ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის მოლოდინში


გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის მოლოდინში

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პალესტინის სახელმწიფოებრიობის საკითხი ჩავარდება. ამის შესახებ დღეს ბენიამინ ნეთანიაჰუმ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მშვიდობა მხოლოდ „პირდაპირი მოლაპარაკებების“ გზით მიიღწევა.

„ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩვენს პალესტინელ მეზობლებთან, თუკი ისინი ამისთვის მზად არიან. მე ვფიქრობ, ეს საბოლოოდ მოხდება, მას შემდეგ რაც ნისლი გაიფანტება და გაეროში ყველაფერი დასრულდება, პალესტინელები ამ საკითხს დაუბრუნდებიან,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პალესტინელები კი აცხადებენ, რომ ისინი გაეროს უშიშროების საბჭოს გაეროს წევრობის მიღების თხოვნით მიმართავენ. თუმცა, ვაშინგტონი აცხადებს, რომ თუ საკითხმა უშიშროების საბჭომდე მიაღწია, შეერთებული შტატები მას ვეტოს დაადებს. ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის საკითხზე შექმნილი საერთაშორისო ოთხეული კი დღეს მორიგ შეხვედრას ნიუ-იორკში მართავს. ისინი ეცდებიან პალესტინელთა დარწმუნებას, რომ უარი თქვან მათი სახელმწიფოებრიობის აღიარების მცდელობაზე. საერთაშორისო ოთხეულში შეერთებული შტატები, გაერო, ევროკავშირი და რუსეთი შედიან.

XS
SM
MD
LG