ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა სირიაში ირანის მხარდაჭერილ ჯგუფებზე იერიში მიიტანა


29 მარტის დილას, ჩრდილოეთ სირიის ალეპოს პროვინციაზე, ისრაელმა თავდასხმები განახორციელა და განაცხადა, რომ მოკლა "ჰეზბოლას" უფროსი მეთაური. ღაზაში ომის პარალელურად, ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ კამპანიას აძლიერებს.

ისრაელმა გააძლიერა საჰაერო თავდასხმები სირიაში, როგორც ლიბანის "ჰეზბოლას" დაჯგუფების, ასევე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) წინააღმდეგ. ეს მას შემდეგ, რაც გასული წლის 7 ოქტომბერს, აშშ-ისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული "ჰამასი" ისრაელს თავს დაესხა, შედეგად კი 1200 ადამიანი მოკლა, 200 მეტი კი მძევლად აიყვანა. საპასუხოდ წამოწყებული ისრაელის ომის შედეგად, "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, 30 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის სამხედროებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ლიბანში, ბაზურიეს რაიონში, საჰაერო თავდასხმისას მოკლეს "ჰეზბოლას" სარაკეტო დანაყოფის მეთაურის მოადგილე ალი აბედ ახსან ნაიმი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ის იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი და რომ ის პასუხისმგებელი იყო ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმების განხორციელებასა და დაგეგმვაზე.

ისრაელი და "ჰეზბოლა" ასევე ცვლიან ცეცხლს ლიბანის სამხრეთ საზღვრის გასწვრივ.

ისრაელის ათამდე ჯარისკაცი და ნახევარი ათეული მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა ჩრდილოეთ ისრაელში, ხოლო "ჰეზბოლას" სულ მცირე 270 მებრძოლი და 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, სამხრეთ ლიბანზე, ისრაელის თავდასხმების შედეგად.

სირიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის თავდასხმებმა ალეპოს პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხუთშაბათს, დილის 01:45 საათზე, რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო პერსონალის დაღუპვა გამოიწვია.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა უარი თქვა კომენტარზე. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ნასერ ქანაანმა თქვა, რომ სირიაზე ისრაელის თავდასხმები ომის გაფართოების "უხეში და სასოწარკვეთილი მცდელობაა".

სამმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო “როიტერს” განუცხადა, რომ თავდასხმების შედეგად დაიღუპა 33 სირიელი და "ჰეზბოლას" ხუთი მებრძოლი. ჰეზბოლას ერთ-ერთი მებრძოლი ადგილობრივი საველე მეთაური იყო, რომლის ძმაც, ნოემბერში, სამხრეთ ლიბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა, თქვა ერთ-ერთმა წყარომ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG