ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონურ კლინიკაში მოხუცები სიცივით გარდაიცვალნენ


იაპონურ კლინიკაში მოხუცები სიცივით გარდაიცვალნენ
იაპონურ კლინიკაში მოხუცები სიცივით გარდაიცვალნენ

ქალაქ ტაგაჯოს სენ იენის საავადმყოფოს თითქმის ორი კვირაა წყალი, დენი და გაზი არ მიეწოდება. პერიოდულად ელემენტარული წამლების დეფიციტსაც განიცდიან. აქ ხშირად გაიგებთ მოხუცების კვნესას, რომლებსაც ძალიან სცივათ. განსაკუთრებით ღამე უჭირთ, როცა ტემპერატურა საავადმყოფოში ნულზე დაბლა ჩამოდის. იოჩი ჰაშიგუჩიმ, მთავარი ექიმის მოადგილემ გვითხრა, რომ მათ კლინიკის ქვედა სართულებზე 12 მოხუცი სიცივით გარდაეცვალათ.

“ასაკოვანი პაციენტების უმეტესობა ინსულტით, დამბლით ან ცერებრალური ინფექციით არის შემოსული. მათ მოძრაობის უნარი დაკარგული აქვთ და ხელოვნურ კვებაზე გვყავს. ყინვას კიდევ ისიც დაემატა, რომ მათი სპეციალური საკვებიც გამოგველია და ისინი საკმარის საზრდოს ვეღარ იღებენ“.

ექიმები და ექთნები მაქსიმალური ეფექტურობით მუშაობენ ჩამობნელებულ კლინიკაში. ისინი იმპროვიზირებულ გაზქურებზე წყალს ადუღებენ, ბოთლებში ასხამენ და საწოლში უდებენ პაციენეტებს, რომ არ გაიყინონ. ტომომი გოტო ერთ-ერთია იმ ექთნებს შორის, რომელიც დღე-ღამეში 18 საათი მუშაობს.

„ძალიან ცივა და ვერაფრით ვეხმარები ავადმყოფებს. სახლში საშინელ გუნებაზე მივდივარ, თუმცა ვცდილობ აქ არაფერი შევიმჩნიო. პაციენტებმა განწყობა რომ შემატყონ, უფრო ინერვიულებენ და ეს მათ ჯანმრთელობაზეც იმოქმედებს. ამიტომ სულ ვიღიმები“.

გოტოს მანქანა ცუნამმა წაიღო და ის ყოველთვის ვერ ახერხებს სახლში დაბრუნებას. მას ხშირად კოლეგებთან ერთად ცივ იატაკზე ძინავს. გოტოს თქმით, მის ბევრ თანამშრომელს სახლი მიწისძვრამ დაუნგრია და მათ სხვა გამოსავალი არც აქვთ. აღარ მუშაობს საავადმყოფოს სამრეცხაო. ამიტომ სუფთა თეთრეულიც აკლია კლინიკას.

მთელ იაპონიაში საწვავის მკვეთრი დეფიციტია, რის გამოც ვერაფრით მოხერხდა ყველაზე მნიშვნელოვანი მედიკამენტებით და ერთჯერადი სტერილური საშუალებებით მომარაგების აღდგენა. ჯარის ქვედანაყოფმა დროებით ელექტრო გენერატორი დააყენა, რომელსაც კლინიკა გადაუდებელი ოპერაციების ჩასატარებლად დღე-ღამეში მხოლოდ 2 საათით რთავს.

ორიოდ კვირის წინ იაპონიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამედიცინო მომსახურება ჰქონდა. იაპონიის მოქალაქეები კი სიცოცხლის ხანგრძლივობით ყველა სხვა ქვეყნის მოსახლეობას უსწრებდნენ. დღეს ქვეყნის მედიცინა კრიტიკულ მდგომარეობაშია. მიწისძვრამ და ცუნამმა ათიათასობით სიცოცხლე წაიღო და ვინ იცის კიდევ რამდენი ათასი ადამიანის ჯანმრთელობა საფრთხეში ჩააგდო.

XS
SM
MD
LG