ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღმოსავლეთ უკრაინაში რეფერენდუმისთვის ემზადებიან


უკრაინელების აზრით, ვლადიმირ პუტინს ავტონომიური რესპუბლიკების საშუალებით უკრაინის დასუსტება სურს

აღმოსავლეთ უკრინაში პრორუსი სეპარატისტი ლიდერები აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინს პატივს სცემენ, მაგრამ მის მოწოდებას რეფერენდუმის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვერ გაითვალისწინებენ.

მეამბოხეთა ლიდერი დენის პუშილინი აცხადებს, რომ იგი აფასებს ვლადიმირ პუტინის ზრუნვას აღმოსავლეთ უკრაინაში მცხოვრებ რუს მოსახლეობასთან დაკავშირებით, მაგრამ რეგიონის მოსახლეობისთვის უკრაინის ხელისუფლება მიუღებელია.

თუმცა ამ ფონზე, პიუს კვლევითმა ცენტრმა გაავრცელა გამოკითხვის შედეგები, რომლის მიხედვითაც უკრაინელთა უმრავლესობა ქვეყნის ერთიანობას ემხრობა. გამოკითხულთა 93 პროცენტი პროევროპული განწყობით გამოირჩევა და ქვეყნის არსებულ საზღვრებში დარჩენა სურს. აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევითი ცენტრის მიერ გამოკითხულთა 70 პროცენტი აღმოსავლეთ უკრაინის მკვიდრია.

მეამბოხეთა ლიდერი მიროსლავ რუდენკო მიიჩნევს, რომ 11 მაისს რეფერენდუმში მონაწილე მოსახლეობა უკრაინისგან გამოყოფას დაუჭერს მხარს. ის აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარება ხალხის ნებაა და ეს ნაბიჯი დემოკრატიის გამოვლინებაა.

პრეზიდენტ პუტინის მიერ გაკეთებული განცხადება რეფერენდუმის გაუქმებასთან დაკავშირებით კიევის მთავრობისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.ზოგმა ეს მოწოდება დიალოგისკენ წინ გადადგმულ ნაბიჯად ჩათვალა, ზოგმაც კი მასში ბევრი რამ საეჭვო დაინახა. უკრაინელების აზრით, რუსეთის ლიდერს ავტონომიური რესპუბლიკების ხელით უკრაინის დასუსტება სურს, რათა მომავალში კრემლმა მანიპულირება შეძლოს.

ოთხშაბათს ვლადიმირ პუტინმა რეფერენდუმის გადადებასთან ერთად, კიევს აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო ოეპერაციების შეჩერებისკენ მოუწოდა.

თუმცა უკრაინის უსაფრთხოების ძალები აცხადებენ, რომ სამხედრო ოპერაციებს არ შეწყვეტენ და რეგიონში კრემლის მიერ ინსპირირებული ძალადობას შეაჩერებენ.

ვალერი ბოლოტოვი ლუგანსკის პრორუსი სეპარატისების ლიდერია და მოსკოვისგან მეტ თანადგომას ითხოვს. მისი თქმით, მეამბოხეები ადგილობრივი მოსახლეობის ნებას ასრულებენ.

სავარაუდოდ კვირის რეფერენდუმი უკრაინელებს მეტი კონფლიქტისკენ უბიძგებს.
XS
SM
MD
LG