ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში ავღანელ ჟურნალისტს თავს დაესხნენ


ქაბულში ავღანელი ჟურნალისტი დაჭრეს. დამოუკიდებელი გამოცემის “Ufuq News”-ის რეპორტიორს, ჯავედ იუსუფს თავს დასავლეთ ქაბულში, კვირას საღამოს დაესხნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ, გამოცემა და ადგილობრივი მედიის უფლებადამცველი ორგანიზაციები ავრცელებენ. გამოცემის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტს სამი მამაკაცი დაესხა თავს და დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. ჟურნალისტი ამ დრომდე საავადმყოფოში, სპეციალური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

თალიბანის სპიკერი აცხადებს, რომ თავდამსხმელები მძარცველები იყვნენ. თუმცა გამოცემა აცხადებს, რომ თავდამსხმელებს არ წაუღიათ ჟურნალისტის ფული, ან პირადი ნივთები, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მომხდარის მიზანი ძარცვა არ იყო.

გამოცემა გმობს ჟურნალისტზე მომხდარ თავდასხმას და თალიბანს, მედიაჯგუფებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, “გადადგან სერიოზული და პრაქტიკული ნაბიჯები, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად.”

იუსუფზე თავდასხმამდე, ქაბულში კიდევ ერთი ჟურნალისტი სცემეს და ტექნიკა წაართვეს, მინიმუმ სამი ჟურნალისტი კი დააკავეს.

თალიბანის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერი აცხადებს, რომ ჟურნალისტებზე მომხდარ თავასხმების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, თალიბებმა არაერთხელ დადეს პირობა, რომ პატივს სცემდნენ პრესის თავისუფლებას და ავღანეთის დამოუკიდებელ მედიას.

მაგრამ ჰუჯათულა მუჯადიდი, ავღანეთის დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ თალიბანმა ვერ უზრუნველყო ჟურნალისტების დაცვა.

„თალიბანი გვპირდება გამოძიების ჩატარებას, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი საქმე არ არის გამოძიებული“ - აცხადებს ამერიკის ხმასთან საუბრისას მუჯადიდი.

თალიბების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, მედიის უფლებებადამცველმა ჯგუფებმა ჟურნალისტების დაკავების ან ცემის ათობით შემთხვევა დააფიქსირეს.

თალიბებმა გაავრცელეს მედიის სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც რეპორტიორების თქმით, მედიის კონტროლის მცდელობას წარმოადგენს. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებით, თალიბანის პირობებში, მინიმუმ 150 მედიასაშუალებაა დახურული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG