ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი პოლიტიკური პარტიების შექმნა ამომრჩევლისთვის ცუდი იქნება


დევიდ კრემერი, მაკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით
დევიდ კრემერი, მაკეინის ინსტიტუტის უფროსი დირექტორი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით

ნაცმოძრაობის რამდენიმე წევრის პარტიიდან წასვლის შემდეგ გაჩნდა მოსაზრება, რომ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი პოლიტიკური სპექტრი შეიძლება კიდევ უფრო დანაწევრდეს. დევიდ კრემერის თამით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება თუ ივანიშვილი პოლიტიკას დაუბრუნდება და პარტიები ღირებულებების გარშემო გაერთიანდებიან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოთხის წევრის მიერ პარტიის დატოვების შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ზურაბ ჯაფარიძე ვაშინგტონში ვიზიტით ჩამოვიდა. ამერიკის ხმასთან საუბრისას პარტიის დატოვების მიზეზად მან პრო-დასავლური ძალების გაერთიანებისა და პროდასავლური ელექტორატის ნდობის მოპოვების სურვილი დაასახელა.

ამერიკელი ექსპერტი დევიდ კრემერი ნაციონალური მოძრაობიდან რამდენიმე ადამიანის წასვლას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა აშფოთებს. მისი შეფასებით, "ერთი ძალიან მდიდარი ადამიანი ქვეყანას კულისებიდან ოფიციალური ტიტულის გარეშე მართავს." ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი და პრემიერ მინისტრი, რომლებიც ერთმანეთთან ვერ რიგდებიან. ამ ფონზე, ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნებში დამარცხების შემდეგ გარდაქმნა, განახლება და მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვება ვერ მოახერხა.

„პოლიტიკური ძალის გამყარების ნაკლებობამ პარტიის ზოგიერთი წევრი ნაციონალური მოძრაობის მომავალზე დააფიქრა," აცხადებს კრემერი. ახლა უკვე პარტიიდან წასული წევრები იმ არჩევანის წინაშე იდგნენ "დარჩენილიყვნენ თუ არა პარტიის შემადგენლობაში და შიგნიდან ეცადათ მისი გარდაქმნა, თუ გამოსულიყვნენ პრტიიდან და სისტემის ერთგვარი შოკით ის გარედან შეეცვალათ.“

კრემერს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური მდგომარეობა არულია და ბიძინა ივანიშვილი მთავრობაზე დიდ გავლენას ახდენს. მისი აზრით, უკეთესი იქნება ივანიშვილი პოლიტიკას საჯაროდ დაუბრუნდეს - რაზეც, მისი თქმით, თბილისში ყოფნის დროს, არაერთი საუბარი მოისმინა.

„საქართველოში პოლიტიკა საკმაოდ არეულია. არეული პოლიტიკა ავტომატურად არ ნიშნავს რაღაცა ნეგატიურს. ის პარტიებს ხშირად მკვეთრი გზავნილების ჩამოყალიბებისკენ, ეფექტურობისკენ, მმართველობის გაუმჯობესებისა და დანაპირების შესრულებისკენ უბიძგებს. რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, ახლახან დავბრუნდი საქართველოდან. ყოფილი პრემიერ მინისტრის როლი მაღელვებს. არ მგონია, რომ ეს ჯანსაღი მიდგომა იყოს. თუ მას ამ როლის შესრულების გაგრძელება სურს, უკეთესი იქნებოდა ჩრდილიდან გამოვიდეს და ანგარიშვალდებულება საჯაროდ იკისროს. ჩემი საქართველოში ყოფნის დროს იმაზე ლაპარაკი, რომ ეს ასეც მოხდება უკვე იყო.“

კრემერს მიაჩნია, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიების სიმრავლე საჭირო არ არის და უკეთესი იქნებოდა თუ ისინი კონკრეტული იდეოლოგიური პრინციპების გარშემო გაერთიანდებოდნენ. ამით ამომრჩეველი პოლიტიკურ ძალებზე მეტი პასუხისმგებლობის დაეკისრებას შეძლებს. ანგარიშვალდებულებას კრემერი ნაციონალური მოძრაობის არჩევნებში დამარცხებასაც უკავშირებს:

"საქართველოს არ სჭირდება პოლიტიკური პატრიების რაოდენობის გაზრდა. არსებული პარტიები უნდა შეიცვალოს, განახლდეს და გარდაიქმნას იმისთვის, რომ მათ ამომრჩევლის საჭიროებები უკეთესად დაკმაყოფილონ.

"ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში ძალიან დიდ ხანს იყო. ის, რომ ისინი დამრცხდნენ, ქართველ ხალხზე ძალიან კარგად მეტყველებს. ქართველებს არ სურთ ერთი და იგივე ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში, ისე როგორც ეს რუსეთში ან რეგიონის სხვა ქვეყნებში ხდება. საქართველოში ამომრჩეველმა ნაცმოძრაობას ანგარიშვალდებულება დააკისრა, გადაწყვიტა, რომ ცვლილების დრო მოვიდა და ისინი აღარ აირჩია. ეს ძალიან ბევრს მეტყველებს ქართველებზე. თუმცა, ხდება ისეც, რომ ცვლილება ყოველთვის ვერ აკმაყოფილებს ხალხის მოლოდინს. ლიდერებისთვის ხმის მიცემას ყოველთვის შედეგი მოჰყვება. ქართველი ამომრჩეველი ახლა სწორედ ამ შედეგებს აცნობიერებს."

კრემერს მიაჩნია, რომ საქართველოში საკმარისზე მეტი პოლიტიკური ძალაა. იმის ნაცვლად, რომ პოლიტიკურ სპექტრს ახალი მოთამაშეები შეემატოს, მისი თქმით, უკეთესი იქნება თუ პარტიები საერთო ღირებულებების გარშემო კოალიციების ან სხვა პოლიტიკური კავშირების სახით გაერთიანდებიან.

"საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ იცის რას აპირებს მისი ოპონენტი. ამ ეტაპზე, პროგნოზების გაკეთება რთულია. იმედი მაქვს, რომ ენმ-დან ერთი ჯგუფის გამოყოფით ქვეყანაში პოლიტიკური გაერთიანების და არა დაყოფის პროცესი დაიწყება. თუ ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, მაშინ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის შემცირება ბუნებრივად ხდება. კოალიციური მთავრობები ზოგ ქვეყანაში კარგად მუშაობს, ზოგში ნაკლებად. ბევრი პარტიის ქონა ამომრჩევლისთვის საუკეთესო ვარიანტი არ არის. იმედია საქართველოში პარტიები არ დაიყოფა და ახალი ძალების შექმნის ბევრი ძალისხმევა არ იქნება. ასევე იმედი მაქვს, რომ ქვეყანაში იქნება გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ის ადამიანები, რომლებიც ტიტულით პარტიის ხელმძღვანელები არიან სინამდვილეშიც ასე იქნებიან და სხვების გავლენის ქვეშ არ მოექცევიან."

ამერიკის ხმა ნაციონალური მოძრაობის დატოვების თაობაზე და საკუთარ პოლიტიკურ ხედვაზე საქართველოს პარლამენტის წევრს ზურაბ ჯაფარიძეს ვაშინგტონში ვიზიტის დროს ესაუბრა. ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შეგიძლიათ აქ: ზურაბ ჯაფარიძემ ვაშინგტონში ვიზიტი დაასრულა

XS
SM
MD
LG