალაჰის პარტია დიდი ხანია ლიბანის პოლიტიკურ ცხოვრებაში წამყვან როლს თამაშობს. დღეს მას 30 წევრიან მინისტრთა კაბინეტში 18 წარმომადგენელი ჰყავს.

ჰეზბოლას წევრები არიან ლიბანის თავდაცვის, იუსტიციის და ტელეკომუნიკაციების მინისტრები. ჰეზბოლამ განსაკუთრებით გაითქვა სახელი 2006 წელს ისრაელთან წარმატებული სამხედრო დაპირისპირების დროს. 2008 წელს კი ჰეზბოლას მეომრებმა პროდასავლური მთავრობის შეაიარაღებული ფორმირებები ქუჩის ბრძოლებში დაჯაბნეს.

იანვარში ჰეზბოლამ და მისმა პოლიტიკურმა მომხრეებმა ბოიკოტი გამოუცხადეს საად ჰარირის პროდასავლურ მთავრობას, რომელიც გაეროს ტრიბუნალის მოთხოვნის შესაბამისად ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საადის მამის, რაფიკ ჰარირის მკვლელობის საქმის გამოძიებას აპირებდა.

რაფიკ ჰარირი თავის 22 თანამებრძოლთან ერთად 2005 წელს ააფეთქეს ბეირუთში. გაეროს ტრიბუნალი კი ამ საქმეში ჰეზბოლას წევრთა მონაწილეობის საკითხის განხილვას აპირებდა.

ახლა, როდესაც ჰეზბოლა მთავრობის სათავეში მოვიდა ეჭვგარეშეა, რომ ლიბანი უარს იტყვის გაეროს ტრიბუნალის 49%-ის დაფინანსებაზე.

ლიბანის პრემიერ-მინისტრი ნაჯიბ მიკატი ჰეზბოლას მხარდაჭერით სარგებლობს. ის აცხადებს, რომ ბეირუთი კვლავაც გააგრძელებს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, მაგრამ ლიბანელ პოლიტიკურ მიმომხილველებს ამისი არ სჯერათ.

ბეირუთის ახლო აღმოსავლეთის კარნეგის ფონდის დირექტორი პაულ სალემი აცხადებს რომ ჰეზბოლას მომავალი ბევრად იქნება დამოკიდებული სირიაში მიმდინარე მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებზე. მისი თქმით:“ ეს პროსირიული მთავრობაა. თუ სირიის მმართველი რეჟიმი გადარჩა და თავისი გავლენა შეინარჩუნა ხომ კარგი და თუ სირიაში რევოლუციური ცვლილებები მოხდა ეს ლიბანზეც იქონიებს გავლენას.“

ბეირუთის ამერიკის უნივერსიტეტის პროფესორი ჰილალ ხასანი ეთანხმება თავის კოლეგას და ამბობს, რომ როდესაც არაბული გაზაფხული ზაფხულში გადადის ჰეზბოლას ახლა სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება აწყობს და სირიაში მიმდინარე მოვლენებს შეშფოთებით აკვირდება.

ამჟამად ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, რომ ისრაელთან 2006 წელს წარმოებული ომის მიუხედავად დღეს არცერთ მხარეს არ აწყობს ახალი კონფლიქტი.

თავის მხრივ ევროპა და ამერიკა ყურადღებით ადევნებენ თვალს ლიბანში განვითარებულ მოვლენებს. ვაშინგტონს ხომ ჰეზბოლა ტერორისტული ორგანიზაციების რიცხვში ჰყავს შეყვანილი და თუ ბეირუთმა გაეროს ტრიბუნლთან ურთიერთობა გაწყვიტა მაშინ არ არის გამორიცხული რომ შეერთებულმა შტატებმა სამხედრო და ეკონომიკურ დახმარება შეუწყვიტონ ლიბანს.

XS
SM
MD
LG