ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჟურნალისტთა უსაფრთხოების სახელმძღვანელო

მსოფლიოს მასშტაბით მრავალი ჟურნალისტი ხშირად თავდასხმების, დაკავების, დაშინების მსხვერპლია. ზოგიერთ მათგანს პროფესიული მოვალეობის შესრულება საკუთარი სიცოცხლის ფასადაც უჯდება. სტატისტიკის თანახმად 1992 წლიდან დღემდე, საქართველოში 8 ჟურნალისტია მოკლული.

ნიუ-იორკში ასრებულმა ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა სულ ახლახანს ჟურნალისტთა უსაფრთხოების სპეციალური სახელმძღვანელო გამოსცა. მისი ავტორი ფრენკ სმაიტი, ჯურნალისტთა უსაფრთხოების საკითხის უფროსი მრჩეველი, დღეს „ამერიკის ხმის“ ეთერის სტუმარია:

- ბატონო სმაიტ, მადლობას მოგახსენეთ ჩვენთან საუბრისათვის თუ შეიძლება გვითხარით რა მდგომარეობაა მსოფლიოს მასშტაბით ჟურნალისტთა უსაფრთხოების თვალსაზრისით?

- დღესდღეობით ჟურნალისტებზე ძალადობისა და ზეწოლის ფაქტები მომრავლებულია, რაც უმეტეს შემთხვევაში მათი სიკვდილით მთავრდება. დაახლოებით 4-დან 3 ჟურნალისტი სამსახურებრივი მოვალეობის დროს ან ნაღმზე ფეთქდება, ან ტყვიით იღუპება. სამწუხაროდ, მსგავსი ფაქტები ამ 20 წლის განმავლობაში საგრძნობლად გახშირდა. უფრო მარტივად რომ ავხსნა ასე ვიტყოდი, მსოფლიოს მაშტაბით, დაახლოებით, ყოველ მე-11 დღეს თითო ჟურნალისტს მაინც კლავენ. ამ პროცესში მთავრობები საკმაოდ უარყოფით როლს თამაშობენ და უმეტეს შემთხვევაში პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ.

- საინტერესოა, ამ მხრივ რა ვითარებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და განსაკუთრებით საქართველოში?

- საქართველოში მედიაზე ხელისუფლების კონტროლი და გავლენა საკმაოდ თვალშისაცემია. დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებენ შეზღუდულია. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ, დღემდე 6 ჟურნალისტი კვლავ ციხეშია. ამ ორი მაგალითის მოყვანით ნათლად ჩანს თუ როგორ ხორციელდება ჟურნალისტებზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა.

- სულ ახლახანს, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა, ჟურნალისტებისათვის უსაფრთხოების სახელმძღვანელო გამოსცა. რა დანიშნულება აქვს მას?

- აღნიშნული სახელმძღვანელო არა მარტო ფიზიკურ საფრთხეებს მიმოიხილავს, არამედ ციფრულ საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. ჩვენ ვცდილობთ ჟურნალისტებს მეტი ცოდნა და გამოცდილება მივცეთ ამ მხრივ. მათ პირადი დაცვის უნარი უნდა გამოუმუშავდეთ რომ სხვადასხვა სახის თავდასხმებს გაუმკლავდნენ; რაც შეეხება ციფრულ უსაფრთხოებას - ვგულისხმობთ ინფორმაციის უვნებლად მიღებასა და გავრცელებას. ჟურნალისტმა სამუშაოს შესრულებამდე წინასწარ უნდა იცოდეს და ასევე განსაზღვრული უნდა ჰქონდეს რისკ- ფაქტორები.

- რა მნიშვნელობა აქვს ამ შემთხვევაში ციფრულ მედიას?

- გამოცდილებამ გვაჩვენა რომ ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია, ინტერნეტ მედიის წარმომადგენლები არიან. ონლაინ რეჟიმში მომუშავე რეპორტიორებმა უნდა იცოდნენ რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია შეიძლება დაბლოკონ ან მოიპარონ. ამიტომ ეს ყველაფერი წინასწარ უნდა იყოს გათვალისწინებული.

- ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ ფიზიკური ზეწოლის გარდა ჟურნალისტები დიდ ემოციურ სტრესაც განიცდიან, ამ მხრივ რა რეკომენდაციებს იძლევა თქვენი სახელმძღვანელო?

- სახელმძღვანელოს ბოლო თავი სწორედ ამ სტრესთან ბრძოლას შეეხება. ჟურნალისტებს ადექვატურ მოვლენებზე გაწონასწორებული რეაქცია უნდა ჰქონდეთ და ნებისმეირ კრიტიკულ სიტუაციას სიმშვიდე უნდა დაუპირისპირონ.

- და ბოლოს, იქნებ ჩვენს რადიომსმენელს უთხრათ, თუ სად შეუძლიათ ამ სახელმძღვანელოს მოპოვება?

- ჩვებს ვებგვერდზე სამი დაბლიუ წერტილი სიპიჯეი.კომ. სახელმძღვანელო ნათარგმნია ესპანურ ფრანგულ და არაბულ ენებზე. ასევე შეგიძლიათ გადმოტვირთოთ ეფლის, აიფედის აპლიკაციიებისა და ამაზონის საშუალებით.

- დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ინტერვიუსათვის და წარმატებებს გისურვებთ.

- მადლობთ.

XS
SM
MD
LG