ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ღაზაში სამიზნეებს უტევს, ელოდება "ჰამასის" პასუხს სამ მძევალზე


ღაზის სექტორი. ისრაელის სამხრეთ ნაწილიდან გადაღებული ფოტო. 15 იანვარი, 2024 წ.
ღაზის სექტორი. ისრაელის სამხრეთ ნაწილიდან გადაღებული ფოტო. 15 იანვარი, 2024 წ.

ისრაელის ძალებმა ორშაბათს, 15 იანვარსაც დაბომბეს ღაზის სამხრეთის, ჩრდილოეთის და ცენტრალური ნაწილის სამიზნეები. ეს იმ ფონზე ხდება, როცა გასულ უქმეებზე, "ჰამასმა" გაავრცელა ვიდეო, რომელშიც პალესტინელთა დაჯგუფების მებრძოლები, სამი ისრაელელი მძევლის ბედზე საუბრობენ.

დაბომბვის შედეგად, ქალაქ ღაზის ერთ-ერთ სახლში, ღამით, 12 პალესტინელი დაიღუპა და ბევრი დაიჭრა, - აცხადებენ ადგილობრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები, რომელთაც "ჰამასი" აკონტროლებს. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში, მსხვერპლმა პალესტინელებს შორის 132-ს მიაღწია.

ისრაელმა ტანკებით დაბომბა სექტორის სამხრეთ ნაწილის მთავარი ქალაქი ხან-იუნისიც. "ჰამასთან" ასოცირებული საინფორმაციო სააგენტო "საფა" იტყობინება, რომ მათ მებრძოლებს და ისრაელს შორის, ხან-იუნისში მწვავე შეტაკებები გაიმართა. გავრცელებულ ვიდეოებში ისრაელის ტანკები ალ-ბურეჯთან და ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკთანაც იმყოფებიან, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში.

პალესტინელი ჟურნალისტი დოა ელ-ბაზი აჩვენებს კადრებს იმ ქუჩიდან, სადაც ის ცხოვრობდა. "მთელი ეს უბანი დანგრეულია. არცერთი სახლი არ დარჩენილა", - ამბობს ის. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ადგილზე შეუძლებელია, ვინაიდან სექტორის სანაპირო ზოლზე კომუნიკაცია ზედიზედ მეოთხე დღეა შეწყვეტილია.

ისრაელის მხარე აცხადებს, რომ მათ საავიაციო იერიშის შედეგად, ორი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს, რომელთაც ხან-იუნისში მანქანით იარაღი გადაჰქონდათ. ისრაელი ასევე იტყობინება, რომ რეიდის დროს, მათ ხან-იუნისში დაარბიეს "ჰამასის" მართვის ცენტრი და იარაღის ორი საწყობი ააფეთქეს.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ კონფლიქტი სულ ცოტა, რამდენიმე თვე გაგრძელდება. ეს დრო დასჭირდება უფრო მიზანმიმართულ ოპერაციებს "ჰამასის" ლიდერებისა და მათი პოზიციების წინააღმდეგ, ღაზისს სექტორის სამხრეთში, მის ცენტრალურ ნაწილში და მჭიდროდ დასახლებულ ჩრდილოეთში.

მძევლების ბედი

უქმეებზე "ჰამასმა" ისრაელიდან გატაცებულ სამ ადამიანზე მოკლე ვიდეო გაავრცელა. მათი ბედი ჯერ ისევ გაურკვეველი რჩება. ისინი იმ 240 მძევალს შორის იყვნენ, რომლებიც "ჰამასის" ისლამისტმა მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, სამხრეთ ისრაელის საზღვრისპირა ნაწილზე თავდასხმის დროს გაიტაცეს.

მოულოდნელმა თავდასხმამ ისრაელში 1 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ისრაელმა, პასუხად, "ჰამასს" ომი გამოუცხადა და ღაზის სექტორში საჰაერო და სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. ინტენსიური დაბომბვის შედეგად, ღაზის ნაწილი ნანგრევებად იქცა. ჯანდაცვის ადგილობრივ ოფიციალური პირთა დაუდასტურებელი ცნობებით, ომის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 24 000-ს აჭარბებს, დაჭრილთა რაოდენობა კი 61 000-ს აღწევს.

ღაზის სექტორში, დაახლოებით, 2 მილიონი ადამიანი დევნილად იქცა. რეგიონში შექმნილი უმწვავესი ჰუმანიტარული ვითარების გამო, გაერომ დღესაც გაიმეორა მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის და ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადების საჭიროებაზე.

გაეროს ჯანდაცვის მთავარი უწყების ლიდერის განცხადებით, "დახმარების შეუფერხებლად და უსაფრთხოდ მისაწოდებლად", საჭიროა ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება. ეს ნაბიჯი აუცილებელია, რათა "თავიდან ავიცილოთ შემდგომი სიკვდილი და ტანჯვა”, - თქვა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა. მისი თქმით, რეგიონში გამეფებული შიმშილი კიდევ უფრო დააზარალებს ავადმყოფებს და იქ შექმნილ "ისედაც საშინელ ვითარებას, კატასტროფულს გახდის".

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG