ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედია სამსხვერპლოზე


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თემის განვითარება მხოლოდ ერთ სიბრტყეში არ მიმდინარეობს. საზოგადოება უამრავ ბეწვის ხიდს ხედავს, რომელზეც ერთის მხრივ ქვეყნის უსაფრთხოება გადის, მეორეს მხრივ - საგარეო იმიჯი და მედიის დამოუკიდებლობა.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თემის განვითარება მხოლოდ ერთ სიბრტყეში არ მიმდინარეობს. ამასთან, საკითხი მრავალწახნაგოვანია. ტელეკომპანიის გრავიტაციის ძალამ იმდენად სერიოზული ხასიათი მიიღო, რომ არაერთი მიმართულებით ის უკვე ინდიკატორის როლს ითავსებს. პირველ რიგში კი მედიის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ხელშეუხებლობის მიმართულებით.

საზოგადოება, რომელიც სურათს ფართო ხედით უყურებს, უამრავ ბეწვის ხიდს ხედავს, რომელზეც ერთის მხრივ ქვეყნის უსაფრთხოება გადის, მეორეს მხრივ საგარეო იმიჯი და რა თქმა უნდა მედიის დამოუკიდებლობა. არსებობს საფრთხე, რომლის მიხედვით შესაძლოა ხელისუფლებამ გამოიყენოს შექმნილი ვითარება და რუსთავი 2-ის გადაწყობა იმგვარად მოახდინოს, რა სცენარიც აქამდე არა ერთხელ იქცა საზოგადოების მსჯელობის საგნად. უფრო მეტიც, ანალოგიური სცენარით საზოგადოებამ საქართველოში უკვე იხილა მედიის თავისუფლების შეზღუდვის შემთხვევები.

თავის მხრივ ხელისუფლებაც ხედავს საფრთხეს იმისა, რომ მოვლენები შესაძლოა რევოლუციური სცენარით განვითარდეს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარჰველაშვილმა დღეს განაცხადა: „რევოლუციური სცენარის ეპოქა საქართველოში დამთავრდა. ხოლო ის, ვინც ამ გზითგეგმავს პროცესებს, მთლიანად მოწყვეტილია საზოგადოებას და პოლიტიკურ რეალობას. არაერთხელ მითქვამს და სამწუხაროდ, მიწევს გავიმეორო: დაუშვებელია უცხო ქვეყნის მაღალჩინოსანი ერეოდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და გეგმავდეს რაიმე ტიპის არეულობას“.

უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული ჩანაწერები, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია საუბრობენ, ხელისუფლებას ეჭვების საფუძველს აძლევს. ამ შემთხვევაშიც მედიის თავისუფლების შეუზღუდავობა დიდი რისკის ქვეშ დგას.

რუსთავი 2-ის ხელმძღვანელმა ნიკა გვარამიამ დღეს განაცხადა: „როგორც ჩანს ძალიან ჭრით ყურს ტერმინები: რევოლუციური სცენარები, ბოევიკები.. შეიძლება, ეს, მართლაც ეხამუშება ყურს, მაგრამ, თავისთავად ცხადია, აქ არავინ არ გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას. საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაცვაზე. ანუ ქმედებაზე, რომელიც რეაქციულია თავისი ხასიათით და არა პროაქტიულ ქმედებებზე, რომელიც გულისხმობს სახელმწიფო გადატრიალებას. საუბარია არა სადმე შეჭრაზე და ხელისუფლების ხელში ჩაგდებაზე, არამედ სიტყვის თავისუფლების ბოლომდე დაცვაზე“.

პრემიერი ღარიბაშვილი კი დღეს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის შესახებ მოვალეობები კიდევ ერთხელ შეახსენა.
რამდენად დიდი საფრთხეა იმისთვის, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში პოლიტიკური მოვლენების მსხვერპლი აღმოჩნდეს, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ანა ნაცვლიშვილმა საიას ხელმძღვანელმა ისაუბრა: „არა მხოლოდ მედია, არამედ ზოგადად, საზოგადოება შეიძლება არის ინსტუმენტი პოლიტიკურ ბრძოლაში.

ესაა ძალიან საშიში პროცესი დემოკრატიისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის და მომავალი პერსპექტივისთვის, როდესაც ვდგავართ რეალობის წინაშე, რომელიც გვაფიქრებინებს და არც თუ უსამართლოდ, რომ ჩვენ შეიძლება ვიყოთ მხოლოდ და მხოლოდ პროცესების ნაწილი მაშინ, როდესაც ამ პროცესების მთლიანი აღქმა არ გვაქვს. რადგან არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია და ვერც სახელმწიფო გვაწვდის ამ ინფორმაციას.

ბევრი კითხვის ნიშნანი, რაც ჩნდება სახელმწიფოს მოქმედებასთან დაკავშირებით ამ ბუნდოვანებას აღრმავებს და მეორეს მხრივ, არ ვიცით პოლიტიკური ძალებიდან ვინ რას აპირებს, ვინ რას გეგმავს და აღმოჩნდა, რომ შეიძლება ძალიან რთული და ძალიან ცუდი სცენარები სადღაც იწერება. ვიღაცას უბრალოდ სურს, რომ ჩვენ ვიყოთ გამოყენებული ამ სცენარებისთვის. მედია უნდა იყოს პოლიტიკისგან შორს. როდესაც მას ვიღაც დღის წესრიგს უდგენს, ამგვარი კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგიდან შორს. მედიას უნდა ჰქონდეს თავისი, საკუთარი დღის წესრიგი.“

ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ თავდაცვის რეჟიმში მუშაობს. ჩანაწერების საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს.

XS
SM
MD
LG