ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საუბრობს


ლავროვი ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ საუბრობს

ბატონი ლავროვის განცხადებით, იგი ესაუბარა როგორც საგარეო საქმეთა უმაღლეს წარმომადგენელს ევროკავშირში, კეტრინ ეშტონს, ასევე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს - ალი აქბარ სალეჰს. ყველა იმ აზრისაა, რომ მოლაპარაკებები ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად უნდა განახლდეს.

სტამბულში გამართულ მოლაპარაკებათა უკანასკნელ რაუნდს შედეგი არ მოჰყოლია. შეგახსენებთ, ამ შეხვედრის მთავარი მიზანი ენერგიის წყაროების გაცვლაზე შეთანხმების მიღწევა გახლდათ. კერძოდ, ირანი უნდა დათანხმებულიყო უარი ეთქვა ურანით გამდიდრების გეგმაზე და ის უცხოური ენერგიის წყაროებით ჩაენაცვლებინა.

როგორც იცით, დასავლეთი ეჭვობს, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ქმნის. თუმცა, თეირანი ამას უარყოფს და აცხადებს, რომ მას ატომური პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი გამოყენებისთვის ჭირდება.

რუსი მინისტრის თქმით, უფრო დეტალური მიდგომაა საჭირო, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ხელი შეეშალოს.

“ირანელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან ამ საკითხების განსახილველად. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ისევ უნდა დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებით შემოვიფარგლოთ. შეთანხმების მიღწევისთვის ყველაზე გამართლებულ სტრატეგიად ნაბიჯ-ნაბიჯ, ვიწრო კონტექსტუალური მოლაპარაკებების გამართვა მიმაჩნია“.

დასავლეთის ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ალი აქბარ სალეჰმა, ისაუბრა რა გაეროს კონფერენციაზე განიარაღების შესახებ, თავი აარიდა ამ თემას. ის ეცადა ყურადღება გადაეტანა წამყვან ბირთვულ სახელმწიფოებზე და განაცხადა, რომ მათი უზარმაზარი ატომური იარაღის არსენალი კაცობრიობის ისტორიისთვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს.

ბატონი სალეჰის თქმით, საერთაშორისო ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ არ უნდა იყოს ატომური იარაღის შენახვის ერთგვარი მანდატი იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც მისი სერიოზული არსენალი გააჩნია.

„ყოვლად მიუღებელია ახალი არისტოკრატიის არსებობა, რომელიც ორად ჰყოფს საერთაშორისო ერთეულებს: რიგ ქვეყნებს აქვს უფლება ჰქონდეს ბირთვული იარაღი, მეორე ნაწილს კი ეს პრივილეგია არ გააჩნია. ატომური ენერგია არ ნიშნავს ატომურ იარაღს. ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს მისი მშვიდობიანი მიზნებით გამოყენების უფლება“.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი თვლის, რომ საერთაშორისო ხელშეკრულება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ არ უნდა ნიშნავდეს ხელშეკრულებას ატომური ენერგიის გამოუყენებლობის შესახებ. მისი განცხადებით, ბირთვული იარაღის წარმოება, განვითარება და შენახვა მისი გამოყენების საშიშროებას ქმნის და ეს ყოვლად დაუშვებელი, არალეგიტიმური, ამორალური და არაჰუმანური ქმედებაა.

XS
SM
MD
LG