ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯიოევა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს


ჯიოევა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს
ჯიოევა ბრძოლის გაგრძელებას აპირებს

დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი და გასული წლის ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა, რომელიც ერთი კვირის წინ ცხინვალის საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში აღმოჩნდა მის სახლში ძალოვანების ვიზიტის შემდეგ, აცხადებს, რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და უკან დახევას არ გეგმავს. ამ დროისთვის სამკურნალო დაწესებულება, სადაც ის იმყოფება კვლავ ძალოვანების მიერაა ბლოკირებული. ჯიოევა, მას შემდეგ, რაც საკუთარი პოლიტიკური გეგმები გააცხადა, გამუდმებით საუბრობდა იმის შესახებ, რომ რუსეთი ოსებისთვის ერთადერთი მოკავშირეა და მათ სხვა არავინ ესაჭიროებათ, თუმცა ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო იგი სულ უფრო და უფრო ხშირად ახსენებდა იმას, რომ რუსეთი სხვაა და მისი კორუმპირებული ჩინოვნიკები სხვა. იგი შეეცადა ამის თაობაზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისთვისაც მიეწოდებინა ინფორმაცია, თუმცა ჯიოევას მოსმენა საჭიროდ არავინ ჩათვალა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში ოსური დიასპორის წარმომადგენლებმაც არაერთხელ განაცხადეს. მიუხედავად ყველაფრისა, სამხრეთ ოსეთში შიში და სიყვარული რუსეთის მიმართ თანაბარია.

ერთ–ერთ ოს ბლოგერს საკუთარ ვებგვერდზე ახალგაზრდა ჩეჩენი გოგონას ლექსი აქვს გამოტანილი. „თოვლიანი რევოლუცია სამხრეთ ოსეთში“ – ასე ეწოდება მას. „ეს თვით დეჟავუც კი აღარაა უკვე“– ამ სიტყვებით იწყება ჩეჩენი გოგონას ლექსი, რომელიც ამბობს, რომ ერთ კავკასიაში მტერიც მხოლოდ ერთია ოსების და ჩეჩნებისთვის.

ჩვენ შევძელით ბლოგერთან დაკავშირება და მასთან ინტერვიუს ჩაწერა, თუმცა მისი ვინაობის გამხელა, მისივე უსაფრთხოების მიზეზის გამო არ შეგვიძლია. „რუსეთი არ არის ერთგვაროვანი. რამდენადაც მე ვაკვირდები კავკასიის უახლეს ისტორიას, რუსეთი დგამს ბევრს დაუფიქრებელ ნაბიჯს. არ ფიქრობენ, წინასწარ რას აკეთებენ. ბევრი რამე სპონტანურად გამოდის. რაც არ უნდა გაეკეთებინა ბროვცევს, როგორც არ უნდა მოქცეულიყვნენ, ინაუგურაციის შემდეგ, ყველანაირად, ოსური კანონებითაც და საერთაშორისო კანონდმდებლობითაც, ალა ჯიოევა პრეზიდენტად ჩაითვლებოდა. ამიტომ მათ ასეთი ფორმით ჩაშალეს მისი ინაუგურაცია.

დამოუკიდებელი ჟურნალისტისთვის ასეთ პირობებში მუშაობა ძალიან რთულია. მაგალითად, ოსი ბლოგერი სოსლან კოკოევი ზის ახლა ვლადიკავკაზის ციხეში. მისი საქმე ძალიან ნელა მიიწევს წინ. მას ნარკოტიკების გასაღება ბრალდება, დაიწყო სასამართლო პროცესები, მაგრამ ეს როდის დამთავრდება კაცმა არ იცის. მეც რა თქმა უნდა მეშინია. მუშაობა ცხინვალში ძალიან რთულია. მე მომიხდა იქიდან წამოსვლა. გასულ წელს, დეკემბერში მეც დამაკავეს ვლადიკავკაზში. სამი მუხლით აღიძრა საქმე ჩემს წინააღმდგეგ. ბრალად მედებოდა აქციის ორგანიზება, ძალოვანების მიმართ შეუსაბამო დამოკიდებულება, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. არანაირი აქცია მე არ დამიორგანიზებია. სასამართლოები ახლაც მიმდინარეობს. თუმცა ვიტყვი იმასაც, რომ რუსეთის ტერიტორიაზე აქციების მონაწილეებს არბევდნენ და აპატიმრებდნენ უფრო დიდი სისასტიკით, ვიდრე ოსეთში. საიტ უასამონგას ერთ–ერთ თანამშრომელთან დღესაც ყოველ დღე დადიან უშიშროების წარმომადგენლები და ამოწმებენ რას აკეთებს. კავკასიაში ასე გამოდის, რომ ქალები უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები და უფრო ბევრს უძლებენ“,– ამბობს ოსი ბლოგერი.

ცხინვალში ჯიოევას გადაწყვეტილებას და მის მიერ გაცხადებულ მომავალ სამოქმედო გეგმას ყველა გაფაციცებით ელის. გასული კვირის ხუთშაბათ დღეს ჯიოევას სახლში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ინფორმაცია დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ოფციალურ ვებგვერდზეც კი არ განახლებულა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG