ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი ირანისგან კონკრეტულ ქმედებას მოელის


ოქტომბრის ბოლოს გაეროს ატომური ენერგიის საზედამხედველო ორგანიზაციასთან გამართულმა მოლაპარაკებებმა სააგენტოს და ირანს შორის ურთიერთობა „მკვდარი წერტილიდან“ დაძრა


იმ დროს, როცა გაეროს ატომური ენერგიის სააგენტო, ბირთვული ობიექტების დიდი ხნით დაგვიანებული შემოწმების თემაზე ირანთან „ნაყოფიერი“ მოლაპარაკებების შესახებ იუწყება, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ მიესალმება იმის შემოწმების საშუალების გაჩენას, აპირებს თუ არა ირანი დაექვემდებაროს საერთაშორისო სტანდარტებს. სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი :

„ზოგი მიანიშნებდა, რომ როგორღაც, რაღაც არასწორი იყო ამის გამოცდაშიც კი. მე ვამბობ, რომ იმის გაფიქრებაც კი, რომ შეერთებულ შტატებს, როგორც მთელს კაცობრიობაზე პასუხისმგებელ ქვეყანას რომ არ ეცადა ამ შესაძლებლობის გამოყენება, ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობის მწვერვალი და თავისთავად საფრთხის შემცველი. ჩვენ არ დავნებდებით დაშინების ტაქტიკას და იმ ძალებს, რომლებიც სხვაგვარ მოქმედებას გვირჩევენ.“

მათ შორის, ვინც ირანის ახალი მთავრობის უვერტიურას შეშფოთებით უყურებს, არიან ამერიკის დიდი ხნის მოკავშირეები, ისრაელი და საუდის არაბეთი. ისრაელის იუსტიციის მინისტრი ციპი ლივნი:

„როცა ვისმენთ საუბარს საუდის არაბეთის მხრიდან იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს რათა არ დავუშვათ ბირთვული იარაღით აღჭურვილი ირანი, ეს ნაცნობად ჟღერს. ვფიქრობ შეგიძლიათ გაიგონოთ, რომ არაბული ებრაულის მსგავსად ჟღერს, როცა საქმე ირანს ეხება.“

ის ამბობს, რომ ისრაელს სურს ითანამშრომლოს იმ არაბულ მთავრობებთან, რომლებსაც ირანის საკითხი მათ მსგავსად აღელვებს.

„სამწუხაროდ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის ღია კონფლიქტი მათთვის შეუძლებელს ხდის ან უაღრესად აძნელებს იმოქმედოს ირანის წინააღმდეგ ისრაელთან ერთად. იმიტომ, რომ როცა მათივე სახელმწიფოში საქმე მიდგება საზოგადოებრივ აზრზე, ისრაელი ისევ მტრად რჩება.“

ამერიკის ყოფილი ელჩი ადამ ერელი ამბობს, რომ ვაშინგტონმა საკმარისი არ გააკეთა იმისთვის, რომ შეერბილებინა საუდის არაბეთის და ისრაელის შეშფოთება ამ ბირთვული მოლაპარაკებების გამო.

„მათი ნერვიულობა გასაგებია, რადგან ისინი ხედავენ თუ რა ხდება ვაშინგტონში და ნიუ იორკში. კერძო საუბრებში კი ამერიკის მთავრობის მაღალი დონეებიდანაც განსხვავებული არაფერი ესმით.“

მას მიაჩნია, რომ ირანის ზრახვების გამო ნერვიულობას კარგი საფუძველი გააჩნია.

„მე ვფიქრობ, რომ მათი მიზანია ბირთვული იარაღის შექმნა და ისინი არ დათანხმდებიან ისეთ შეზღუდვებზე, რაც მათ ამაში ხელს შეუშლის, თუნდაც ამ შეზღუდვებს სანქციების მოხსნაც მოჰყვეს.“

ირანი ამბობს, რომ არ ცდილობს ატომური იარაღის შემუშავებას და მშვიდობიან, სამოქალაქო ბირთვულ პროგრამას ახორციელებს. სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლოს, გაეროს ატომური ენერგიის საზედამხედველო ორგანიზაციასთან გამართულმა მოლაპარაკებებმა „მკვდარი წერტილიდან“ დაძრა ურთიერთობა ირანსა და ამ სააგენტოს შორის.

ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი აქბარ აჰმედი ამბობს, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი, პრეზიდენტად ჰასან როჰანის არჩევას მოჰყვა, რომელიც ირანის ახალ კურსს ამკვიდრებს.

„ვფიქრობ, შვებით ამოსუნთქვის ხმა ირანიდან უკვე გვესმის იმის გამო, რომ ჩვენ უნდა ვიმუშაოთ საერთაშორისო ფორმატში, ქვეყნების თანამეგობრობის ჩარჩოებში და სიცივიდან დავუბრუნდეთ სითბოს.“

სახელმწიფო მდივანი კერი ამბობს, რომ ის ირანისგან კონკრეტულ ქმედებას მოელის.

„ჩვენ თვალები ფართოდ გვაქვს გახელილი. ქმედებები რეალური უნდა იყოს. ყველაფრის სრულად გადამოწმება უნდა იყოს შესაძლებელი. მათ ეს საქმე უნდა შეასრულონ. სიტყვები საქმეს ვერ შეცვლიან.“

სახელმწიფო მდივანი კერი ამბობს, რომ მხოლოდ გადამოწმებადი ქმედებები გამოიწვევს ამერიკული და ევროკავშირის იმ სანქციების შერბილებას, რომლებმაც ირანის ნავთობის ექსპორტი დღეში ერთ მილიონ ბარელზე მეტით შეკვეცეს და გამოიწვიეს ინფლაცია და ირანის ვალუტის ღირებულების ვარდნა.
XS
SM
MD
LG