ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იალოვიცი: „რუსეთი თავის დომინანტობას გვახსენებს“


კენეტ იალოვიცი, აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში

ინტერვიუ შეერთებული შტატების ყოფილ ელჩთან საქართველოში და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორთან კენეტ იალოვიცთან.

ამერიკის ხმა: 10 ივლისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები აღიმართა და საზღვარი რამდენიმე ასეული მეტრით გადაიწია. რას ნიშნავს ახალი ნიშნების აღმართვა?

კენეტ იალოვიცი:საზღვრის გადაწევა საგანგაშო რამდენიმე ფაქტორის გამოა. ამას გავლენა აქვს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, ასევე ნავთობსადენზეც. ეს ფაქტი რუსეთის პოლიტიკის ნაწილად უნდა განვიხილოთ, რითაც ის რეგიონში მის ძალადობრივ დომინანტობას გვახსენებს. რუსეთის ქმედებები უკრაინაში, საქართველოსა და ბალტიისპირეთში სამხედრო და ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენებით ამ ქვეყნების დაშინებას ისახავს მიზნად. ეს რუსეთის ძალისხმევის ნაწილია, ის თავისი სიძლიერის დამტკიცებას ცდილობს და მეზობლებს აშინებს. ამით ის მეზობლებს ახსენებს, რომ დომინანტი ძალაა.

საზღვრის შეცვლა რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ის იქ არის და რომ მას ანგარიში უნდა გაუწიონ.

უკანასკნელ პერიოდში საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება უკრაინისკენაა მიმართული, მაგრამ რუსეთის საქართველოში ამ ფორმით მობრუნება არ გამკვირვებია. საზღვრის შეცვლა რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი შეხსენებაა იმისა, რომ ის იქ არის და რომ მას ანგარიში უნდა გაუწიონ. ეს იმის დემონსტრირებაა, რომ თუ რუსეთი გადაწყვეტს, ის თავისუფლად გადაადგილდება.

ამერიკის ხმა: საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ნავთობსადენის ალტერნატიულ მარშუტზე შეიძლება იმსჯელოს. როგორ ფიქრობთ ეს ჭკვიანური ნაბიჯია? ხომ შეიძლება რუსეთი ამ ნავთობსადენს გაჰყვეს და მეტი ტერიტორია მიითვისოს?

კენეტ იალოვიცი: ეს ძალიან ზუსტი შეფასებაა, თუ რუსეთი ამას მოინდომებს, იზამს კიდეც. თუ ნავთობსადენის მარშრუტი შეიცვლება და საქართველოს ტერიტორიაზე უფრო ღრმად შევა, ეს შეიძლება გამოსავალი იყოს, მაგრამ რუსეთს ეს არ შეაჩერებს.

ვფიქრობ რუსეთი ნავთობსადენის მუშაობას ხელს არ შეუშლის. ეს მასვე დააზარალებს. რუსეთის, როგორც სანდო ენერგო მომმარაგებლის რეპუტაცია უკანასკნელ პერიოდში მის მიერ გადადგმული ნაბიჯების გამო დასავლეთში ისედაც შელახულია. მსგავსი ქმედება კიდევ ერთხელ დაანახებდა ყველას, რომ ამ სფეროში რუსეთი საიმედო პარტნიორი არ არის.

ნავთობსადენის მუშაობაში ჩარევა მათზე უარყოფითად აისახება. რუსეთის მიერ ნავთობსადენის პარალიზება დასავლეთის ერთიან რეაქციას გამოიწვევს. არა სამხედრო რეაქციას, მაგრამ დასავლეთის ერთიან პასუხს. როგორც ვნახეთ, დასავლეთის ბოლო გადაწყვეტილებით რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები მომდევნო 6 თვით ძალაში დარჩა, ვფიქრობ ეკონომიკური სანქციები სწორი პასუხია.

ამერიკის ხმა: მიგაჩნიათ რომ ეკონომიკური სანქციები საკმარისი მექანიზმია რუსეთის შესაჩერებლად?

კენეტ იალოვიცი: ხშირად გაიგებთ, რომ სანქციებს რუსეთის ქმედება არ შეუცვლია. მე მჯერა, რომ სანქციებს ნავთობის ფასის ვარდნასთან ერთად, რაც ირანთან დადებული შეთანხმების მოსალოდნელი შედეგია, რუსეთის ეკონომიკაზე მზარდი ეფექტი ექნება. ირანთან დადებული შეთანხმების შედეგად ნავთობის ბაზარი უფრო მრავალფეროვანი გახდება და შესაბამისად დაიწევს მისი ფასიც. ამას დამატებული რუსეთის სხვა პრობლემები აქვს, როგორიცაა ტვინის გადინება. ამ ყველაფერს რუსეთის ეკონომიკაზე გავლენა ექნება.

ასე რომ, მე ვფიქრობ მთლიანობაში დასავლეთის პასუხი მუშაობს. არის თუ არა ეს საკმარისი პუტინის პოლიტიკის შესაცვლელად? ჯერ არ ვიცი. მაგრამ ნათელია, რომ უნდა შეფასდეს ეფექტურია თუ არა დასავლეთის პასუხი, ეს ოპტიმისტური მიდგომაა და მე ვიმედოვნებ, რომ ასე მოხდება.

ამერიკის ხმა: თქვენ დიდი ხანია თვალს ადევნებთ საქართველოს და რეგიონის პოლიტიკას, მომსწრე ხართ იმის თუ როგორ წარმოადგენდა სააკაშვილის მთავრობა საქართველოს როგორც ანტირუსულ, დასავლური მისწრაფებების მქონე ქვეყანად. დღეს მისი გუნდი აცხადებს, რომ მთავრობა არ აკეთებს საკმარისს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხრივ. თქვენი დაკვირვებით, შეიცვალა საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ?

რუსეთის, ეგრეთწოდებული, რბილი ძალა, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებს ემუქრება, დიდი თანხა იხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საგაზეთო მასალებზე, სპიკერებზე, ყველაფერზე, რაც საქართველოს ევროპას დააშორებს.

კენეტ იალოვიცი: როცა რამდენიმე წლის წინ ქართული ოცნება აირჩიეს, ბატონმა ივანიშვილმა სხვა მიდგომა წარმოადგინა. მისი თქმით, ცვლილება არ შეეხებოდა პრინციპულ საკითხებს - აფხაზეთს და ოსეთს, მაგრამ იქნებოდა მცდელობა რუსეთთან ყოველდღიური ურთიერთობა გაუმჯობესებულიყო, როგორიცაა ვაჭრობა, მოგზაურობა, კულტურა. ვფიქრობ ეს მიდგომა ყველგან მოიწონეს.

მოგვწონს თუ არა ეს, რუსეთი დიდი მეზობელია და ის არსად არ წავა, ორივე მხარეს ხალხის პირობების გაუმჯობესება კარგია, ვაჭრობის გაზრდა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ის ხელს უწყობს კონფლიქტის შემცირებას. შეცვალა კი ამან რუსეთის ქმედებები? არა. რუსეთის ძალისმიერი მეთოდები არ შეცვლილა. ვფიქრობ საქართველოს მთავრობა აგრძელებს დასავლურ ვექტორს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ვიზის ლიბერალიზაცია.

საქართველოს სჭირდება დარწმუნება, რომ მისი მონაწილეობა სამშვიდობო მისიებში მნიშვნელოვანია მისი დასავლური ვექტორისთვის. ამერიკაში აფასებენ საქართველოს კონტრიბუციას. საქართველომ უნდა გააგრძელოს თავისი ძალისხმევა. უნდა გაგრძელდეს ევროპის კავშირთან ინტეგრაცია. ეს არა მხოლოდ დაეხმარება საქართველოს, არამედ მიმზიდველი იქნება აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის.

ამერიკის ხმა: ცხადია, რომ საერთაშირისო თანამეგობრობის ყურადღებამ საქართველოდან უკრაინაზე გადაინაცვლა, მაგრამ საერთაშორისო მედიაში რუსეთისგან და პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ისევ სააკაშვილი და მისი გუნდი საუბრობს. თქვენი აზრით საქართველოს მთავრობა საკმარისს აკეთებს საკითხზე საერთაშორისო ყურადღების მისაპყრობად?

კენეტ იალოვიცი: რამდენიმე კვირის წინ აქ ევროინტეგრაციის მინისტრი იყო, მანამდე პარლამენტის სპიკერი, მალე თავდაცვის მინისტრს ველოდებით. ვფიქრობ საქართველო აქ საკმარისად იყო და თავისი პოზიცია მკვეთრად და გასაგებად წარმოადგინა.

წინა მთავრობისგან განსხვავებით ამჟამინდელი მთავრობა თვალში თითს რომ არ თხრის რუსეთს ეს ალბათ კარგი იდეაა. მნიშვნელოვანია მთავარ პრინციპებზე - აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე მყარად დადგომა, ამაზე საქართველოს დიდი მხარდაჭერა აქვს ამერიკისგან. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია.

რაც მადარდებს არის რუსეთის, ეგრეთწოდებული, რბილი ძალა, რაც არა მარტო საქართველოს, არამედ მეზობელ ქვეყნებს ემუქრება, დიდი თანხა იხარჯება არასამთავრობო ორგანიზაციებზე, საგაზეთო მასალებზე, სპიკერებზე, ყველაფერზე, რაც საქართველოს ევროპას დააშორებს. მე მხარს ვუჭერ მთავრობის კურსს ინტეგრირდეს ევროპის კავშირთან რუსეთის გაღიზიანების გარეშე, მაგრამ როცა რუსეთი საზღვარს გადმოწევს, როგორც ახლა გააკეთა, მთავრობამ ეს მკვეთრად გააპროტესტა, ვფიქრობ ზუსტად ასეც უნდა ხდებოდეს. ვფიქრობ მთავრობა ძალიან რთულ სამეზობლოსა და რთულ პერიოდში კარგად იქცევა.

XS
SM
MD
LG