ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბოლტონის ვიზიტი საქართველოში წინასაარჩევნოდ


ჯონ ბოლტონი თბილისში, 26 ოქტომბერი, 2018. "რადიო თავისუფლების"ფოტო
ოფიციალური ვიზიტით საქართველოში დღეს ჯონ ბოლტონი, აშშ-ს პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი იმყოფებოდა. ის პრემიერ მინისტრს მამუკა ბახტაძეს, საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, შს მინისტრს გიორგი გახარიასა და თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას შეხვდა. მანამ, სანამ საქართველოს დატოვებდა ბოლტონმა პრესკონფერენცია გამართა.
„მშვენიერი შეხვედრები მქონდა მინისტრებთან. ჩვენი საუბარი რეგიონში არსებულ ვითარებასა და საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებსა და თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. ჩვენთვის მაღალი პრიორიტეტის საკითხია ეს რეგიონი, მისი სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერები ვართ და ამ პოზიციას არ ვიცვლით. ჩვენ გვაქვს სამხედრო ხასიათის ურთიერთობა, რის თაობაზეც კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ დღეს.
ასევე მნიშველოვანია სავაჭრო-ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით ჩვენი თანამშრომლობა და ამ თვალსაზრისით ამერიკული ინვესტიციების გაზრდის შესაძლებლობა“.
აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ აშშ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მხარდამჭერია და რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტ ბუშის მუშაობის პერიოდში, 2008 წლის აპრილში ეს მხარდაჭერა ასეთივე მტკიცე იყო. ბოლტონი ამბობს, რომ ამ მიმართულებით საქართველომ ევროპელ პარტნიორებთან უნდა ისაუბროს.
რუსეთის მიმართ აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციების ერთ-ერთი მიზეზი, რომ 2008 წლის რუსეთის თავდასხმაა უცხო ქვეყანაზე, ეს პრესკონფერენციაზე ბოლტონმა კიდევ ერთხელ აღნიშნა.
ჯონ ბოლტონი საქართველოში ჩამოსვლამდე მოსკოვში იმყოფებოდა, სადაც პრეზიდენტ პუტინს შეხვდა. მათ რომ საქართველოს შესახებ მოსაზრებები გაცვალეს, ბოლტონმა დაადასტურა. „შეხვედრის ბოლოს პუტინმა მკითხა, ხვალ სამხრეთ კავკასიაში აპირებთ გამგზავრებას? მე ვფიქრობ, ეს საკითხი მას უყურადღებოდ არ დაუტოვია“,- განაცხადა ბოლტონმა.
ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ვიზიტის თაობაზე აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ორი კვირის წინ განაცხადა ტვიტერის საკუთარ გვერდზე. „20 ოქტომბრიდან ვიმოგზაურებ რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში, სადაც შევხვდები ოფიციალურ პირებს იმ მიზნით, რომ გამყარდეს ამერიკის ინტერესები უსაფრთხოების მიმართულებით“.
რეგიონული უსართხოების საკითხები ამ ეტაპზე დასავლეთის ყურადღებას მნიშვნელოვნად იპყრობს. ბოლტონის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვიზიტის ძირითადი საფუძველიც სწორედ ეს გახლდათ. აშშ-მ ბირთვული ძალების შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა იქიდან გამომდინარე, რომ არსებული რეალობა შეთანხმების პირობებთან თანხვედრაში აღარაა.
ეს მოსაზრება ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ რუსეთმა უკვე არაერთხელ დაარღვია ხელშეკრულება და ის ვერ ახერხებს დაიცვას პირობები, რის თაობაზეც თავის დროზე აშშ და სსრკ შეთანხმდნენ. 1987 წლიდ 8 დეკემბერს რონალდ რეიგანსა და მიხეილ გორბაჩოვს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მხარეებმა უარი თქვეს საშუალო და ახლო მოქმედების ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების შექმნაზე, არსებული კი უნდა განადგურებულიყო. პუტინის პასუხი ამაზე უკუბრალდებაა. ის მიიჩნევს, რომ შეთანხმება არა რუსეთმა, არამედ აშშ-მა დაარღვია აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განლაგებით.
ბოლტონის ვიზიტით მოსკოვში გაირკვა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი და პუტინი ამ საკითხზე პარიზში კიდევ ერთხელ ისაუბრებენ, თუმცა აშშ-ს პრეზიდენტი პოზიციის შეცვლას შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე არ გეგმავს.
სხვადასხვა დროს, ბოლტონის მიერ დაფიქსირებული მოსაზრებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ ის რუსულ საფრთხეს სრულიად ადექვატურად აღიქვამს. პუტინის რეჟიმს და მის თამაშის წესებს, ქცევას, როდესაც ქვეყნის ლიდერები არ გრძნობენ პასუხისმგებლობას შეთახმებების დარღვევის თაობაზე, ის ადარებს სირიის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის რეჟიმებს.
„განხილულ იქნა საქართველოსა და რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები... რეგიონული უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს განსაკუთრებული პარტნიორისა და მოკავშირის მზარდ როლს. საუბარი შეეხო საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე აღინიშნა საქართველოს მიერ გაწეული კონტრიბუცია გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში,“- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში. თავად მინისტრმა დავით ზალკალიანმა კი განაცხადა:
„ეს იყო უაღრესად მნიშნველოვანი ვიზიტი. ბოლტონის როლი დიდია გლობალური უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის პროცესში, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. ბოლტონი საქართველოს ეწვია მოსკოვში ვიზიტის შემდგომ. ჩვენ ვისაუბრეთ არჩევნების შესახებაც. არჩევნების მზადების პროცესი პოზიტიურადაა შეფასებული მის მიერ. ჩვენ ყველა პირობა გვაქვს შექმნილი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისთვის, რათა ისინი დაესწრონ და შეაფასონ საარჩევნო გარემო და არჩევნები. ყველა კანდიდატს აქვს თანაბარი პირობები და შესაძლებლობები. ვფიქრობ, ჩვენ გვექნება ისეთი მაღალი დონის შეფასება არჩევნების თაობაზე, როგორიც წინა არჩევნებზე გვქონდა. ვისაუბრეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ განხორციელებულ ანექსიაზე რუსეთის მიერ, ადამიანთა გატაცებაზე, მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხების აქტუალიზება საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში.“
ჯონ ბოლტონი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის პოზიციას მიმდინარე წლის გაზაფხულიდან იკავებს ტრამპის ადმინისტრაციაში.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG