ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის არმიამ ორი ოფიცერი გაათავისუფლა


ღაზის სექტორში, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის და ავსტრალიის მოქალაქეების დაღუპვის საქმესთან დაკავშირებით, 5 აპრილს, ისრაელის არმიამ ორი სამხედრო მოსამსახურე დაითხოვა. ინფორმაციას ისრაელის ხელისუფლება ავრცელებს.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიებამ რამდენიმე პირის დანაშაული დაადგინა. ამის გამო, ორი სამხედრო დაითხოვეს, რამდენიმეს კი საყვედური გამოუცხადეს.

ინციდენტი, რომლსაც ისრაელი იძიებდა, კვირის დასაწყისში მოხდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში იერიშები განახორციელეს კოლონაზე, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა 7 მოხალისე, რომლებიც პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის მოქალაქეები იყვნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედროების და პასუხისმგებელი პირების მიერ, ჰუმანიტარული დახმარების სამი მანქანის არასწორად იდენტიფიცირება მოხდა. ეს მანქანები დაკავშირებული იყო საერთაშორისო სასურსათო დახმარების ჯგუფებთან, რომელთაც ღაზის სექტორში კრიტიკულად საჭირო საკვები მიჰქონდათ.

ისრაელის გამოძიებამ დაადგინა, რომ საავტომობილო კოლონაზე განხორციელებული საჰაერო იერიშები „სერიოზული დარღვევებით“ განხორციელდა. განცხადება ასევე ამბობს, რომ ისრაელი სერიოზულად ეკიდება მომხდარს და დაღუპული მოხალისეების ოჯახების მისამართით სამძიმარს გამოთქვამს.

ისრაელმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა და თქვა, რომ ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის გაიოლების მიზნით, გახსნის ღაზის სექტორის ჩრდილოეთში მნიშვნელოვან სასაზღვრო პუნქტ - ერეცს და ამ მიმართულებით სხვა ნაბიჯებსაც გადადგამს. ღაზის სექტორში უკიდურესად მწვავე ჰუმანიტარული ვითარებაა, მოსახლეობა საკვების, წყლის, მედიკამენტების და სხვა საარსებო საშუალებების დეფიციტს განიცდის.

7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან "ჰამასის" მიერ ისრაელზე თავდასხმის პასუხად დაწყებულ, ისრაელის ოპერაციას, სექტორში მსხვერპლი, ნგრევა და ლტოლვილთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა მოჰყვა. "ჰამასის" მიერ კონტროლირებული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ოპერაციებს 33 000-ზე მეტი პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა.

ისრაელში "ჰამასის" თავდასხმის გამო, 1 200 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 240 მძევლად იქნა აყვანილი. მათი ნაწილი ნოემბერში გაათავისუფლეს, ნაწილი დაიღუპა. ვარაუდობენ, რომ 100-ზე მეტი მძევალი კვლავ "ჰამასის" ტყვეობაში რჩება, ორგანიზაციის, რომელიც შეერთებულ შტატებს და დასავლეთის ბევრ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციათა სიაში ჰყავს შეყვანილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG