ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეიმს ვულზი “ისლამურ სახელმწიფოზე” და ამერიკის სტრატეგიაზე


ჯეიმს ვულზი, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი

როგორ გაძლიერდა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ და როგორ უნდა დაუპირისპირდეს მას დასავლეთი? ამ თემაზე „ამერიკის ხმა“ შეერთებული შტატების დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილ დირექტორს ჯეიმს ვულზის ესაუბრა.

დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორი და ამჟამად, მსოფლიო პოლიტიკის ინსტიტუტის კანცლერი ჯეიმს ვულზი მიიჩნევს, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ გაძლიერებაში განსაკუთრებული როლი ეგრეთწოდებული სახალიფოს შექმნამ და ახალგაზრდა წევრებმა შეიტანეს, რომლებიც დაჯგუფებაში გასაწევრიანებლად მთელი მსოფლიოდან ჩადიან.

მისი აზრით, დაჯგუფებასთან ბრძოლას ბევრად ართულებს მისი მოქმედების აქამდე უპრეცენდენტო მეთოდები, განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება.

ვფიქრობ, მნიშვნელოვნად ახალი ეტაპია დაჯგუფების მიერ აპლიკაციების და ვიდეო თამაშების გამოყენება
ჯეიმს ვულზი

​"ამ აპლიკაციებით და თამაშებით დაშიფრულ ინფორმაციას გადაცემენ. ჯგუფი ასევე იყენებს კომუნიკაციის არატრადიციულ მეთოდებს, არა მხოლოდ სოციალურ მედიას, არამედ იგივე ვიდეო თამაშებს. ყველაფერი ეს კი ჯგუფის გამოაშკარავებას ართულებს. დასავლეთისთვის რთულია „ისლამური სახელმწიფოსთვის“ თვალ-ყურის დევნება, რადგან დაჯგუფების წევრები ფიზიკურ შეხვედრებს არ მართავენ, აქტივობების დასაგეგმად ისინი ერთ ადგილას არ იკრიბებიან.“

ვულზის აზრით, ამერიკის და დასავლეთის მთავრობებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს “ისლამური სახელმწიფოსგან” მომავალი საფრთხეები და შესაბამისად, რეაგირებაც დააგვიანდათ, “მათ სათანადოდ ვერ განსაზღვრეს დაჯგუფების იმპერიად ჩამოყალიბების შანსები”. მისი თქმით ამერიკის უსაფრთხოების სამსახურებს ინფორმაცია დაჯგუფების აქტივობების და რისკების შესახებ ჰქონდა, თუმცა ამ ინფორმაციამ გამოხმაურება “თეთრი სახლის ბიუროკრატიაში ვერ ჰპოვა”.

კითხვაზე, როგორი უნდა იყოს ამერიკის სტრატეგია დაჯგუფებასთან ბრძოლაში, ვულზი ამბობს, რომ დასავლეთის რეაქცია რისკების შესაბამისი უნდა იყოს:

იზრდება შანსები იმისა, რომ ლტოლვილების დიდ ნაკადთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა ტერორისტებმაც შემოაღწიონ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სურვილზე დავრჩეთ ლტოლვილების მიწად.

„დაჯგუფებას საკუთარ თავს სახელმწიფოს უწოდებს, ის მოქმედებს როგორც სახელმწიფო, როგორც ტოტალიტარული სახელმწიფო. შესაბამისად, ის მზად უნდა იყოს, რომ შეერთებული შტატები, რუსეთი ან ნებისმიერი სხვა მის მოქმედებებს უპასუხებს ისე, როგორც ჩვენ თავის დროზე ნაცისტურ გერმანიას ვუპასუხეთ. „ისლამური სახელმწიფოსთვის“ ეს სახარბიელო ამბავი არ იქნება. ჩვენ შეიძლება ვუთხრათ - კი, ბატონო, გინდათ იყოთ იმპერია? გინდათ ჩვენი დაპყრობა? მაშინ მზად იყავით, რომ მოგექცევით ისე, როგორც ნაცისტურ გერმანიას მოვექეცით.“

დაზვერვის სამსახურის ყოფილი მეთაური ამერიკაში ლტოლვილების მიღებაზე მიმდინარე მწვავე დებატებსაც ეხმაურება. მისი აზრით, მართალია ქვეყანაში ლტოლვილების სტატუსით ტერორისტების შემოსვლის ასარიდებლად ამერიკამ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს, თუმცა მისი აზრით ამერიკის მთავრობისთვის ლტოლვილები შესაძლებელია ინფორმაციის კარგი წყაროები იყვნენ.

“რა თქმა უნდა, იზრდება შანსები იმისა, რომ ლტოლვილების დიდ ნაკადთან ერთად ქვეყანაში შესაძლოა ტერორისტებმაც შემოაღწიონ, ჩვენ გვქონდა ამის სულ მცირე ორი მაგალითი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს სურვილზე დავრჩეთ ლტოლვილების მიწად. შეერთებული შტატები ყოველთვის იყო ღია ხალხისთვის ვინც ომებს და ტერორისტებს გაურბის, ეს ასეც უნდა დარჩეს. ამ პროცესში განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს.”

ვულზი ასევე მიიჩნევს, რომ დაჯგუფების დასამარცხებლად კოალიციამ ამერიკის მეთაურობით საჰაერო იერიში უნდა გააძლიეროს, ამასთან ერთად ვულზი რამდენიმე ასეული სამხედროსგან შემდგარი სპეციალური დანაყოფის გაგზავნის მომხრეა.

XS
SM
MD
LG