ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯონ კერი, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მკაცრად აკრიტიკებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ხელი აღარ მოაწეროს ირანის ბირთვულ შეთანხმებას და ამით აღიაროს ის, რომ თეირანი არ ასრულებს 2015 წელს ექვსი ქვეყნის მიერ ხელმოწერილ ბირთვულ შეთანხმებასამ შეთანხმებას.

კერიმ თქვა, რომ აშშ-ის ამ გადაწყვეტილებით, "პირადი ეგოსა და იდეოლოგიის გამო, ფაქტების დაუდევარი უგულვებელყოფა მოხდა, რაც გვაშორებს მოკავშირეებისგან, აძლიერებს ხისტ პოლიტიკოსებს ირანში, ართულებს ჩრდილოეთ-კორეის კრიზისის მოგვარებას და გვაახლოებს სამხედრო კონფლიქტთან."

პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვეტილება, რომ ის მხარს აღარ დაუჭერს ირანის ბირთვულ შეთანხმებას, პარასკევს გამოაცხადა. ამით მან აშშ-ის კონგრესს 60 დღის ვადა მისცა განიხილოს თეირანისთვის, ბირთვული შეთანხმების შეუსრულებლობის გამო, სანქციების აღდგენის შესაძლებლობა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ ერთი რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ ეფუძნება ამგვარი შეთანხმების შეწყვეტა. მან დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს ბევრი უფლება აქვს, მაგრამ არა ეს, ზემოხსენებული შესაძლებლობა.

ირანის პრეზიდენტმა პარასკევსვე განაცხადა, რომ ირანის ბირთვული შეთანხმება, რომელიც 2015 წელს გაფორმდა, არ უნდა გაუქმდეს.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გაავრცელეს, აღინიშნა, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების სამომავლო, შესაძლო გავლენით.

იმავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ელის, რომ აშშ-ის მეგობრები და მოკავშირეები მხარს დაუჭერენ ამერიკის ძალისხმევას ირანის საფრთხეებთან გასამკლავებლად.

მოსკოვიდან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი იტყობინება, რომ მოსკოვს გადაწყვეტილი აქვს ირანის ბირთვულ შეთანხმებას მხარი დაუჭიროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG