ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამოქმედებას გეგმავს


იაპონია ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამოქმედებას გეგმავს
იაპონია ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამოქმედებას გეგმავს

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ იაპონიამ თავისი ბირთული რეაქტორების უმეტესი ნაწილი დახურა.

ამჟამად იაპონიის მთავრობა ატომური ელექტროსადგურების ხელახლა ამოქმედებას გეგმავს, რამაც ამ ქვეყნის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის უკამაყოფილება გამოიწვია.

ამას წინათ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორები თოვლით დაფარულ ოჰაის ბირთვულ რეაქტორს ეწვივნენ, რომელზეც საგანგაშო მდგომარეობის ტესტის ჩატარება იყო დაგეგმილი.

იაპონიის 54 ბირთვული რეაქტორიდან ამჟამად მხოლოდ სამი მუშაობს. დანარჩენები ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ დაკეტეს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით იაპონელთა უმრავლესობა ატომური ელექტროსადგურების ამოქმედების წინააღმდეგია.

როგორც ტოკიოში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილე კენ ვატანაბე ამბობს:“ მე არ მესმის რატომ უნდა ვიყოთ დამოკიდებულნი ატომური ელექტროსადგურების მუშაობაზე. ბირთვული რეაქციის შეჩერებას ხომ ასეულობით წელიწადი ჭირდება. მე არ ვენდობი პოლიტიკოსების დაპირებებს, რომლებიც ვითომ ხალხის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.“

იაპონიის საზოგადოებაში ამ საკითხის მიმართ არსებული სკეპტიციზმი კიდევ უფრო გაიზარდა, მას შემდეგ რაც სამთავრობო საბჭოში შემავალმა ორმა ექსპერტმა საჯაროდ განაცხდა, რომ ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე მომხდარი ავარიის შემდეგ ხელისუფლებამ ვერაფერი ისწავლა.

ექსპერტების მტკიცებით სპეციალური ტესტების დროს მხოლოდ ერთი ბუნებრივი კატაკლიზმის სცენარი გაითამაშეს, მაშინ როდესაც ფუკუშიმას შემთხვევაში ძლიერი მიწისძვრა და ცუნამი ერთობლივად მოხდა.

ტოკიოს უნივერსიტეტის ექსპერტის ჰირომიცუ ინოს განცხადებით:“ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინსპექტორებმა იაპონია ისე დატოვეს, რომ არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ. მე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მთავრობას უბრალოდ მათი დასტური ჭირდებოდა იაპონური ენერგოკომპანიების ასამუშავებლად.“

ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარ ავარიამდე იაპონია თავისი ელექტროენერგიის მესამედს ბირთვული ობიექტებიდან იღებდა. ტოკიოს უნივერსიტეტის ენერგო ექსპერტის პოლ სკალაიზის თქმით:“ ბირთვული ენერგია მათი პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება იყო. ფუკუშიმას ავარიის შემდეგ კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. რადგან არავინ იცის რამდენად შესაძლებელია ატომური ენერგიისგან მიღებული კილოვატ-საათების შეცვლა მზის ან ქარის ენერგიით.“

როგორც ცნობილია იაპონია უკიდურესად სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს. რაც საშიშროებასთან ერთად გარკვეულ სიკეთესაც შეიცავს, რადგან ვულკანებით და გეიზერებით მდიდარ ქვეყანაში ენერგეტიკაში თერმული წყლების გამოყენების ფართო პერსპექტივა არსებობს. თერმული წყლები ეკოლოგიურად სუფთა და იაფი ელექტროენერგიის გამომუშავების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. მაგრამ მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ წყლებით მდიდარი ბუნება მხოლოდ იაპონიის ეროვნულ პარკებშია. ეს კი ხელშეუხებელი ტერიტორიაა.

დღეს იაპონია მძიმე არჩევანის წინაშე დგას,- განაახლოს ბირთვული რეაქტორების მუშაობა, თუ ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიულ წყაროებზე იფიქროს, რომელთა განვითარება ძვირადღირებული და ხანგრძლივი პროცესია.

XS
SM
MD
LG