ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

IRI-ის პრეზიდენტი: სასამართლო არ უნდა იყოს ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად გამოყენებული


დენიელ ტვაინინგი, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" პრეზიდენტი
დენიელ ტვაინინგი, "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" პრეზიდენტი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტი, დენიელ ტვაინინგი გიგი უგულავას დაკავების საქმეს ეხმიანება. ის აცხადებს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ოპოზიციის წინააღმდეგ სასამართლოს იარაღად გამოყენება დაუშვებელია.

„საქართველოს დემოკრატია ზეწოლის ქვეშაა. დემოკრატიაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო ინსტიტუტებზე სახელმწიფოს კონტროლი, დემოკრატიული პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ იარაღად არ შეიძლება იყოს გამოყენებული. დემოკრატიის არსი მდგომარეობს პარტიებს შორის ჯანსაღ პოლიტიკურ შეჯიბრში და თანაბარ თამაშის წესებში, რომელიც მიუკერძოებელი კანონის უზენაესობით იმართება. ის მდგომარეობს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში იმის უზუნველსაყოფად, რომ ლიდერები რჩებიან ანგარიშვალდებულნი ხალხის წინაშე და არ იყენებენ ძალაუფლებას ბოროტად, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების, თავისუფალი მედიის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ.

შეერთებულ შტატებში, ისევე როგორ საქართველოში, არსებობს შეშფოთება საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის დიდ მისწრაფებას იყოს დასავლეთის ნაწილი“, - ნათქვამია ტვაინინგის განცხადებაში, რომელიც მან წერილობით „ამერიკის ხმის“ კითხვაზე პასუხად გააკეთა.

გიგი უგულავასთვის პატიმრობის კიდევ ერთხელ მისჯას, აფასებს კარნეგის ფონდის უფროსი მკლევარი პოლ სტრონსკიც. სტრონსკი, რომელიც საქართველოს საკითხებზე მუშაობს, ამბობს, რომ ეს ნაბიჯი პოლიტიკურად მოტივირებულს გავს.

„დაბეჯითებით ვერ ვიტყვი, რომ ეს ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიის საფრთხეში ყოფნას ნიშნავს. თუმცა, ვიტყოდი: ეს აჩვენებს, რომ საქართველოს დემოკრატია არაა ჩამოყალიბებული. საქართველოში ეს თარგი ადრეც გვინახავს, როცა ლიდერი დემოკრატიული დაპირებებიდან, არადემოკრატიულ ტენდენციებში ინაცვლებს.

მე არ ვიცი გიგი უგულავას კორუფციის საქმის დეტალები. სააკაშვილის პერიოდიდან ბევრი პრობლემა შემორჩა და არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამ საქმის უკან. თუმცა, ადამიანმა უკვე მოიხადა სასჯელი და მეორედ მისი დევნა, ნამდვილად გამოიყურება ძალზედ პოლიტიკურად, მაშინ როცა ის უფრო აქტიური გახდა „ევროპულ საქართველოში“, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა ხდება. ეს ნამდვილად გამოიყურება როგორც შერჩევითი სამართლებრივი დევნა და არასწორი ნაბიჯია", - აცხადებს ის.

უგულავას დაკავების შემდეგ, განცხადებები გააკეთა ასევე ამერიკის, და ბრიტანეთის საელჩოებმა, შეერთებული შტატების სენატის და კონგრესის წარმომადგენლებმა.

10 თებერვალს, უზენაესმა სასამართლომ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობა 3 წლით, 2 თვით და 8 დღით განუსაზღვრა. საპასუხოდ, ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა.

მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და "ქართულ ოცნებას" შორის, 2019 წლის დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობდა და მასში დიპლომატიური კორპუსიც მონაწილეობდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეები მას შემდეგ დასხდნენ, რაც საქართველოს პარლამენტმა დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები ჩააგდო და ცნობილი გახდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით 2020 წლის არჩევნები აღარ გაიმართებოდა.

პარტია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, პარტიის სახელით ოპოზიციურ ძალებს დაპირება 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მისცა. თუმცა, რამდენიმე თვეში, "ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG