ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი მსოფლიოს კავკასიაში ახალი რეალობის გათავისებას სთხოვს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი
ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რუსეთის მიერ საქართველოში მავთულხლართების აგება დაგმო და განაცხადა, რომ ალიანსი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ეს განცხადება რასმუსენმა ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით:

„ნატოს პოზიცია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე კვლავ უცვლელია. როგორც იცით, ჩვენ კვლავ მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის სრულ პატივისცემას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ასევე ვეწინააღმდეგებით მავთულხლართების გაბმას. ახლა მავთულხლართების გაბმის დრო კი არა, ხიდების აშენების დროა, რათა ჩავერთოთ დიალოგში, ვიპოვოთ კონსტრუქციული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღობეების აღმართვა ეწინააღმდეგება საერთაშორისო წესებს და მოვუწოდებთ რუსეთს დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები.“

კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც. მან ნატო გამყოფი ხაზების აღმოსავლეთით გადატანაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მსოფლიომ სამხრეთ კავკასიაში არსებული ახალი რეალობა უნდა მიიღოს:

„საქართველოს მიმართ ნატოს დამოკიდებულება მიგვაჩნია, რომ არის ძველი, ცივი ომის ლოგიკის გაგრძელება. ეს არის გამყოფი ხაზის არა მოშლის, არამედ აღმოსავლეთისკენ გადატანის მცდელობა, რომელიც ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებას, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ უსაფრთხოების განუყოფლობის მიმართულებით. არავინ უნდა გადადგას ნაბიჯი, რომელიც პარტნიორების უსაფრთხოებას ვნებს.

"საქართველო-რუსეთის ურთიერთობას რაც შეეხება, ჩვენ მათი ხელშეწყობა გვსურს. ჩვენ მოვისიმეთ საქართველოს ახალი მთავრობის მიდგომა და მჯერა, რომ ჩვენი ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული და სამხედრო ურთიერთობები გაგრძელდება. ასევე გავაგრძელებთ ახალგაზრდულ გაცვლით პროგრამებს. ეს საშუალებას მოგვცემს წლების მანძილზე გავაგრძელოთ ურთიერთობები.

„რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ჩვენ მათ ვაღიარებთ როგორც სუვერენულ სახელმწიფოებს. ჩვენ მათთან ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობისა და მეგობრობის ხელშეკრულებას. ჩვენ ვუზრუნველყოფთ მათ სამხედრო უსაფრთხოებას და ჩვენი სამხედრო ბაზები განლაგებულია მათ ტერიტორიებზე, შესაბამისი შეთანხმებების ხელმოწერის საფუძველზე. ეს ახალი რეალობაა სამხრეთ კავკასიაში, რაც უნდა ვაღიაროთ და გავიგოთ, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ისევე როგორც რუსეთი და შეერთებული შტატები, საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრები არიან.“
XS
SM
MD
LG