პაკისტანის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იმრან ხანს, რომელსაც ბრალი ქრთამის აღების მუხლით აქვს წარდგენილი და სასჯელს იხდის, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, პოლიტიკაში ჩართულობა აეკრძალა.
ბრძანება პაკისტანის საარჩევნო კომისიამ გამოსცა. საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" კომისიის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, რომ ყოფილ პრემიერს წაყენებული ბრალის გამო ვერ შეეძლება პოლიტიკურ მოვლენებში მონაწილეობა.
"იმრან აჰმად ნიახი დისკვალიფიცრებულია მომდევნო 5 წლით", - ნათქვამია კომენტარში.
პაკისტანის კანონმდებლობის მიხედვით, მსჯავრდებულ პირს არ შეუძლია საჯარო თანამდებობის დაკავება, ან მისთვის არჩევნების გზით ბრძოლა იმ პერიოდის განმავლობაში, რასაც მას საარჩევნო კომისია დაუწესებს. არჩევნებში მონაწილეობა პირს პატიმრობის ვადის დაწყებიდან, შესაძლოა, მხოლოდ 5 წლით შეეზღუდოს.
"ვიცოდით, რომ ამის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო" ,- განაცხადა ხანის თანაშემწემ, ზულფიკარ ბუხტარმა. მანვე თქვა, რომ ყოფილი პრემიერის პარტია ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს და იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება.
ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს 2018-2022 წლებში, სახელმწიფოსთვის გადაცემული საჩუქრების გაყიდვა ედება ბრალად. ხანს ბრალი დაუდასტურდა და სამწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ქვეყნის ყოფილი პირველი პირი თავისივე რეზიდენციაში დააკავეს და ის ახლა სასჯელს ისლამაბადთან ახლოს მდებარე საპატიმროში იხდის.
ხანის იურისტებმა პატიმრობის შესახებ განაჩენი გაასაჩივრეს და ამ საქმესთან დაკავშირებით პირველი მოსმენა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გაიმართება.