ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კადაფი დანებებას არ აპირებს


კადაფი დანებებას არ აპირებს

ოფიცრების ერთი ნაწილი ოპოზიციას უჭერს მხარს, მეორე ნახევარი კი კადაფის ერთგულია და მისი ბრძანებით ოპოზიციის წინააღმდეგ ძალას იყენებს

ლიბიის კონფლიქტში ჩართული არცერთი მხარე არ აპირებს პოზიციების დათმობას. ოპიზიციური ძალები აჯანყებული არმიის ქვედანაყოფებთან ერთად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილშია გამაგრებული. ლიბიის ლიდერი, მუამარ კადაფი, კი დაცვასთან და პოლიციურ ძალებთან ერთად ჯერ კიდევ აკონტროლებს ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლის და მის შემოგარენს.

გვესაუბრება მაიკლ დუნი, ახლო აღმოსავლეთის სპეციალისტი კარნეგის სახელობის მშვიდობის სართაშორისო ფონდიდან:

“სიტუაცია ლიბიაში ძალზე საშიშია. იქ მოვლენები ისე მშვიდობიანად აღარ განვითარდება, როგორც ეს ეგვიპტეში და ტუნისში მოხდა. ჯერჯერობით ძალზე ძნელია რაიმეს თქმა. თუმცა, ძალადობის და სამოქალაქო ომის პროგნოზირების ყველა მონაცემი გვაქვს“.

ლიბიის არმიაშიც განხეთქილებაა. ოფიცრების ერთი ნაწილი ოპოზიციას უჭერს მხარს, მეორე ნახევარი კი კადაფის ერთგულია და მისი ბრძანებით ოპოზიციის წინააღმდეგ სამხედრო ძალას იყენებს. პოლიტიკური სიტუაცია ქვეყანაში, შეიძლება ითქვას, ჩიხში შევიდა.

დევიდ მექი ვაშინგტონში ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის თანამშრომელია. იგი რამდენიმე წელიწადი ტრიპოლიში დიპლომატად იყო მივლინებული. მისი თქმით, ოპოზიცია კარგ ფორმაში იქნება, ვიდრე ლიდერებს შორის განხეთქილება არ დაიწყება. თუმცა აჯანყებულებს ჯერჯერობით მაინც არ შესწევთ ძალა დაამარცხონ კადაფი.

საერთაშორისო ზეწოლის ზრდის მიუხედავად, ლიბიის ლიდერმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ იგი არ აპირებს პოზიციების დათმობას. ასე რომ დევიდ მექის აზრით, ლიბიის მშვიდობიან მოსახლეობაში კიდევ უფრო მეტი მსხვერპლი იქნება:

“მან განაცხადა, რომ უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლებს. სამწუხაროა, მაგრამ ეს იმას მოასწავებს, რომ კიდევ ბევრი უდანაშაულო ლიბიელი შეეწირება ძალაუფლებისთვის ბრძოლას. რეალურად კადაფის ქვეყნის გარეთ არანაირი უსაფრთხოების გარანტია არ გააჩნია. ესეც იმის მიმანიშნებელია, რომ იგი არსად წავა“.

ცივი ომის დროს მუამარ კადაფიმ საბჭოთა კავშირისგან ასეულობით საავიაციო და მძიმე საბრძოლო ტექნიკა შეიძინა. თუ რა ხარისხის ტექმომსახურება უტარდებოდა ამ საკმაოდ მოძველებულ თვითმფრინავებს და ტანკებს, ეს ცალკე მსჯელობის საკითხია. თვითმხილველების განცხადებით, კადაფის მხარდამჭერებმა ტექნიკის ნაწილი ააფეთქეს, რათა ის ოპოზიციას არ ჩავარდნოდა ხელში.

დასავლეთის ოფიციალური პირები ლიბიის საჰაერო სივრცის არა-საფრენ ზონად გამოცხადების საჭიროებას განიხილავენ. სულ უფრო და უფრო მეტი ექსპერტი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობა უნდა ჩაერიოს ლიბიის კონფლიქტის მოგვარებაში. ზოგიერთი მათგანი თვლის, რომ სიტუაცია გაურკვეველი დარჩება კადაფის გადადგომის შემთხვევაშიც, რადგან ქვეყანაში არ არსებობს სერიოზული პოლიტიკური ან სამხედრო ძალა. ასე რომ, ჯერჯერობით არავინ უწყის ვინ მოვა ხელისუფლებაში კადაფის შემდეგ.

XS
SM
MD
LG