ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის მედიას მძღოლი, ვინც ცისტერნით ამერიკელი დემონსტრანტები გაარღვია, სხვა ადამიანში შეეშალა


მინეაპოლისი - დემონსტრანტთა ჯგუფი იფანტება, როდესაც ცისტერნა, რომელსაც ბოგდან ვეჩირკო მართავს, მათკენ მოემართება. თავდაპირველად ვეჩირკო თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახით დააკავეს, მაგრამ ის აცხადებდა, რომ არავის დაშავება არ ჰქონია განზრახული.
მინეაპოლისი - დემონსტრანტთა ჯგუფი იფანტება, როდესაც ცისტერნა, რომელსაც ბოგდან ვეჩირკო მართავს, მათკენ მოემართება. თავდაპირველად ვეჩირკო თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახით დააკავეს, მაგრამ ის აცხადებდა, რომ არავის დაშავება არ ჰქონია განზრახული.

1 ივნისს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ გამოაქვეყნა სტატია, რომლის თანახმადაც ცისტერნის მძღოლი ბოგდან ვეჩირკო, რომელმაც მანქანა მინეაპოლისში დემონსტრანტთა შორის გაატარა, უკრაინის არმიის ყოფილი ჯარისკაცი იყო.

„ბოგდან ვეჩირკო, რომელმაც მინეაპოლისში თავისი ცისტერნით ამბოხებული ამერიკელების ჯგუფი გაარღვია, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და დონალდ ტრამპის ერთგული მხარდამჭერი იყო, წერს Strana.ua [უკრაინის პრო-რუსული მედიასაშუალება].“

„იმიგრანტების ვებგვერდის თანახმად, ეს კაცი (ვეჩირკო) ვინიცის ოლქშია (უკრაინა) დაბადებული,“ წერს „რია ნოვოსტი“.

„მის ფეისბუკ გვერდზე ადრე ბევრი ფოტო იდო, რომლებშიც ის სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი, ხოლო ფეისბუკ მეგობრებს შორის უკრაინის საჰაერო-სადესანტო ჯარების და შეიარაღებული ძალების ბევრი მებრძოლი იყო. თუმცა, ბოლო დღეებში მან გვერდიდან ფოტოები და სტატუსები წაშალა.“

ეს აღწერა მცდარია.

მანქანის მძღოლი ვეჩირკო და სოციალურ ქსელებში აღმოჩენილი უკრაინელი ჯარისკაცი ორი სხვადასხვა ადამიანია, რომლებიც სეხნიები არიან.

„კიევ პოსტის“ საინფორმაციო სამსახურის ამერიკელი რედაქტორი მეტ კაპფერი იმ ახალგაზრდა კაცის ვინაობის დადგენაში დაგვეხმარა, რომლის ფეისბუკ ფოტოებიც „რია ნოვოსტის“ წყარომ Strana.ua-მ გამოაქვეყნა.

კაპფერმა ჯარისკაცის 4 სხვადასხვა ფოტო სახის ამომცნობი აპლიკაციით Findclone-ით გამოიკვლია. ჯარისკაცის სახე დაემთხვა სხვა ადამიანის პროფილებს 2 რუსულ სოციალურ ქსელში - „ოდნოკლასნიკი“ და „ვ კონტაკტე“. ამ ორ პროფილს სახელი ისეთივე ჰქონდა, რაც ამერიკელ ვეჩირკოს, მაგრამ გვარი სხვა - ლიპკო.

აშშ - ბოგდან ვეჩირკო, ცისტერნის მძღოლი, რომელიც 2020 წლის 31 მაისს მინეაპოლისში დემონსტრატებს შორის მანქანის გატარების შემდეგ სცემეს.
აშშ - ბოგდან ვეჩირკო, ცისტერნის მძღოლი, რომელიც 2020 წლის 31 მაისს მინეაპოლისში დემონსტრატებს შორის მანქანის გატარების შემდეგ სცემეს.
ბოჰდან ვეჩირკოს, სავარაუდოდ, ბოჰდან ლიპკოს ფოტო მისი გასუფთავებული ფეისბუკ გვერდიდან.
ბოჰდან ვეჩირკოს, სავარაუდოდ, ბოჰდან ლიპკოს ფოტო მისი გასუფთავებული ფეისბუკ გვერდიდან.

„თუმცა, მას უამრავი მეგობარი ჰყავდა ვეჩირკოს სახელით, რაც, ვფიქრობ, გვარი უნდა იყოს, შესაძლოა, დედის ქალიშვილობის გვარი,“ უთხრა კაპფერმა Polygraph.info-ს.

კაპფერის ცნობით „ვ კონტაკტეს“ და „ოდნოკლასნიკის“ პროფილებზე აქტივობა 2018 წლის შემდეგ აღარ შეიმჩნევა და სავარაუდოდ, ამ ინდივიდმა არმიაში შესვლის შემდეგ ფეისბუკზე გადაინაცვლა. (2017 წელს უკრაინის ხელისუფლებამ „ოდნოკლასნიკი“ და „ვ კონტაკტე“ აკრძალა, მაგრამ უკრაინის ბევრი მოქალაქე მაინც განაგრძობდა მათ გამოყენებას).

ეს საკითხი უკრაინაში მომუშავე კიდევ ერთმა ჟურნალისტმა ქრისტოფერ მილერმა გამოიძია და ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა. მილერმაც და „კიევ პოსტმაც“ აღნიშნეს, რომ ასაკობრივი სხვაობა მინეაპოლისელ ბოგდან ვეჩირკოსა და ფეისბუკზე ნაპოვნ ჯარისკაცს შორის 14 წელია.

ამ ორ ადამიანს შორის კავშირი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმაც უარყო.

„აშკარად მანიპულაციური და მცდარია მასმედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბოგდან ვეჩირკო, საწვავის ცისტერნის მძღოლი, ვინც 2020 წლის 31 მაისს მინეაპოლისში (აშშ) დემონსტრანტებისკენ დიდი სიჩქარით მიემართებოდა, არის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე და ყოფილი სამხედრო,“ წერია გენშტაბის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ Strana.ua-მ თავისი სტატია მოგვიანებით შეასწორა გენშტაბის ამ უარყოფის შეტანით. თუმცა, ამ მასალის გამოქვეყნების მომენტისთვის, არც „რია ნოვოსტი“ და არც სხვა რუსული მედიასაშუალება, რომლებმაც ეს ინფორმაცია Strana.ua-ზე დაყრდნობით გაავრცელეს, ასე არ მოქცეულა.

„ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბევრმა ადამიანმა ინტერნეტში ზედმეტი გულმოდგინება გამოიჩინა და გამოიტანა ისეთი დასკვნები, რომლებიც პოპულარულ, პოლარიზაციის ნარატივში ჯდება, როგორიც - რუსები ერევიან აშშ-ის პოლიტიკაში ან უკრაინელი ნაცისტები - ნარატივია,“ აცნობა კაპფერმა Polygraph.info-ს.

„გაირკვა, რომ ამ ამბავში არც არაფერია ისეთი, რასაც ფიქრობდნენ. არა მარტო ბოგდან ვეჩირკო არ არის ის უკრაინელი ჯარისკაცი, რომელიც ფეისბუკზე აღმოაჩინეს, არამედ ის, მინესოტის ხელისუფლების თქმით, არც აპირებდა, დაჯახებოდა დემონსტრანტებს და უბრალოდ, ვერ მიხვდა, რომ ხიდი გადაკეტილი იყო,“ თქვა კაპფერმა.

„ვფიქრობ, ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ირიბი მტკიცებულება სრულიად მცდარი აღმოჩნდეს .“

ინციდენტი 31 მაისის პროტესტის დროს მოხდა, რომელიც მედიის და გზაზე დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა აღბეჭდა. გაურკვეველი მიზეზებით, ვეჩირკომ შეძლო თავისი ცისტერნით 35-ე ფედერალურ ავტომაგისტრალზე გასვლა, რომელიც 45 წუთით ადრე გადაიკეტა.

მაგისტრალის ხიდზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დემონსტრანტები, რომლებიც სწრაფად იფანტებიან, რომ გზა მათკენ სწრაფად მომავალ ცისტერნას დაუთმონ. ვიდეოზე ჩანს, რომ იმ მონაკვეთზე რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, სადაც დემონსტრანტები მიმოიფანტნენ, მანქანა სვლას ანელებს და ჩერდება. ის არავის დაჯახებია.

მანქანას დაუწყეს საგნების სროლა, დემონსტრანტების ერთმა ჯგუფმა კი ვეჩირკო მანქანის კაბინიდან გადმოათრია და სცემა. ამ ინციდენტის ამსახველ სხვა ვიდეოებში მანქანის სიგნალის ხმა ისმის, როდესაც ის ხალხს უახლოვდება.

მინეაპოლისის „სტარ ტრიბუნის“ ცნობით, ვეჩირკო, რომელიც პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილის სახით დააკავა, ციხიდან 2 ივნისს გამოუშვეს. ამ ინციდენტში არავინ დაშავებულა ვეჩირკოს გარდა.

ვეჩირკოს ოჯახის მეგობრის თქმით, რომელიც „სტარ ტრიბუნმა“ გაავრცელა, ვეჩირკო სახლში მიდიოდა და არავის დაშავებას არ აპირებდა. ერთის თქმით, ვეჩირკო 4 წლისა იყო, როდესაც აშშ-ში „რუსეთიდან“ ჩამოვიდა. მან მომავალი მეუღლე მინესოტაში გაიცნო, რომელიც ახლა 4 თვის ორსულია. თუ აშშ-ში ჩამოსვლის ასაკი სწორია, იმ დროს ვეჩირკო არა უკრაინის ან რუსეთის, არამედ საბჭოთა კავშირის მოქალაქე იქნებოდა. მათი ინფორმაციით, ოჯახს ფინანსურად უჭირს.

ეს სტატია გამოქვეყნდა პირველად აქ, პროექტ "პოლიგრაფში" ინგლისურ ენაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG