ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის პოლიტიკური კრახის დასაწყისი


პუტინმა „თავად სისტემის თვითმკვლელობის მექანიზმი ჩართო“ - ლილია შევცოვა უკრაინაში კრემლის პოლიტიკის შედეგებს აფასებს.

პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორის, პუბლიცისტ ლილია შევცოვას აზრით, უკრაინასთან ომმა რუსეთი ჩიხში შეიყვანა. პრეზიდენტ პუტინის მხრიდან მის მიერ შექმნილი სისტემისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების და ლეგიტიმაციის მცდელობა რეჟიმს სრულ კრახს მოუტანს - აცხადებს ის. ლილია კარნეგის მშვიდობის ფონდის მოსკოვის ოფისში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ის ამჟამად ვაშინგტონში ბრუკინგსის ინსტიტუტის თანამშრომელია და პოლიტიკურ წრეებში კრემლინოლოგიის დარგის ექსპერტად ითვლება. მასთან ინტერვიუ „ამერიკის ხმის“ რუსული რედაქციისთვის ვიქტორ ვასილიევმა ჩაწერა.

რატომაა რუსეთი ასეთი თანმიმდევრული უკრაინასთან პოლიტიკაში და რა შედეგს მოიტანს ამგვარი ქმედება?

ჯერჯერობით, ჩვენ ბოლომდე გააზრებული არ გვაქვს ყველა ის შედეგი, რასაც უკრაინის მიერ რუსული გენეტიკური კოდის განადგურება მოიტანს. თითქოს ისეთი არაფერი მოხდა: რუსეთმა ერთ-ერთი კიდური დაკარგა, მაგრამ მოძრაობა ხომ მაინც შეუძლია? თუმცა, სინამდვილეში, რუსულმა მმართველობამ სასიცოცხლო არხი, სისხლძარღვთა სისტემაში მომარაგების უმნიშვნელოვანესი ელემენტი დაკარგა. ომი უკრაინასთან, ქვეყანასთან, რომელიც ცდილობს სამართლებრივი სახელმწიფო შექმნას, უკვე ამ ფაქტით აგდებს რუსეთს „არასამართლებრივ ბანაკში“, მსოფლიოსგან განდევნილთა და უარყოფილთა შორის. უკრაინამ რუსული სისტემა აიძულა ევროპულობის ნიღაბი ჩამოეხსნა და მსოფლიოსთვის საზიზღრად ალესილი კბილები დაენახებინა...

არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ საფრონტო სახელმწიფოდ გადაქცევისთანავე, უკრაინა ერთგვარ სანიტარულ ზონად იქცა, რომელმაც მოსკოვი ევროპისკან გამოყო და რუსეთი აზიურ ქვეყნად გადააქცია. მაგრამ რუსეთს ხომ არც აზიაში ელოდებიან, შესაძლოა - მხოლოდ პეკინის გაზსადენის სახით. ერთი სიტყვით, პუტინის მცდელობა მომაკვდავი სისტემისთვის ახალი ლეგიტიმაცია მიეცა და მისთვის სიცოცხლე გაეხანგრძლივებინა, ჩვენთვის შავი ხვრელით დასრულდა.

არსებობს თუ არა მისაღები გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში?

„არა უშავს, ადრე თუ გვიან უკრაინის საკითხს ჩვენ გადავწყვეტთ და მსოფლიოსთან ურთიერთობაც ძველ ფორმატს დაუბრუნდება“ - ასე ამშვიდებენ დასავლეთს კარის ლიბერალები. გარწმუნებთ, არ დაბრუნდება! რუსეთს უნდობლობის და მუდმივი ეჭვის გარემოში მოუწევს არსებობა. თანაც არამარტო დასავლეთის მხრიდან, არამედ თავის ვითომ-მოკავშირეებთანაც, ისეთებთან, როგორიცაა მაგალითად ლუკაშენკო. ყოველ შემთხვევაში მანამ, ვიდრე მმართველობის ტრანსფორმირებას ვერ შევძლებთ და ამასთან მსოფლიოს დარწმუნებასაც, რომ ეს მორიგი ფარსი არ არის...

არც ისე შესაშური ბედია... გეტყვით, რომ პუტინს მთავარი როლი ის ექნება, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი სტრატეგიული ჩავარდნა დაასრულოს. მან რუსეთი ჩიხში შეიყვანა, ამოწურა რა ეროვნული ინტერესების არამარტო შიდა, არამედ საერთაშორისო რესურსებიც. მეტსაც გეტყვით: მან თავად სისტემის თვითმკვლელობის მექანიზმი ჩართო, რომლის ფარგლებშიც თვითონ მუშაობს!

რუსეთის შიგნით თუ არის უკრაინის პრობლემის გადაწყვეტისადმი ალტერნატიული მიდგომა, რომელსაც შეიძლება გარკვეულ გარემოებებში მიმართონ?

სამწუხაროდ, რუსეთში იმ პროცესის სრული გააზრება ჯერ კიდევ ვერ მოახერხეს, რომელშიც ქვეყანა აღმოჩნდა. რუსულ მეინსტრიმს არ ვგულისმობ, თავისი მემარჯვენე და მემარცხენე ძალებით, რომელიც თვითზომბირებითაა დაკავებული. მხედველობაში მყავს ლიბერალური, პროევროპული პოლიტიკური ძალები და ექსპერტთა წრეები. დიახ, ჩვენს შორის ნამდვილად სუფევს უსამართლობის გრძნობა იმ ქმედებასთან დაკავშირებით, რასაც რუსეთი უკრაინის მიმართ ახორციელებს და იმ დამანგრეველი შედეგების განცდა, რასაც რუსეთის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანას მოუტანს. მაგრამ, ამასთან ერთად, „უკრაინის თემის“ აღქმაში ორი ტენდენციაც შეიგრძნობა, რომელიც თუ შეშფოთებას არა, კითხვას მაინც ბადებს: რა არის ეს, გულუბრყვილობა, თუ შეგნებული შეცდომა?

პირველ ტენდენციას შეგვიძილია პირობითად „მორცხვი იმპერატიულობა“ დავარქვათ. იგი ზოგიერთი ლიბერალის იმ მიდრეკილებაში ვლინდება, როცა ის უკრაინას გამუდმებით ურჩევს, რა გააკეთოს, როგორ მოიქცეს. ისინი ცდილობენ დაუმტკიცონ უკრაინელებს, რომ ევროპაში მხოლოდ რუსეთთან ერთად შეუძლიათ შესვლა და ბოლოს და ბოლოს, ზოგიერთი მათგანი მზად არის უკრაინულ რეფორმებს ქვეყნის გარკვეულ ნაწილებში უხელმძღვანელოს კიდეც. არადა, რის შესთავაზება შეუძლიათ რუს ლიბერალებს უკრაინისთვის თავისი გამოცდილებიდან, საკუთარი ჩავარდნების? ამიტომაც გასაგებია ის გაღიზიანება, რასაც უკრაინელებს შორის რუსეთის დამარცხებული ლიბერალები იწვევენ.

მეორე ტენდენცია შეიძლება განისაზღვროს, როგორც „ობიექტივიზმი“, რაც „უკრაინის ფაქტორის“ სრულ იგნორირებაში მდგომარეობს. თითქოს რუსეთს უკრაინასთან ომი არც ჰქონდეს და არ არსებობდეს უკრაინის გამოყენებით რუსეთის სამხედრო რეალობა. ე.წ. „ობიექტივისტები“ ცდილობენ პოლიტოლოგიის კლასიკური სახელმძღვანელოების მიხედვით და მათთან შესაბამისობაში იმსჯელონ. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსულ სისტემას აქვს „ადაპტაციის პოტენციალი“ და „ახალ რეალობაში ტრანსფორმირების და შეგუების შესაძლებლობა გააჩნია“. ზოგადად, ისინი ამტკიცებენ, რომ დრო უნდა გავიდეს, ელიტის გახლეჩას უნდა დაველოდოთ და შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. უკაცრავად, რომელ ქვეყანას გულისხმობთ? რას ამბობს ტრადიციული პოლიტოლოგია რუსეთზე, რეჟიმის რომელ ცნობილ ტიპს გაგონებთ ეს მმართველობა? თუ შეიძლება, მაგალითები მომიყვანეთ! ნუთუ რუსულ სისტემას ადაპტირების უნარი გააჩნია? მაშინ რატომ დაიწყო ომი, თუკი ადაპტაციის რესურსი არსებობს? თუ ეს ომის გზით ადაპტირებაა? მაშინ ეს პოლიტიკისთვის რაღაც ახალია, ამგვარ ფენომენს პოლიტოლოგიის არცერთი სახელმძღვანელო არ იცნობს! ელიტის გახლეჩა, როგორც პანაცეა და გამოსავალი? რას მოუტანს რუსეთს ეს გახლეჩა, სად ხედავთ ელიტაში ალტერნატიული გზის მომხრეებს? და როგორ ჯდება საერთოდ უკრაინის თემა ამ ანალიტიკურ პეიზაჟში?

ერთი სიტყვით, მანამ, ვიდრე ჩვენ თვითონ, ლიბერალურ წრეებში, კარგად ვერ გავერკვევით და სწორად ვერ შევაფასებთ იმ დრამას, რომლის შუაგულშიც აღმოვჩნდით, მისი რეალურად მამოძრავებელი ძალების ჩათვლით, შავ ხვრელში ჩვენი ჩაძირვა ისევ გაგრძელდება... თუმცა, შესაძლებელია, ვიღაცეები ამ ყველაფრით სიამოვნებასაც იღებდნენ.

XS
SM
MD
LG