ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ქაოსი მსოფლიოს ბირჟებზე


მორიგი ქაოსი მსოფლიოს ბირჟებზე

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ხელს უწვდის მიწისძვრით და ცუნამით სასტიკად დაზარალებულ იაპონიის სახელმწიფოს, საფონდო ბირჟებზე სრულიად საპირისპირო ტენდენცია აღინიშნება. ინვესტორები სასწრაფოდ ჰყიდიან და თავიდან იცილებენ აქციებს, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ კავშირშია სტიქიურ უბედურებასთან.

იაპონიას მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის ეკონომიკა აქვს. მისი პროდუქცია მთელ მსოფლიოში იწარმოება და იყიდება. ამიტომაც იაპონიის ეკონომიკის ვარდნა მსოფლიო ბაზარს უკვე ეტყობა, ამბობს იაპონიის ექსპერტი სტრატეგიული საერთაშორისო კვლევითი ცენტრიდან, ნიკოლას საიჩენი.

„იაპონია წარმოებით და გლობალური მიწოდების ქსელით მჭიდროდაა ინტეგრირებული აზიის და წყნარი ოკეანის მთელ რეგიონთან. არ დაგავიწყდეთ, საქმე გვაქვს უკვე საკმაოდ გლობალიზებულ ეკონომიკასთან იმპორტის და ექსპორტის განვითარების ყველა კომპონენტით. ეს საკმაოდ რთული და ურთიერდამოკიდებულებაში მყოფი მწყობრი სისტემაა, რომლის ერთი რგოლის შეყოვნებასაც კი შეუძლია კატასტროფული ზეგავლენა მოახდინოს საერთაშორისო ეკონომიკაზე“.

სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა მოსალოდნელმა ბირთვულმა კრიზისმა და მსოფლიოს საფონდო ბირჟებზე ხელახალი მკვეთრი ვარდნა მოხდა. იაპონიის მთავრობამ სასწრაფო ზომები მიიღო და საფონდო ბაზარზე მრავალმილიარდიანი ინექცია განახორციელა. თუმცა ამან სიტუაციას ვერ უშველა. ინვესტორები მასიურად ჰყიდიან იმ კომპანიების აქციებს, რომელთა ბიზნეს-ინტერესები იაპონიასთან რაიმე სახის კავშირშია. იაპონელი ექსპერტი მასაკი კანო, კომპანიიდან „ჯეიფი მორგან სიქიურითიზ“, აღნიშნავს, რომ ზედმეტი სიფრთხილე და პანიკა ამ სიტუაციაში ძალზე სარისკოა და სრულიად არაადეკვატური შედეგი შეიძლება მოუტანოს გლობალურ ეკონომიკას.

ამასობაში ევროპის და ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების გაყიდვა და მათი ფასების ვარდნა გრძელდება. ამ აქციებს ხშირ შემთხვევაში არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვთ იაპონიის ეკონომიკასთან.

იაპონიის მთავრობამ კიდევ უფრო გაზარდა ინვესტიცია ქვეყნის ფინანსური სისტემის გადასარჩენად. სტიქიური უბედურების შემდეგ განხორციელებულმა საბირჟო ინექციამ 250 მილიარდს მიაღწია. ანალიტიკოსები შორს მიმავალი პროგნოზებისგან ჯერ თავს იკავებენ. მათი თქმით, მსოფლიოს ზომით მესამე ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი ჯერ კიდევ უნდა დაჯამდეს.

XS
SM
MD
LG