ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული გაზი ორი კორეისთვის


რუსული გაზი ორი კორეისთვის

ხვალ სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დიპლომატები პეკინში შეიკრიბებიან.ფხენიანის ბირთვული პროგრამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებების სამწლიანი შეჩერების შემდეგ, ეს პირველი მცდელობა იქნება. თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული არსენალის საკითხი ერთადერთი არ არის, რაც საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს. ამ თემას კორეის ნახევარკუნძულზე რუსული ბუნებრივი აირის მილსადენის გაყვანის საკითხიც დაემატა. სეულიდან დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ჯეისონ სტროტერი არკვევდა.

ჩრდილოეთ კორეის გავლით სამხერთ კორეისთვის რუსული გაზის მიწოდების თემის განხილვა ათწლეულების მანძილზე ხდებოდა. თუმცა, ამ იდეამ ახალი ენერგია მას შემდეგ შეიძინა, რაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი ციმბირში რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მიიღო. შეხვედრა გასულ თვეს მოხდა, რასაც რუსულმა ტელეარხებმა დიდი ყურადღება დაუთმეს. რუსული მედიის ცნობით, ორივე ლიდერი გაზსადენის პროექტის დეტალებზე შეთანხმდა და იდეის რეალიზებაც გადაწყდა. გასულ კვირას კი, სამხრეთ კორეის გაზის სახელმწიფო კორპორაციის პრეზიდენტი რუსული გაზპრომის წარმომადგენელს შეხვდა. მხარეებმა გაზის მიწოდების დეტალები განიხილეს. სამთავრობო შეფასებით პროექტის ღირებულება 3.4 მილიარდი დოლარი იქნება.

კან ჰი-ჩენი სეულში მდებარე სამსუნგის ეკონომიკური კვლევების ანალიტიკოსია.

„ჩვენი მოთხოვნა გაზზე იზრდება. გაზის დიდი ნაწილი ჩვენთან დასავლეთ აზიიდან და ევროპიდან გადმოიზიდება, რაც ძვირი ჯდება. როდესაც ჩვენ ჩრდილოეთ კორეის გავლით რუსულ გაზს მივიღებთ, ფასი კონკურენტული იქნება,“ - ამბობს კორეელი ანალიტიკოსი.

ამის მიუხედავად, კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გამო შესაძლოა მოსალოდნელმა სარგებელმა რისკები ვერ გადაფაროს.

ანდრეი ლანკოვი სეულის კუკმინის უნივერსიტეტში ჩრდილოეთ კორეის საკითხების ანალიტიკოსია.

„გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ძალიან კარგი პროექტია, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა წარმატებისთვის, მას თანამშრომლობის და ნდობის სტაბილური კლიმატი სჭირდება. მე ახლო მომავალში ასეთ კლიმატს ვერ ვხედავ,“ - ამბობს ლანკოვი.

მისი თქმით, დაძაბულობის გაზრდის შემთხვევაში ფხენიანს შეეძლება გაზის შეჩერება და მილსადენის გადაკეტვა. ამდენად სეულმა უნდა შეიმუშავოს ისეთი გეგმა, რომელიც მას შესაძლო დანაკარგებს თავიდან ააცილებს. თუმცა, სამხრეთ კორეელი პოლიტიკოსები გაზსადენის მხარდასაჭერად საზოგადოების მობილიზებას აქტიურად ცდილობენ.

სექტემბრის დასაწყისში სატელევიზიო ინტერვიუში პრეზიდენტმა ლიი მუნგ ბეკმა განაცხადა, რომ პროექტის დასაწყებად ერთადერთი ფაქტორი დროის საჭიროებაა.

„მისი თქმით ორივე კორეა ცალცალკე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთთან გაზასადენის მშენებლობის საკითხზე. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამივე ქვეყანა შეძლებს შეთანხმების მიღწევას. მისი თქმით, ამის განხორციელება ქვეყნისთვის დიდი საქმე იქნება.“

ანალიტიკოსი ანდრეი ლანკოვი ფიქრობს, რომ ბევრი პოლიტიკოსი გაზსადენისათვის საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობს იდეით, რომ თითქოს ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი ორი კორეის გაერთიანების გზაზე, რაც მისი აზრით, სამხრეთ კორეაში ჩვეულებრივი ოფიციალური რიტორიკაა.

გაზსადენის პროექტის რეალიზების შემდეგი ნაბიჯი კი წლის ბოლოს პარიზში დიდი ოცეულის სამიტზე გადაიდგმება, როდესაც რუსეთის და სამხრეთ კორეის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებიან.

XS
SM
MD
LG