ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარულ ფლოტილიის ინცინდენტს აკრიტიკებენ


ჰუმანიტარულ ფლოტილიის ინცინდენტს აკრიტიკებენ

ისრაელის მთავრობამ ღაზას სექტორში მიმავალ ფლოტილიაზე განხორციელებული თავდასხმის პირველი გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა.

ისრაელის სამხედროების მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ისრაელის არმია ღაზას საზღვაო ბლოკადის გასარღვევად მიმართულ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ექვსი კვირის წინ განხორციელებული რეიდისთვის ცუდად იყო მომზადებული. როგორც ცნობილია, რეიდის შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა, როცა ისრაელის სპეციალური დანიშნულების ძალები შვეულმფრენებიდან გემების ბორტზე გადმოსხდნენ. ისრაელის მთავრობის განცხადებით, ისინი თავს იცავდნენ პრო-პალესტინელი აქტივისტებისგან, რომლებსაც ხელკეტები და დანები ეკავათ.

გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ისრაელის სამხედრო დაზვერვამ სათანადოდ ვერ შეაფასა პრო-პალესტინელი აქტივისტების წინააღმდეგობა. ამას გარდა შედგენილი სამოქმედო გეგმა შეცდომებს შეიცავდა. მაგალითად, ისრაელის საგანგებო დანიშნულების ძალები საღებავებით მსროლელი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი რადგან ისინი მხოლოდ პასიურ წინააღმდეგობას ელოდნენ.

ისრაელელი ანალიტიკოსის რაანან გისინის თქმით:

„სტრატეგიული თვალსაზრისით, უწინარეს ყოვლისა, უნდა გაგაჩნდეს შესაბამისი სადაზვერვო მასალა, მაგრამ ეს ინფორმაცია სწორი უნდა იყოს, რათა ჩვენ შეგვეძლოს ყველაფრის თავიდან აცილება.“

გამოძიება მაღალჩინოსნების გადაყენებას არ ითხოვს და ყოფილ გენერალ იაკოვ ამიდრორს მიაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ამასთან დაკავშირებით იგი ამბობს:

„მე არა მგონია, რომ ჩვენ უნდა დავითხოვოთ ეს ხალხი, რადგან თუ ჩვენ დავითხოვთ იმ პირებს, რომლებმაც შეცდომები ჩაიდინეს, ჩვენ დიდძალ გამოცდილებას დავკარგავთ. მე მიმაჩნია, რომ ჩვენი საქმიანობის გაუმჯობესების ერთი მეთოდია შეცდომებისგან მიღებული გამოცდილების შეთვისება.“

ისრაელის მთავრობამ შეამსუბუქა ღაზას სექტორზე დაწესებული ბლოკადა მას შემდეგ რაც ფლოტილიაზე განხორციელებულმა რეიდმა საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთება გამოიწვია. მაგრამ საზღვაო ბლოკადა კვლავინდებურად ძალაშია ღაზაში მოქმედი პალესტინური დაჯგუფება ჰამასისთვის შეიარაღების მიწოდების აღკვეთის მიზნით.

ისრაელის არმიის ანგარიშის გამოქვეყნების ფონზე, ლიბიაში მდებარე საქველმოქმედო ორგანიზაციის გემი ღაზას მიმართულებით გაემგზავრა და აპირებს საზღვაო ბლოკადის გარღვევას. ისრაელის მთავრობამ მოუწოდა გემს აიღოს გეზი ახლომდებარე ეგვიპტის ელ-არიშის პორტის მიმართულებით, მაგრამ ხომალდი კვლავინდებურად ღაზას საზღვაო ბლოკადის გარღვევას აპირებს და ისრაელის საზღვაო ძალები მისი გაჩერებისთვის ემზადებიან.

XS
SM
MD
LG