ყირგიზეთის სასამართლოს წლებია აკრიტიკებენ მისი მიკერძოების და იმის გამო, რომ ქვეყნის პრეზიდენტები ხშირად იყენებდნენ მას პოლიტიკური მეტოქეების, მედიასაშუალებებისა თუ კონკრეტული ჟურნალისტების წინააღმდეგ.
14 ოქტომბერს, როდესაც პარლამენტმა საბოლოოდ და ოფიციალურად დაუჭირა მხარი სადირ ჯაფაროვის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრის პოსტზე, მან განაცხადა: „მე, როგორც ყირგიზეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, არ მაქვს მორალური უფლება, რომ გავლენა მოვახდინო სასამართლოზე, პროკურატურაზე ან გამოძიების პროცესებზე". თუმცა ზოგიერთი მოვლენა მის სიტყვებს ეჭვის ქვეშ აყენებს.
ყირგიზეთში 4 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლებისას ჯაფაროვი ციხეში იყო. მას 2017 წელს გატაცების ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს და გისოსებს მიღმა 2027 წლამდე უნდა ყოფილიყო. თუმცა 6 ოქტომბრის ღამეს, საპროტესტო ტალღის აგორებიდან 24 საათზე ნაკლები დროის შემდეგ დემონსტრანტებმა ის ციხიდან გაათავისუფლეს. ახალარჩეულმა პარლამენტის სპიკერმა კი თქვა, რომ ჯაფაროვის მიერ პრემიერის პოსტის დაკავებას არაფერი უშლიდა ხელს, რადგან უზენაესმა სასამართლომ ის გაამართლა. არსებობდა ეჭვები, რომ უზენაესი სასამართლო ციხიდან დემონსტრანტების მიერ გამოყვანილი პირის საქმის განსახილველად ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების ფონზე, მომდევნო დღესვე არ შეიკრიბებოდა. 9 ოქტომბერს, სასამართლომ უარყო ეს განცხადება და თქვა, რომ ჯაფაროვი არ გაუმართლებიათ. თუმცა მანამდე უზენაესი სასამართლოს პრესსპიკერი "რადიო თავისუფლებას" უდასტურებდა, რომ სასამართლომ ჯაფაროვის ადვოკატის მოთხოვნა ბრალის ანულირების თაობაზე, დააკმაყოფილა.
ორშაბათს კი ყირგიზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და პრემიერ-მინისტრმა, სადირ ჯაფაროვმა თქვა, რომ ის თანამდებობას დეკემბრის დასაწყისში დატოვებს, რათა 2021 წლის იანვარში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს. თუმცა ყირგიზეთის კანონმდებლობა, პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს საპრეზიდენტო კანდიდატობას უკრძალავს. ჯაფაროვი ამბობს, რომ დეკემბერში, თანამდებობის დატოვების შემდეგ ის კენჭს იყრის როგორც რიგითი მოქალაქე და თუ ვერ გაიმარჯვებს, ასეც დარჩება და თუ გაიმარჯვებს - პრეზიდენტი გახდება.
Facebook Forum