ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიის პარლამენტმა მოქმედი პრემიერი კვლავ აირჩია ამ თანამდებობაზე


ფუმიო კიშიდა, კვლავ იაპონიის პრემიერ-მინისტრია. მას შემდეგ, რაც კიშიდას პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა საპარლამენტო არჩევნებში, მათ პარტიის ლიდერი კვლავ პრემიერად აირჩიეს.

კიშიდა სულ ცოტა ხნის წინ აირჩიეს პირველად ქვეყნის პრემიერ-მინისტრად, მას შემდეგ, რაც მისი წინამორბედი ხალხში საკუთარი რეიტინგების დაცემის გამო თანამდებობიდან გადადგა. პრემიერად დანიშვნიდან მალევე, კიშიდამ საპარლამენტო არჩევნები დანიშნა, სადაც 465-წევრიან პარლამენტში, მისმა პარტიამ 261 ადგილი დაიკავა.

იაპონიაში ამბობენ, რომ ხალხმა პრემიერს მანდატი ისევ მისცა, რათა გაუმკლავდეს პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანს და ვირუსით გამოწვეულ სხვა პრობლემებს, რომელიც ახლა ქვეყნის წინაშე დგას. კიშიდა ამბობს, რომ მისთვის ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ცვლილებების ნაცვლად, ხალხმა სტაბილურობა აირჩია.

კიშიდა ლიბერალ-დემოკრატებმა ერთი თვის წინ აირჩიეს პრემიერობის კანდიდატურად, ვინაიდან მას კონსერვატიულ და უსაფრთხო კანდიდატად მიიჩნევდნენ. პარტიას განსაკუთრებულად ეშინოდა არჩევნებში წაგებისა მას შემდეგ, რაც კიშიდას წინამორბედი, იოშიჰიდი სუგა, უკიდურესად არაპოპულარული აღმოჩნდა და ამის გამო თანამდებობაც კი დატოვა. სუგა ქვეყნის პრემიერი მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში იყო. მას მწვავედ აკრიტიკებდნენ იმის გამო, თუ როგორ უმკლავდებოდა ვირუსს და იმიტომაც, რომ საფრთხის მიუხედავად, მაინც ჩაატარა ტოკიოს ოლიმპიური თამაშები.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნელზე უკეთესი საარჩევნო შედეგები ახლა კიშიდას მთავრობას მისცემს საშუალებას იმუშაოს წინასაარჩევნო დაპირებებზე, მათ შორის კოვიდ-19-ის კონტროლთან და ეკონომიკის გაძლიერებასთან დაკავშირებით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG