ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი თურქეთში მიდის


ლავროვის განცხადებით ოპოზიციის დახმარების გაწევით შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები სირიაში ვითარებას კიდევ უფრო ძაბავენ

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს თურქეთში გაემგზავრა, სადაც სირიის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. სირიის მთავრობა ამბოხებულებზე შეტევებს აგრძელებს. იორდანიაში დევნილთა ნაკადი არ წყდება.

„თქვენ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რა პრობლემას უქმნის ეს იორდანიის სტაბილიზაციას, რომელთაც სხვა საკითხები და ეკონომიკური პრობლემები აწუხებთ. ამდენად ეს მნიშვნელოვანი თემაა,“ - აცხადებს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი.

სირიის საკითხში ჩაბმული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე სირიის ოპოზიციის ლიდერებიც იქნებიან, მათ შორის მათი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი ღასან ჰიტო.

„ჩვენ ძლიერი დახმარება გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. გვესაჭიროება ყველანაირი სახის დახმარება ადგილზე, რათა შევუდგეთ სირიელი ხალხისთვის მუშაობას,“ - აცხადებს სირიის ოპოზიციის ლიდერი.

სირიის საკითხთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც. მისი თქმით, ოპოზიციის დახმარების გაწევით შეერთებული შტატები და სხვა ქვეყნები სირიაში ვითარებას კიდევ უფრო ძაბავენ.

„ნებისმიერ კონფლიქტში, თუკი არსებობს რომელიმე მხარის იზოლირების მექანიზმი ან გამიზნულია ამ მხარის იზოლირება, ამით ჩვენ ვკარგავთ დიალოგის და გადაწყვეტილების პოვნის შანსს,“ - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტის ანალიტიკოსი სტივ ჰეიდემანი აცხადებს, რომ ვაშინგტონს იმ გადაწყვეტილების რეალიზება სურს, რომელმაც მანამდე მარცხი განიცადა. თუმცა, მისი თქმით, შეერთებული შტატები კვლავ უარზეა სირიის ოპოზიციას მიაწოდოს საბრძოლო იარაღი. მაშინ როდესაც ვაშინგტონის მოკავშირეები დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი სირიელი ამბოხებილების შეიარაღებს უჭერენ მხარს.
XS
SM
MD
LG