ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოთხშაბათს ლას-ვეგასში ჩადის. კვირას მომხდარი მასობრივი მკვლელობის გამოძიება გრძელდება, შესაბამისი სამსახურები აცხადებენ, რომ წინ მიიწევენ, თუმცა მკვლელის მოტივს ჯერ ვერ მიაგნეს.

„ჩვენ ვაპირებთ ჩავიდეთ ლას-ვეგასში, შევხვდეთ გადარჩენილებს, ვესაუბროთ პოლიციელებსა და შერიფს“, - განაცხადა პრეზიდენტმა და მკვლელს „შეშლილი“ უწოდა. რაც შეეხება იარაღის კონტროლის საკითხებს და ახალ რეგულაციებზე საუბარს, პრეზიდენტის თქმით, ამის განხილვის დრო ახლა არ არის.

64 წლის პენსიონერმა სტივენ პადოკმა კვირა საღამოს, ლას-ვეგასში სასტუმროს 32-ე სართულის ფანჯრიდან ქუჩის გადასწვრივ მუსიკალურ ფესტივალზე შეკრებილ ათასობით ადამიანს გაუხსნა ცეცხლი, დაახლოებით 10-წუთიანი სროლის შედეგად დაღუპულია 59 და დაშავებულია 500-ზე მეტი ადამიანი.

კლარკის ოლქის შერიფმა ჯო ლომბარდომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის „აბსოლუტურად დარწმუნებულია“ რომ პოლიცია მსროლელის მოტივებს გაარკვევს და რომ არსებითი მნიშვნელობის ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

გამომძიებლებს იმედი აქვთ, რომ მალე შეძლებენ მეტი შეიტყონ მკვლელის მოტივის შესახებ, რადგან პადოკის მეგობარი ქალი, მარილუ დენლი, რომელიც მასთან ერთად ცხოვრობდა და მომხდარის დროს ფილიპინებში იმყოფებოდა, სამშაბათს გვიან ღამით, შეერთებულ შტატებში დაბრუნდა. ლოს-ანჯელესის აეროპორტში მას გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დახვდნენ. შესაბამისი სამსახურები ასევე იკვლევენ იმას, თუ რატომ გადარიცხა პადოკმა 100 000 $ ფილიპინებში შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე.

“ეს მკვლელობა ნამდვილად იყო წინასწარ განზრახული. განსხვავებული იარაღის დიდი რაოდენობა, რომელიც მის ოთახში აღმოვაჩინეთ, გვარწმუნებს, რომ მას ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, კარგად აცნობიერებდა და აფასებდა თავის ქმედებებს. რაც თავის მხრივ ძალიან შემაშფოთებელია“, - განაცხადა შერიფმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG