ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს დელეგაციის შეხვედრები ვაშინგტონში


შეერთებული შტატების დედაქალაქში საქართველოს ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა

რეიბარნის სახელობის კონგრესის წარმომადგენელთა შენობაში საქართველოს დელეგაციის წევრებს ამჯერად შეერთებული შტატების კონგრესმენმა სტივ კოენმა უმასპინძლა. საქართველოს გენერალურ პროკურორ, არჩილ კბილაშვილთან და პარლამენტარ, დავით ონოფრიშვილთან გამართული გულთბილი შეხვედრის დასაწყისშივე კონგრესმენმა აღნიშნა, რომ ის კარგად არის ჩახედული საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მიმდინარე მოვლენებში, პირადად იცნობს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და როგორც ჰელსინკის კომისიის წევრი, საქართველოში გამართულ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მონიტორის როლსაც ასრულებდა. კონგრესმენი სტივ კოენი დემოკრატი სენატორია ტენესის შტატიდან, რომელიც კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში უკვე 6 წელია, რაც მსახურებს. ის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის და ჰელსინკის კომისიის აქტიური წევრია.

დღესვე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე წარმომადგენელთა პალატის წევრ, კონგრესმენ ჰოვარდ ბაკ მაკეონს შეხვდა, რომელიც კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტს თავმჯდომარეობს. შემდეგ მინისტრი მედიასთან შეხვედრაზე გაემართა და "ვაშინგტონ პოსტის", შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გაზეთის, სარედაქციო საბჭოს წევრებს ესაუბრა. მაია ფანჯიკიძე დღეს შეხვედრებს ბრუკინგსის ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან და რამდენიმე ამერიკელ კანონმდებელთან გეგმავს.

დღევანდელ დღეს დაასრულებს საქართველოს საელჩოში გამართული მიღება, რომელსაც საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მაია ფანჯიკიძე უმასპინძლებს. ხვალ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრებს წინ კიდევ ერთი დატვირთული დღე აქვთ, რითაც საქართველოს დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ვაშინგტონში ამოიწურება.
XS
SM
MD
LG