ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საგადასახადო სკანდალს კონგრესი იძიებს


საგადასახადო სამსახურის მაღალჩინოსნები კონგრესმენების კითხვებზე პასუხებს თავს არიდებენ

საგადასახადო სამსახურის ოფიციალური პირი, რომლის ჩვენებებს ყველა ასე ელოდა, - ლუის ლერნერი, კონსერვატულ „ჩაის სმის მოძრაობასთან“ დაკავშირებულ სკანდალზე კონგრესში დაგეგმილ მოსმენაზე ჩვენების მიცემისგან უარს აცხადებს. ამის გამო კონგრესში რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიების მხრიდან გაღიზიანება და იმედგაცრუება გაჟღერდა.

საშინაო საგადასახადო შემოწმების სამსახურის წარმომადგენელი ლუის ლერნერი იყო ოფიციალური პირი, ვისი ინფორმაციის მოსმენაც ყველაზე მეტად სურდა კონგრესს, თუმცა მან კონსტიტუციის მეხუთე შესწორებით მინიჭებული უფლება გამოიყენა, რომელიც საკუთარი ბრალეულობის თავიდან აცილების მიზნით წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და სამთავრობო რეფორმების სხდომაზე დასმული კითხვებისთვის თავის არიდებას გულისხმობს. საკომიტეტო მოსმენა სამშაბათს გაიმართა.

ლერნერი, რომელიც საგადასახადო სამსახურის, გადასახადებისგან გათავისუფლებული ორგანიზაციების დეპარატამენტის უფროსია, აცხადებს რომ მას ადვოკატმა ურჩია, რომ არცერთ კითხვაზე არ ეპასუხა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავდა რომ მას ამ სკანდალში ბრალი მიუძღვის.

ლუის ლერნერი: მე დანაშაული არ ჩამიდენია. არ დამირღვევია კანონი. არც საგადასახადო სამსახურის წესები და კანონმდებლობა. ასევე კონგრესის ამ თუ სხვა კომიტეტისთვის არასოდეს მიმიწოდებია მცდარი ინფორმაცია. განაცხადა ლუის ლერნერმა.

სამხრეთ კაროლინის შტატის რესპუბლიკელი კონგრესმენი ტრეი გაუდი ლერნერის საქციელმა აღაშფოთა, ვინაიდან მან საკუთარი არგუმენტების დასახელების შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემა აღარ მოისურვა.

ტრეი გაუდი: იგი კონგრესში მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებისთვის იყო დაბარებული. და მან თავის მეხუთე შესწორების კონსტიტუციური უფლება გამოიყენა. არასწორია, როცა ამბის მხოლოდ საკუთარ ვერსიას ყვები და შემდეგ უარს აცხადებ ჯვარედინ კითხვებზე პასუხი გასცე. ეს არ არის სწორი საქციელი-თქვა კონგრესმენმა.

მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარემ რესპუბლიკელმა დერილ ისამ, რომელმაც უხალისოდ გაუშვა ლერნერი, განაცხადა რომ მას მეხუთე შესწორების გამოყენების უფლება ჰქონდა.

კომიტეტის რესპუბლიკელებმა და დემოკრატმა კანონმდებლებმა ამის შემდეგ სხვა მოწმეების მისამართით მწვავე კითხვების დასმა განაგრძეს. განსაკუთრებული წნეხის ქვეშ გაატარეს საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელი დუგლას შულმანი, რომელმაც სამსახური ნოემბერში, თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლის შედეგად დატოვა.

შულმანმა აღიარა, რომ საგადასახადო სამსახურის თანამშრომლების ქმედება შეუფერებელი იყო როდესაც გარკვეულ კრიტერიუმებში აქცევდნენ „ ჩაის სმის “ და „პატრიოტის“ სახელის შემცველ მოძრაობებს, იმისათვის რომ მათთვის დამატებითი კითხვების დასმა, დამატებითი ანალიზი გამხდარიყო საჭირო. ეს კი მათი გადასახადებიდან გათავისუფლებაზე შეტანილი დოკუმენტაციის დასრულების დაგვიანებას იწვევდა. თუმცა შულმანი უარყოფს, რომ მან არასწორი ქმედება ჩაიდინა კონგრესთან ან რაიმე ინფორმაცია დაუმალა ამის შესახებ, რაც მისი თქმით მისთვის ცნობილი 2012 წლის გაზაფხულისთვის გახდა.

მასაჩუსეთის შტატის დემოკრატი კონგრესმენი სტივენ ლინჩი უკიდურესად გაღიზიანდა.

სტივენ ლინჩი: შულმანმა კონგრესი დაბნეულობაში შეიყვანა. მისი აზრით, ამას კითხვაც არ უნდა. კონგრესს ჯერ ერთი რამ განუცხადა შულმანმა, და როდესაც მიხვდა რომ კანონმდებლების ეჭვები სამართლიანი იყო და არსებობდა სიები ამასთან დაკავშირებით შულმანმა არაფერი მოიმოქმედა,-განაცხადა სტივენ ლინჩმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ დერილ ისამ პირობა დადო რომ მისი კომიტეტი მანამდე გამოიძიებს საგადასახადო სამსახურის შესახებ სკანდალს, ვიდრე არ გაირკვევა თუ ვისი უშუალო დავალებით ხდებოდა კონსერვატული ჯგუფების მიზანში ამოღება. „ჩაის სმის მოძრაობის“ აქტივისტებმა შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქებში ამ კვირაში საგადასახადო სამსახურის ქმედებების საწინააღმდეგოდ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს.
XS
SM
MD
LG